9 წელი მოგების გარეშე – ვისთან წავაგეთ ამ პერიოდში

VIDEO უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს
ოქტომბერი 10, 2021
მიქაუტაძემ სანაკრებო შეკრება დატოვა
ოქტომბერი 10, 2021

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 9 წელია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ვერ იგებს. “ჯვაროსნებმა” ბოლოს თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით თბილისში, ბელარუსს თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოუგეს.

გავიდა 9 წელი, ვითამაშეთ 23 მატჩი , 15 წავაგეთ და 8 ფრედ დავასრულეთ. იყო კონკრეტული გამოსარჩევი მატჩები: ფრე შინ საფრანგეთთან, ფრე უელსში, ფრე ავსტრიაში, ორი ფრე ირლანდიასთან. 9-წლიან პერიოდში გამოსარჩევი მხოლოდ ის მატჩები იყო, რომელიც ფრედ დასრულდა, რადგან ფიზიკურად ვერ მოვიგეთ სხვა მატჩები.

თუმცა იყო მატჩები და თანაც, არაერთი, რომელთა წინ მხოლოდ 3 ქულაზე ვფიქრობდით და, უფრო მეტიც, დარწმუნებულიც კი ვიყავით, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდებოდა: ქრონოლოგიურად მივყვეთ…

ერთ-ერთი ასეთი მატჩების კატეგორიიდან არის შეხვედრა ფინეთთან თბილისში, “დინამო არენაზე”. მაშინ ერთდროულად საქართველოს ნაკრებში ნიკა გელაშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა, ჯანო ანანიძემ და დავით თარგამაძემ ითამაშეს – დავმარცხდით პენალტით. ასევე აღსანიშნავია, რომ მატჩის მსვლელობისას ჯაბა კანკავა გააძევეს და, საბოლოოდ, უშანსოდ წავაგეთ.

საქართველო 0 – 1 ფინეთი

2018 წელი… მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი… 55 000 კაცი დინამო არენაზე და მეტოქე მოლდოვა…

მართალია, ის შესარჩევი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი აშკარად გამოსწორებული იყო. უელსში ფრემ, რომელშიც ქულები ჩვენ უფრო დავკარგეთ ვიდრე უელსმა, გულშემატკივრებში იმედი დააბრუნა და ყველა გამარჯვებას ელოდა.

მატჩი კარგად დავიწყეთ: პირველივე წუთებში ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა და მატჩიც ისე მიმდინარეობდა, წესით არანაირი საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა 3 ქულას, მაგრამ 81-ე წუთზე გიორგი ლორიამ ბურთი თამაშში ცუდად შეიყვანა, რითიც ისარგებლეს მოლდოველებმა და ანგარიში გაგვითანაბრეს. არადა, იმ მატჩში ჩვენც ბევრი მომენტი გვქონდა და სტუმართა გოლამდე მინიმუმ ერთი კიდევ უნდა გაგვეტანა.

საქართველო 1 – 1 მოლდოვა

თბილისური მატჩის ტრილოგია გამოდგა მატჩი კიშინოვში, ისევ მოლდოვასთან. მატჩამდე ზიმბრუს სტადიონზე რამდენიმე ათეული ქართველი ქომაგი შეიკრიბა. მოლოდინი გამარჯვების იყო, მაგრამ შემადგენლობამ პირველადი ეიფორია დაჩრდილა, 5 მცველს + 3 საყრდენი ნახევარმცველი და 1 მძიმე ფორვარდი მთლად კარგად ვერ ასახავდა მოგების სურვილს.

მატჩიც ცუდად დაიწყო, საწყის ნახევარ საათში მიღებული ორი გოლი, უჩა ლობჟანიძის ტრავმა და შეტევაში არაფერი ღირებული. საბოლოოდ, ნაკრები 4-მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა, კაშია მარჯვნივ გადაიწია, ლობჟანიძის ნაცვლად კვეკვესკირი შემოვიდა და მეორე ტაიმამდე რამდენიმე სახიფათო შეტევაც შევქმენით.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე მოედანზე გამოჩნდნენ ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი მერებაშვილი. ყაზაიშვილმა ჯერ მერებაშვილს გაატანინა, შემდეგ თვითონაც გაისროლა და თამაშის მოსაგებადაც საკმარისი დრო დაიტოვა. იყო არაბიძის ხარიხა, კაჭარავას მომენტი მეკარესთან პირისპირ, მაგრამ კვლავ ვერ მოვიგეთ.

