აწმყო არ გვწყალობს, მომავლის რა გითხრათ?!

VIDEO შენგელიას სლემი VTB ლიგის TOP 10-ში მეორეა
სექტემბერი 29, 2021
ქეცბაია: გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება
სექტემბერი 30, 2021

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კიდევ ერთი მძიმე მარცხი იწვნია: ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ჯვაროსნები ფურია როხასთან პირწმინდად დამარცხდნენ, ლუის ენრიკეს შეგირდებმა 4 უპასუხო გოლი გაგვიტანეს და შვედეთთან მარცხის შემდგომ ხასიათი გამოიკეთეს. 

ესპანეთის შემდეგ ასევე სამარცხვინოდ და დიდი ანგარიშით დავმარცხდით სტუმრად ბულგარეთში. ბულგარეთის ნაკრებმა ჯვაროსნები 4-1 დაამარცხა, თანაც ისე, რომ შეტევაში რეალური მომენტების შექმნა კი არა, გააზრებული მონახაზის შექმნაც კი ჭირდა. მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელმა განაცხადა, რომ არც კი ახსოვდა ბოლოს როდის გაიტანა მისმა გუნდმა 4 გოლი.

ესპანეთთან სტუმრად მარცხი რა გასაკვირია, მსოფლიო ფეხბურთის გრანდები ნადგურდებიან ხშირად ესპანეთში. თვალსაჩინო მაგალითი გერმანიაა, რომელიც გასულ წელს ესპანეთთან 0-6 დამარცხდა, თუმცა საქმე მხოლოდ ესპანეთთან მარცხში როდია… საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ცხრა წელია ვერ იგებს, ბოლოს ჯვაროსნებმა თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში ოქრიაშვილის გოლით ბელარუსი დაამარცხეს 2014 წლის ბრაზილიის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში.

მას შემდეგ 9 წელი გავიდა და საქართველოს ნაკრებს საშინელი სტატისტიკა აქვს: 16 მარცხი და 7 – ფრე. ამ 9 წლის განმავლობაში გამარჯვება მხოლოდ ოთხ ნაკრებს არ აქვს, ერთერთი საქართველოა, დანარჩენი სამი კი, სანმარინო, ლიხტენშტეინი და გიბრალტარი.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 5 ოფიციალური თამაში გამართა და 4 წააგო, გარდა ამისა 3 ამხანაგურ მატჩში 2 მარცხი და 1 მოგება რუმინეთში. გამოსარჩევი იყო თბილისშიდინამო არენაზე” გამართული მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ, როცაჯვაროსნები” ხვიჩა კვარაცხელიას გოლით იგებდნენ ,თუმცა მეორე ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანი ოლმოს გოლით დამარცხდნენ. ყველაზე ცუდ შედეგად კი ისევ საქართველოში, მაგრამ ამჯერად ბათუმში ახალ სტადიონზე მარცხი შეგვიძლია ჩავთვალოთ: კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამარჯვება სწორედ ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ იზეიმა.

გარდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისა, საქართველოს ნაკრებს 10 ოფიციალური მატჩია არ მოუგია. ბოლოს ჯვაროსნებმა 2020 წლის 8 ოქტომბერს ერთა ლიგის პლეიოფში ოქრიაშვილის გოლით ბელარუსი დაამარცხეს, მაგრამ ამჯერად ჩვენი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო.

სწორედ ვლადიმირ ვაისის პერიოდს უკავშირდება ერთა ლიგის ჯგუფის მოგება, მაგრამ გარდა ერთა ლიგისა, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლებში მხოლოდ გიბრალტარის დამარცხება შეძლო.

ჩაგდებული სანაკრებო პაუზის შემდეგ რეალობასთან შეგუება მოგვიწევს. კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ჩვენი ნაკრების გარეშე და აქამდე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფრაზა – “ეს შესარჩევი უნდა გამოვიყენოთ მომდევნოს მოსამზადებლადკვლავ  აქტუალური გახდა.

შემდეგი შესარჩევი კი ერთა ლიგის ეგიდით გაიმართება, რომელიც სტარტს 2022 წლის ივნისში აიღებს და სექტემბრამდე გასტანს. ჩვენი გუნდი კვლავ C დივიზიონში იქნება, ჯგუფის გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებს B ლიგის საგზურს და გადავა პლეიოფში, სადაც ნახევარფინალის და ფინალის მოგების შემთხვევაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე კვალიფიცირდება, რომელიც გერმანიაში ჩატარდება.

აწყმო არ გვწყალობს, მომავლის კი რა გითხრათ?!