რა გვჭირს? ვისი ბრალია ? – პოპულიზმით დაკარგული გამარჯვების შანსი

სანიოლი: “თუ პროგრესი გვსურს, გუნდში მონდომება უნდა დაბრუნდეს!”
ოქტომბერი 9, 2021
VIDEO ლუკა გაგნიძე უელსის წინააღმდეგ
ოქტომბერი 10, 2021

საქართველოს ნაკრებმა 9 ოქტომბერს, საბერძნეთს, ბათუმში უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივარს ამცნო, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით მატჩს სტადიონის ტევადობის 33 % დაესწრებაო. ნაკრების თამაშს მონატრებულმა ქომაგმა, ბილეთები რამდენიმე საათში შეიძინა და ახალი “ბათუმი არენაც” სრულ მზადყოფნაში მოვიდა.

მატჩამდე 1 დღით ადრე მთელი ქვეყანა საშინელმა ტრაგედიამ შეძრა – ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (მათ შორის 3 არასრულწლოვნის). დედამიწის ზურგზე, ალბათ ერთი ადამიანიც არ მოიძებნება, რომელიც ამ კადრებმა არ დაამძიმა და  ბათუმშიც, საზეიმოდ საქმე აღარავის ჰქონდა.

მატჩამდე 4 საათით ადრე საკოორდინაციო საბჭოს (სიმართლე გითხრათ, მათი ფუნქცია, აქამდე კოვიდ 19-ის მართვა გვეგონა და არა ტრაგედიების დროს სამთავრობო გადაწყვეტილების მიღება) გადაწყვეტილებით, მატჩზე გულშემატკივრის დასწრება გააუქმეს. ბილეთიან მაყურებელს თანხის უკან დაბრუნება შესთავაზეს და “პრობლემაც” გადაიჭრა. მაყურებლის გარეშე თამაშზე ყაბულს არც ფეხბურთის ფედერაცია ყოფილა, ან როგორ უნდა ყოფილიყო, როცა მსგავსი პრეცედენტი დედამიწის ზურგზე არც არსებობდა. როგორც ჩანს, ქვეყნის სათავეში მყოფთაგან, ვერავინ აიღო პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილებაც საკოოორდინაციო საბჭოს მიაწერეს.

სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, ისევ პოპულისტური პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, რითიც ვერც დაღუპულთა ოჯახებმა ინუგეშა და ვერც ნაკრებმა იხეირა. თუმცა, ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, უგუნური გადაწყვეტილებით ახალი ფურცელი გადაშლის შანსი დავკარგეთ… დიახ, 12 ნოემბერს საქართველომ დაკარგა ის შანსი, რომელშიც შეგვეძლო რაღაც უფრო მნიშვნელოვანი – ქომაგთან ერთად გამოგვეჭედა.

გულშემატკივართა დიდი ნაწილი, ალბათ არც არასდროს აპატიებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ ეს შანსი მოკლეს. არა ობიექტური მიზეზების გამო, უბრალოდ პოლიტიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარე. ვინმემ სუბიექტურობა რომ არ დამწამოს, იმავე პერიოდში უეფას ერთა ლიგის სხვა პლეი-ოფების დიდი ნაწილი, მიუხედავად იმ ქვეყნებშიც არასახარბიელო ეპიდემიოლოგიურ ვითარებისა, გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მაინც ესწრებოდა თამაშებს. თუნდაც 55 000-იან დინამო არენაზე 10 000 ადამიანიც კი შექმნიდა ატმოსფეროს, მაგრამ ეს ხომ საქართველოა…

ხომ ვერ მეტყვით, ახლა რა ხდება განსხვავებული? რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ყველა ჩვენთაგანისთვის საშინელი ემოციური მდგომარეობა იყო და ისევე, როგორც მთელმა საქართველომ, სტადიონზე წამსვლელებმაც ღამე იმის მოლოდინში გაათენეს, რომ ეგებ მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილიყო. ფეხბურთი  და სტადიონი ის სივრცეა, რომლის დროსაც მთელი ერი ერთიანდება გასაჭირის დროს. სწორედ სტადიონზე იგრძნობა ყველაზე მეტი ერთიანობა. აბა დამისახელეთ, სხვა ნებისმიერი სფერო, სპორტის სახეობა თუ პოლიტ-პროცესი, სადაც ერთდროულად 55 000 ადამიანი იკრიბება და თან ამ შეკრების დროს ფულს არავინ იხდის და უფრო მეტიც თავად იხდიან…

რეალურად, იმაზე დიდი ბოროტება არ არსებობს, როდესაც, თითქოს შენი გადაწყვეტილება, კეთილსინდისიერების და მორალურად სწორი პოზიციის დაკავებით ნაკარნახევია. სინამდვილეში კი, მორალურად ყველაზე დიდ სიმდაბლეს აჩვენებს, როცა საზოგადოების მასების მართვას ცდილობ და საკუთარ უმოქმედობას, რაღაცით გადაფარვას ცდილობ.

ბოლოს კი ჩვენც გავბედავთ დამშვიდებულ გონებაზე და დამცხრალი ემოციების ფონზე დაწერას,  რომ სანამ როგორც საზოგადოება საკმარისად არ გავიზრდებით – მინიმუმ იმდენად, როცა ამდენს გაგვიბედავენ, სწორი პოზიცია გვქონდეს და მსგავს პოპულისტურ გადაწყვეტილებებზე არ წამოვეგოთ, იქამდე ვიქნებით იქ, სადაც ვართ. მერე კი აღარ დავსვამთ შეკითხვას, რა გვჭირს? ვისი ბრალია?