მოლდოვა 2 – 2 საქართველო

 

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც “წესით” უნდა მოვგვეგო და საერთოდ წავაგეთ უკვე ამ შესარჩევ ციკლში კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ იყო. მიუხედავად ტრავმებისა და უმაყურებლო სტადიონისა მატჩამდე ყველა მოგების იმედით გაჟღენთილი იყო, თუმცა მატჩი დაიწყო და დაიწყო გულის ტკივილი. უსისხლოდ , უბრძოლველად და უმომენტოდ წაგებული მატჩი, ასეთი უსუსური საქართველოს ნაკრები არასდროს გვინახავს! წაგვიგია ესპანეთთან , იტალიასთან, საფრანგეთთან და გერმანიასთანაც, მაგრამ ასე უსუსურად არასდროს გამოვიყურებოდით.

90 წუთში ვერცერთი ზუსტი დარტყმა კარში, რითიც ყველაფერი ნათქვამია და მარცხი ბათუმში, ისტორიულ ახლად აშენებულ სტადიონზე.

საქართველო 0 – 1 კოსოვო

და გუშინდელი მატჩი… საქართველოს ნაკრებმა შინ საბერძნეთთან დაკარგა ქულები, არადა მატჩის წინ შემადგენლობა განსაკუთრებულ იმედებს გვაძლევდა. კვარაცხელია – ჩაკვეტაძის ტანდემი და გიორგი მიქაუტაძე გვაიმედებდა, მაგრამ დაიწყო მატჩი და სრული შეუთამაშებლობა, არანაირი მონახაზი, არანაირი ტაქტიკური თამაში. მთელი მეორე ტაიმი ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით, მაგრამ ესეც არ გამოგვივიდა და, საბოლოოდ, ჯერ პენალტით, შემდეგ კი კურიოზული შეცდომიდან გასული გოლით, დავმარცხდით.

საქართველო 0 – 2 საბერძნეთი

 

გარდა ამ მატჩებისა, შეგვიძლია გავიხსენოთ მატჩები, სადაც პირწმინდად დავმარცდით: მაგალითად საფრანგეთთან 1:3, ესპანეთთან 0:4, გერმანიასთან 0:2, ირლანდიასთან ორჯერ 0:1 და სხვებიც.

იყო ასევე მატჩები, რომლებიც კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ: მაგალითად ირლანდიასთან 1:2, ესპანეთთან 1:2, ავსტრიასთან 1:2, უელსთან 0:1

დავმარცხდით ბელარუსთან 0:2, შვედეთთან 0:1, სერბეთთან 0:1…

ფაქტია, ამ 9 წლის განმავლობაში ყველანაირი მატჩი ითამაშა საქართველოს ნაკრებმა, მაგრამ ‘ჯვაროსნებმა” ერთი მატჩიც ვერ მოიგეს.

საქართველოს ნაკრების შედეგები შესარჩევ ეტაპზე ბელასრუთან მოგების შემდეგ:

საქართველო 0:1 ესპანეთი, 2012
საქართველო 1:1 ფინეთი, 2012
ბელარუსი 2:0 ფინეთი, 2012
საფრანგეთი 3:1 საქართველო, 2013
საქართველო 0:0 საფრანგეთი, 2013
საქართველო 0:1 ფინეთი, 2013
ესპანეთი 2:0 საქართველო, 2013
საქართველო 1:2 ავსტრია, 2016
ირლანდია 1:0 საქართველო, 2016
უელსი 1:1 საქართველო, 2016
საქართველო 1:1 მოლდოვა, 2016
საქართველო 1:3 სერბეთი, 2017
მოლდოვა 2:2 საქართველო, 2017
საქართველო 1:1 ირლანდია, 2017
ავსტრია 1:1 საქართველო, 2017
საქართველო 0:1 უელსი, 2017
სერბეთი 1:0 საქართველო, 2017
შვედეთი 1:0 საქართველო, 2021
საქართველო 1:2 ესპანეთი, 2021
საბერძნეთი 1:1 საქართველო, 2021
საქართველო 0:1 კოსოვო, 2021
ესპანეთი 4:0 საქართველო, 2021
საქართველო 0:2 საბერძნეთი, 2021.