საქართველო VS საბერძნეთი | სავარაუდო შემადგენლობა

ისევ ეროვნული ლიგა – მჭედლიძის ახალი კლუბი ცნობილია
ოქტომბერი 7, 2021
ევრო 2024 – როდის გაირკვევა საქართველოს მეტოქეების ვინაობა?
ოქტომბერი 7, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას 9 ოქტომბერს, ბათუმში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთვის, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე უხერხულ მეტოქეა. ხუთი მარცხი და მხოლოდ ორი ფრე (აქედან ერთი ბოლო შეხვედრაში).

ამ მატჩში “ჯვაროსნებს” დისკვალიფიკაციის გამო გურამ კაშია და გრიგოლ ჩაბრაძებე ვერ დაეხმარებიან.

QOMAGEBI.GE გთავაზობთ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას.

გიორგი ლორია – ამ პოზიციაზე, კვიპროსის “ანორთოსისის”  პირველ მეკარეს უნდა ველოდოთ.

ირაკლი აზაროვი– ახალგაზრდა უნივერსალი დღითიდღე პროგრეს განიცდის. მისი ეფექტურობა შეტევაში დიდია, მისმა მთავარმა კონკურენტმა გურამ გიორბელიძემ კი დრეზდენის “დინამოში” მხოლოდ 23 წუთი ითამაშა ბოლო შეხვედრაში.

დავით ხოჭოლავა– დანიური “კოპენჰაგენის” ცენტრალური მცველი საკმაოდ კარგ ფორმაშია. ის დროის მცირე მონაკვეთში კლუბის შეუცვლელ წევრად იქცა. დიდი ალბათობით, იქნება სასტარტო თერთმეტეულში.

 

ლუკა ლოჩოშვილი – გურამ კაშიას დისკვალიფიკაცია აქვს, ლაშა დვალს კი ტრავმის შემდეგ ჯერ არ უთამაშია. შესაბამისად, “ვოლფსბერგერის” მცველს, რომელიც კარგ ფორმაშია, დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

ოთარ კაკაბაძე – გრიგოლ ჩაბრაძის დისკვალიფიკაცია ვილი სანიოლს მარჯვენა მცველის პოზიციაზე  სხვა შანსს არ უტოვებს. პოლონური “კრაკოვიას” მცველს წინა მატჩიდან გამომდინარე კარგი მოგონებები არ აკავშირებს, თუმცა, იმედია, ამჯერად გაცილებით კარგ შეხვედრას ჩაატარებს.

ჯაბა კანკავა – სხვა ყველაფერთან ერთად, ამ შეხვედრაში თამაშის შემთხვევაში, კაპიტანი მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდება, ვინც ნაკრებში 100 მატჩს მოუყრის თავს. როგორც ყოველთვის, კანკავა ახლაც შემართული იქნება.

გიორგი აბურჯანია – მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ნახევარმცველს, “ჟილ ვისენტეში” ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა, ვილი სანიოლისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ფეხბურთელად სწორედ აბურჯანია ითვლება.

საბა ლობჟანიძე – თურქული “ჰათაისპორის” ნახევარმცველი როგორც შეტევით, ასევე დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს გამორჩეულია. სუპერ ლიგაში 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა 4-ჯერ კი თანაგუნდელს გაატანინა. მართალია, კლუბისგან განსხვავებით ეროვნულ გუნდში შედეგიანობით ნაკლებად გამოირჩევა, თუმცა ეს მისი ბრალი ყველაზე ნაკლებადაა.

გიორგი ჩაკვეტაძე –  ის წნეხი, რაც ბოლო პერიოდში გიორგის ჰქონდა, დროთა განმავლობაში “გენტის” ათიანს მოეხსნა და გაცილებით კარგ კონდიციაშია. ოთარ კიტეიშვილის არყოფნა, გაცილებით ზრდის მისი პირველივე წუთიდან თამაშის შესაძლებლობას.

ხვიჩა კვარაცხელია –  ყველა მოუთმენლად ველით ხვიჩას მოედანზე გამოჩენას. ბოლო პერიოდში არასტაბილური თამაშის მიუხედავად, როგორც ნაკრებს სჭირდება კვარაცხელია, ისე კვარაცხელიას სჭირდება ნაკრებში კარგი თამაში, რათა თავისი თავის ირწმუნოს.

გიორგი მიქაუტაძე – თამამად შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ნაკრებს ჰყავს ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ცენტრალური თავდამსხმელი. ოთარ კიტეიშვილის ტრავმის შემდეგ, განაცხადს გიორგი ქვილითაია დაემატა, თუმცა პრაქტიკულად გამორიცხულია ვილი სანიოლი “სერენის” ფორვარდის გარდა სხვას დაეყრდნოს.