რუსთავში სარაგბო ინფრასტრუქტურა ეწყობა

“შეგვიძლია გასწავლოთ” – საბურთალო მადრიდის რეალს
სექტემბერი 29, 2021
“თავიდანვე მაღალი დონის ევროპულ ტურნირზე თამაშს, სჯობს ჯერ აქ ვითამაშოთ”
სექტემბერი 29, 2021

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში (ინტერნატები), იქ სადაც არაერთი წარჩინებული მორაგბე აღიზარდა, გაისად ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.

რაგბის კავშირისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას აცნობეს, რომ „ინტერნატებში“ ორმოედნიანი, თანამედროვე სტანდარტების სარაგბო მოედნის პროექტირება იწყება.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმ სარაგბო ბაზების განახლება, სადაც არაერთი ლეგენდა გაიზარდა:

     დღევანდელი დღე ზეიმია, იმ საწყისი პროექტის გაგრძელება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“ ჯერ კიდევ 15 წლის წინ დაიწყო და მათგან ერთ-ერთი, უნიკალური ბაზა უკვე წლებია რუსთავში ფუნქციონირებს. ამ ქალაქში რაგბი საკმაოდ პოპულარულია. რუსთავს ყავს არაერთი მსოფლიო დონის სარაგბო ლეგენდა, რომლებმაც სწორედ ამ ადგილას გადადგეს პირველი ნაბიჯები რაგბში.

სწორედ ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო აქ სარაგბო ბაზის მშენებლობა და დღეს იწყება მისი პროექტირება. სამაგიეროდ, ქალაქში ყველას ექნება წვდომა სპორტულ ინფრასტრუქტურასთან, რაც მნიშვნელოვანია“.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა იმედოვნებს, რომ ეს და მსგავსი სპორტული პროექტები, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს:

     მინდა მივესალმო იმ პროექტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება და რომლის სულის ჩამდგმელი საქართველოს რაგბის კავშირია. ვიმედოვნებ, ეს პროექტი არა მარტო ქართული სპორტის განვითარებას, არამედ მოზარდების სწორ აღზრდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას დაეხმარება“.

პარლამენტის წევრი ლექსო დალაქიშვილი იმედოვნებს, რომ პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და მშენებლობის პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება:

     რაგბის კავშირის თაოსნობით, რუსთავში რაგბის ტრადიციული მოედნის განახლება იწყება. პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. „ფონდ ქართუს“ დახმარებით რუსთავს უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების რაგბის სტადიონი, ამ ტრადიციის გაგრძელება კი, ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო გააძლიერებს“.

rugby.ge