U21 ნაკრები – სანამ ურემი გადაბრუნებულა

VIDEO ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
სექტემბერი 27, 2021
700 ათასი ევრო მამარდაშვილის სანაცვლოდ – ვალენსია კონტრაქტს გამოისყიდის
სექტემბერი 27, 2021

მოგეხსენებათ, UEFA-ს გადაწყვეტილებით,  2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს რუმენეთი და საქართველო 9 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებენ.

საქართველოს უფრო დაბალი ასაკობრივი ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და იქ ღირსეული ასპარეზობა არაერთხელ გვინახავს. 21-წლამდელთა ნაკრები კი, ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ეს ის ეტაპია, რომელმაც უამრავი მწვრთნელის რეპუტაცია შეიწირა. ეს ყველაფერი ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმატებულ ნაკრებად ქცევის სირთულეს ნათლად გამოხატავს.

ზოგად მოცემულობაში, ჩვენ, გრძელვადიანი პროგრამების შედგენა ან კონკრეტულ ეტაპზე,~ კონკრეტულ კონდიციაში მისვლა “არ გვიყვარს”. გვირჩევნია, რომ დღეს დავიწყოთ რაღაცისთვის მომზადება და შედეგიც მყისიერად მივიღოთ. თუმცა ეს ასე არ ხდება და ამის გაგება არც ფეხბურთის მესვეურებს, არც გულშემატკივარს არ გვსურს.

თაობა, ვისი შეთამაშება და 2023-ის ივნისში სათამაშო პიკზე მისვლა მთავარი მიზანი უნდა იყოს

ამ ტურნირზე ასპარეზობა 2020 წლის პირველ იანვარს და მას შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელებს შეეძლებათ. გულწრფელად რომ ვთქვათ, 21-წლამდელთა ნაკრები და მისი შედეგი პრიორიტეტი არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციოს დაწყებამდე სულ სხვაგვარი სურათის დახატვა ხდებოდა, იყო საუბარი, რომ არაფერს დავაკლებთ და მაქსიმალურად ავითვისებთ ჩვენს რესურს. ეს მხოლოდ “სადღეგრძელოდ” თუ გამოდგებოდა.

სურათი არც დღესაა განსხვავებული. რა თქმა უნდა, ჩვენი მწირი რესურსი ყოველთვის იმ არჩევნის წინაშე გვაყენებს, გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები, ეროვნულ ნაკრებს დავუთმოთ, თუ ახალგაზრდული ნაკრების განაცხადში მოვიაზროთ. საბოლოო ჯამში, არჩევანი ყოველთვის იდენტურია, საქართველოს პირველ ნაკრების სასარგებლოდ.

მგონი დროა დავფიქრდეთ, რომ ეს ის ევროპის ჩემპიონატია, სადაც თამაშის და წარმატებულად ასპარეზობის საშუალება მხოლოდ ახლა გვეღირსა. დროა, ახალგაზრდულ გუნდში ჩამოყალიბდეს ის ბირთვი, ვინც 2023 წლის ევროპამდე ნაბიჯ-ნაბიჯ განსაზღრული პროგრამით ივლის და ამ შემთხვევაში მაინც, ტურნირის დაწყებამდე 2-3 კვირით ადრე აღარ დავიწყებთ ჩამოყალიბებას, რა გვსურს ან რატომ.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა უტოპიადაც მოსჩანდეს, რომ ჩვენ, შესაძლოა გრძელვადიან და გარკვეულ პერიოდში განსაზღვრული ეტაპი გავიაროთ, მაგრამ სხვაგვარად რაიმე ღირებულის შექმნა პრაქტიკულად გამორიცხულია.

ბევრი ცნობილი და ბევრიც უცნობი სახე, ვინც შეიძლება ამ ფორმაციის ნაკრებში მოიაზრებოდეს

ზოგადად, ეს ის ასაკია, სადაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი საინტერესო სახე გვხვდება და მწვრთნელსაც დიდი თავსატეხი უჩნდება თუ ვინ უნდა გამოიძახოს და ვინ დატოვოს განაცხადს მიღმა.

ფეხბურთელები, ვისაც პოტენციურად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა შეეძლება, როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე ეროვნულ ლიგაში, ბევრია: გიორგი მამარდაშვილი, საბა ხვადაგიანი, ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია. ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, ვინც ეროვნულ გუნდში უკვე თამაშობს.

მათ გარდა, არსებობს ფეხბურთელთა ნაწილი, ვისაც ამ დრომდე 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის საშუალება ჯერაც არ მისცემია. მათ შორის არიან: ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი აბუაშვილი (პორტო, პორტუგალია), დავით ლორთქიფანიძე (კარპი, იტალია), შალვა ოგბაიძე (ვიქტორია ბერლინი, გერმანია), ლუკა ლობჟანიძე (მოლფეტა, იტალია).

რა თქმა უნდა, რამაზ სვანიძეს საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია ერგო. ის ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა წარმატებული გუნდის ჩამოსაყალიბებლად, ხოლო  იმ შემთხვევაში თუ  ევროპის ტოპ გუნდები ოპტიმალური შემადგენლობებით ჩამოვლენ და ჩვენ  ძველებურად შეუმდგარი და მხოლოდ “უფალს მინდობილნი” დავხვდებით, მაშინ ყველა ჯოხის მწვრთნელზე გადატეხვა, ერთმნიშვნელოვნად არასწორი იქნება.

ის კი, ვინც იმ პათოსს გააძლიერებს, რომ ჯერ წინ ორი წელია და გუნდის შენება, ნებისმიერი ფორმის გუნდის, ნახევარი წლით ადრე უნდა დავიწყოთ, ჩემი სუბიექტური აზრით, სასარგებლო იდიოტია.