განაცხადი: ნაცნობი სახეები, იმედისმომცემი შეტევა… რას ველოდოთ ოქტომბერში?

VIDEO გორის “დილა” 2:2 “დინამო” ბთ | მიმოხილვა
სექტემბერი 30, 2021
საქართველოს ნაკრები: ვისთვის პატრიოტიზმი, ვისთვის – საკლუბო კარიერის გარანტი
სექტემბერი 30, 2021

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ოქტომბერში ჩვენი ნაკრები საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ ითამაშებს. საბერძნეთთან ეროვნული გუნდი ბათუმში ითამაშებს, ხოლო კოსოვოსთან – სტუმრად.

რაც შეეხება შემადგენლობას, ის ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

ბოლო პერიოდში მეკარის პოზიცია საქართველოს ნაკრებში ყველაზე ნაკლებად პრობლემურია, პრობლემაა ისაა, რომ საკმაოდ კარგი და გამოცდილი ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე, რომელიც ესპანეთის მეორე დივიზიონში ალმერიას მაისურით თამაშობს, ბოლოს ეროვნული გუნდის განაცხადში ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის ოქტობრის თამაშებისას მოხვდა, „ერთა ლიგის“ ეგიდით, სომხეთის ნაკრებთან ითამაშა და საქართველოს ნაკრებთან ერთად 1:2 დამარცხდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგის საკლუბო კარიერა ბევრად უფრო წარმატებული აქვს, ვიდრე სანაკრებო: წლების განმავლობაში ის ვერ გახდა ეროვნული ნაკრების პირველი ნომერი, ბოლო ერთი წელი კი საერთოდაც განაცხადში ვერ ხვდება. მაგრამ ეს არა მისი ცუდი თამაშით, არამედ მაღალი დონის მეკარეების ყოლითაა განპირობებული.

მაგალითად „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც სეზონის სტარტზე გუნდის ძირითადში მოიპოვა ადგილი და სასტარტო ექვს ტურშიც ითამაშა, ნაკრებში გიორგი ლორიას შემცვლელია. ნაკრებშია ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ლაზარე კუპატაძეც, რომელიც “დინამო ბათუმთან” ერთად მიიწევს ჩემპიონობისკენ. მას ნებისმიერ დროს შეუძლია მოედანზე გამოსვლა და ნაკრების კარის დაცვა.

რაც შეეხება დაცვას, აქ სიუპრიზები არ გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე ოპტიმალური ჩამონათვალი დღევანდელი დღისთვის. გურამ კაშია და დავით ხოჭოლავა საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და ერთად კარგი ტანდემის ჩამოყალიბება შეუძლიათ. აღსანიშნავია ასევე ახალგაზრდა ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ავსტრიული „ვოლფსბერგის“ ძირითადის ფეხბურთელია და რეგულარულად თამაშობს ავსტრიის ჩემპიონატში. „დინამო დრეზდენში“ სათამაშო დრო არ ეძლევა გურამ გიორბელიძეს: გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველი ექვსი ტური გიორბელიძემ სკამზე გაატარა, ბოლო ორ ტურში საერთოდ განაცხადშიც ვერ მოხვდა, ასე რომ, შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი ვიხილოთ. ბათუმის დინამოს ახალგაზრდა მცველი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბათუმის დინამოში მან გამოცდილი გიორგი ნავალოვსკი შეცვალა. აზაროვს ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ ნავალოვსკი ნაკრებშიც ღირსეულად შეცვალოს.

რაც შეეხება მარჯვენა მცველის პოზიციას, აქ გრიგოლ ჩაბრაძე და ოთარ კაკაბაძე არიან. ყველაფერი ისევ ვილი სანიოლზეა დამოკიდებული, რომელსაც ძალიან რთული გადაწყვეტილება აქვს მისაღები.

ნახევარდაცვა და თავდასხმა – ორი პოზიცია, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს ქართველ გულშემატკივარს, ფეხბურთელების ჩამონათვალი საკმაოდ იმედისმომცემია: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე – ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებსაც თამაშის თავის თავზე აღება შეუძლიათ. ქართველი გულშემატკივარი ძალიან დიდი ხანია ელოდება ოპტიმალურ ფორმაში მყოფ ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას მოედანზე ერთად ხილვას. იმედია, გიორგის მიკროტრავმა  არ გამოთიშავს ეროვნულ გუნდს და ოქტომბრის მატჩებისთვის ის მზად იქნება.

ცხადია, დიდი მოლოდინია ოთარ კიტეიშვილისგან, რომელიც საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვის ლიდერად განიხილება. არსად გამქრალა ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელსაც სულ 3 შეხვედრა აკლია, რომ გაუთანაბრდეს ლევან კობიაშვილს, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით. კანკავამ ნაკრების მაისური 99 მატჩში მოირგო, ხოლო რეკორდსმენმა ლევან კობიაშვილმა – 102.

ნიკა კვეკვესკირის დაბრუნება ძალიან კარგი სიახლეა. ის გუნდს ნამდვილად აკლდა წინა შეხვედრებში. სასიამოვნოა ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნებაც: ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ძალიან დიდი მოლოდინია გიორგი მიქაუტაძის მიმართ: ქართველმა შემტევმა უკვე მოახერხა ნაკრებში თავის გამოჩენა და იმ შემთხვევაში თუ სანიოლი მას ენდობა, გიორგის შეუძლია ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი პრიშტინაში გაფრინდება კოსოვოს წინააღმდეგ სათამაშოდ.