ეროვნული ლიგა 2: გაგრა ერთპიროვნულად გალიდერდა

ჩაკვეტაძე ბელგიაში ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს
სექტემბერი 28, 2021
“ურთულესი ჯგუფია, მაგრამ ყველასთან ბოლომდე ვიბრძოლებთ” – ბითაძე
სექტემბერი 28, 2021

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა – 5 მატჩში ჯამში 17 გოლი გავიდა. ერთადერთი მატჩი, რომელიც გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, სიონისა და თბილისის მერანს შორის გამართული შეხვედრა იყო. სიონი ამ ტურამდე ჩემპიონატს ლიდერობდა და ქულების დაკარგვის შემთხვევაში, შანსი იყო პირველობა დაეთმო.

ასეც მოხდა. კონკურენტის ქულების დაკარგვით ისარგებლა გაგრამ, რომელმაც თეიმურაზ მარკოზაშვილისა და თორნიკე მუმლაძის გოლებით სტუმრად გარეჯის 2:1 მოუგო. ამგვარად, გაგრამ სატურნირო ცხრილში სიონს 1 ქულით გაასწრო და 27-ე ტურის შემდეგ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

მორიგი მატჩი წააგო საჩხერის ჩიხურამ, ამჯერად მარტვილის მერანთან. მერანის შემადგენლობაში გოლები ზვიად სიხარულიამ, შეიკნე სილამ და ბაქარ ლაღაძემ გაიტანეს. ჩიხურას შემადგენლობაში ერთადერთი გოლი ზურაბ სადაღაშვილის ანგარიშზეა.

დინამო ზუგდიდმა შინ 2:1 მოუგო ვიტ ჯორჯიას. ანგარიში  მასპინძლებმა 22-ე წუთზე გიგა წურწუმიას ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს. 46-ე წუთზე ალექსანდრე სულაძემ დინამოს უპირატესობა ორამდე გაზარდა, ერთი გოლი კი ვიტ ჯორჯიამ 72-ე წუთზე გაქვითა.

ყველაზე მეტი, 7 გოლი ტურის ბოლო შეხვედრაში გავიდა, სადაც ერთმანეთს შევარდენი და რუსთავი დაუპირისპირდნენ. 27-ე წუთისთვის შევარდენი 0:2-ს აგებდა, მაგრამ ჯერ ნიკა ქორიძემ გაიტანა, შემდეგ კი ზურაბ ჭავჭანიძემ ბურთი თავის კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. 51-ე წუთზე რამინ დოობიმ შევარდენი სულაც წინ გაიყვანა. ოთარ ჯავაშვილის გოლით რუსთავმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 69-ე წუთზე ბექა გვარაძემ დააფიქსირა და უხვგოლიან მატჩში თავის გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.