“სანიოლს ჰკითხეთ – არ მესმის, შანსი რატომ არ მეძლევა” – ინტერვიუ ლევან კუტალიასთან

შოთა არველაძე: “უნდა შეძლოთ, თქვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული!”
ოქტომბერი 11, 2021
17 წლის ნათია გადელია მსოფლიო ჩემპიონია
ოქტომბერი 11, 2021

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან შინ 0-2 წაგებულ მატჩს საქართველოს ჩემპიონატის ყოფილი ბომბარდირი და ამჟამად ებრაული კლუბის “ნეს ზიონას” თავდამსხმელი ლევან კუტალია გამოეხმაურა.

კუტალიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვილი სანიოლს პირდაპირ მიმართა და დაწერა, რომ ნაკრებში თამაში სურს, გამოძახების შემთხვევაში კი თავს არ დაზოგავს წარმატების მისაღწევად.

კუტალიას დავუკავშირდით და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ. პირველ რიგში, თბილისის დინამოდან წავსლის გადაწყვეტილებაზე ვკითხეთ.

– ვფიქრობდი, ნაკრებში შანსი ასე მომეცემოდა. იმ პერიოდში, ლეგიონერებს უფრო დიდი ყურადღებოდა ექცეოდათ, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და ერთ-ერთ მიზეზი, რის გამოც დინამოდან წასვლა გადავწყვიტე, სწორედ ეს იყო.

ცხადია, იყო ფინანსური მხარეც. ასევე ჩემპიონატების დონე. თბილისის დინამოში ბევრს მივაღწიე და ამით ვამაყობ. ბევრი რამ მომცა ამ კლუბმა და არასოდეს დავივიწყებ, ყოველთვის დინამოს გულშემატკივარი ვიქნები.

– სტატუსში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე, წყენა იკითხებოდა. დაწერე, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებ და შანსი უნდა მოგეცეს. როგორ ფიქრობ, რატომ არ გეძლევა შანსი ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის?
– პირველ რიგში, ვარ ადამიანი და მხოლოდ შემდეგ – ფეხბურთელი. შესაბამისად, რაც დავინახე, ის დავწერე სოციალურ ქსელშიც. ჩემი მიმართვა ყველას არ ეხებოდა. ფეხბურთია და მესმის, რომ შეიძლება არ გამოგივიდეს, მაგრამ როცა ნაკრებში ხარ, მონდომება უნდა გეტყობოდეს. ამის თქმა მსურდა!

რაც შეეხება გამოძახებას, შანსს დიდი ხნის წინ ვიმსახურებდი. სამწუხაროდ, შანსი არც მაშინ მომეცა და არც – დღეს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ასე რატომ ხდება. მაგ კითხვაზე პასუხი ვისაც ექნება, იმას ჰკითხეთ.

რამდენ ფეხბურთელს მიეცა შანსი ამ დროის განმავლობაში? ჩემს გარდა ყველას. მთავარია, ნაკრები გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და პირველი ვიქნები, ვინც ამ გუნდის წარმატებით გაიხარებს.

– თავად თქვი, რომ ნაკრებში არაერთ ფორვარდს მიეცა შანსი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ თავი რეალურად ვერცერთმა შემტევმა გამოიჩინა. როგორ ფიქრობ, სანიოლს აქვს შენზე ინფორმაცია?
– არ ვიცი. ვლადიმირ ვაისმა ჩემზე ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც არ მიძახებდა. ახლა ნაკრებს ვილი სანიოლი ხელმძღვანელობს. შესაძლოა, ფლობდეს ჩემზე ინფორმაციას.

ვერ ვხვდები რაშია პრობლემა. ალბათ სჯობს, ეს შეკითხვა თავად სანიოლს დაუსვათ. პასუხი ჩემთვისაც საინტერესო იქნება.

– ეროვნული ლიგის ბომბარდი როცა გახდი, ვლადიმირ ვაისმა გაფართოებულ შემადგენლობაში შეგიყვანა, მაგრამ გულშემატკივარმა ნაკრებში მაინც ვერ გიხილა. დღეს, სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, კარგი პერიოდი არ გიდგას. ამის ფონზე, რამდენად დიდია მოლოდინი, რომ უახლოს მატჩებში სანიოლი შანსს მოგცემს?
– თამაშით ვთამაშობ ჩემს კლუბში. ზოგს პრაქტიკა არ აქვს, ისეა ნაკრებში, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ახალი გადმოსული ვარ, გუნდს ვეჩვევი, ვშრომობ და გამოსწორდება ყველაფერი, გოლებიც თავისით მოვა.

მე არ მითქვამს, დღეს და ხვალ უნდა გამომიძახონ-თქო. როცა კარგ ფორმაში ვარ ან ვიქნები, არ უნდა დამიკარგონ. ნაკრებში როცა მიდიხარ, კარგ ფორმაში უნდა იყო.