კოსოვო VS საქართველო | სავარაუდო შემადგენლობა

კიდევ ერთი დანაკლისი – კოსოვოსთან გიორგი ჩაკვეტაძეც არ იქნება
ოქტომბერი 11, 2021
“გვსურს, ქართული ფეხბურთი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ” – სანიოლი
ოქტომბერი 11, 2021

ხვალ, 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას, კოსოვოს ქალაქ პრიშტინაში, კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

კოსოვოსთან პირველ შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართა, გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებას ელოდა. საბოლოოდ, რაც მივიღეთ, ყველას გვახსოვს: უშინაარსო, უამბიციო საქართველოს ნაკრები და მინიმალური მარცხი (0:1).

ამ მატჩში “ჯვაროსნებს” დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია ვერ დაეხმარებიან. ხოლო, საბერძნეთთან მიღებული დაზიანების გამო, შეკრება გიორგი მიქაუტაძემ დატოვა. ასევე, გუნდს კოსოვოში ვერ გაჰყვა, გიორგი ჩაკვეტაძეც.

QOMAGEBI.GE გთავაზობთ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობას.

გიორგი ლორია – საბერძნეთთან დაპირისპირებაში ყველაზე მაღალი შეფასება 7.3 სწორედ ლორიამ მიიღო. სასტარო შემადგენლობაში კვლავაც გამოცდილ მეკარეს უნდა ველოდოთ.

ირაკლი აზაროვი – მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეხვედრაში გურამ გიორბელიძე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ვილი სანიოლი უფრო ტექნიკურ ფეხბურთელებზე გააკეთებს აქცენტს. სავარაუდოა, რომ თავის შანსს ბათუმის “დინამოს” ერთ-ერთი ლიდერიც მიიღებს.

გურამ კაშია – ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შეუცლელი ფიგურაა. მას ძირითად შემადგენლობაში კაპიტნის სამკლაურით უნდა ველოდოთ.

დავით ხოჭოლავა – საბერძნეთის ნაკრებთან ხოჭოლავა დვალის დუეტი გარკვეული ხნის განმავლობაში, დამაჯერებლობის განცდას ჰქმნიდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დიდხნიანი ტრავმიანობის შემდეგ, ლაშა დვალს კლუბში არცერთი თამაში არ ჩაუტარებია და მისი მოედანზე დაბრუნება სწორედ ნაკრების მაისურით მოხდა, სავარაუდოა, რომ კაშიასთან შეწყვილებულმა ხოჭოლავამ უნდა დაიწყოს თამაში.

ოთარ კაკაბაძე – 26 წლის მარჯვენა მცველი, ერთ-ერთი იშვიათთაგანი გახლდათ, ვისაც ბოლო თამაშის დროს, დამაჯერებლობა ეტყობოდა და არც მეტოქეს ერიდებოდა. გრიგოლ ჩაბრაძეს დისკვალიფიკაციის შემდეგ თამაში შეეძლება, მაგრამ, ძირითადში დიდი ალბათობით “კრაიოვას” მცველს ვიხილავთ.

ნიკა კვეკვესკირი – საქართველოს ნაკრების ფორმაციიდან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საყრდენ ზონას. მარტივი სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს. დისკვალიფიკაციის გამო, ერთბაშად ორი ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია დაგვაკლდება. პოლონური “ლეხ პოზნანის” ნახევარმცველს, ვაისისგან განსხვავებით ფრანგი სპეციალისტი დიდად არ სწყალობს. თუმცა, ამ შემთხვევაში მასზე დაყრდნობა მოუწევს.

ვაკო გვილია – არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ძირითადი შემადგენლობდან დაიწყებს პოლონური “რაკოვის” ნახევარმცველი ვაკო გვილია.

ხვიჩა კვარაცხელია – ყაზანის “რუბინის” 20 წლის ფლანგის შემტევს არასახარბიელო პერიოდი უდგავს. მისთვის მნიშვნელოვანია, წარმატებული სანაკრებო მატჩის ჩატარება. ქართველმა ბოლოს 30 ივლისს გაიტანა და იმედი დავიტოვოთ, უგოლო სერია შეწყდება.

თორნიკე ოქრიაშვილი – წესით, ვილი სანიოლს ყოველგვარ პრაგმატიზმზე უარის თქმა მოუწევს. ეს კიდევ ერთი და ალბათ, კონკრეტულ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვების უკანასკნელი შანსია. შეტევაში სიმწვავის შეტანის და საგოლე შანსების შექმნისთვის, თუ დაცვაში განსაკუთრებული თავდადებით თამაშით სწორედ თორნიკე გამოირჩევა.

საბა ლობჟანიძე – ფეხბურთელი რომელიც როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ბოლომდე იხარჯება. თურქეთის სუპერ ლიგის გათამაშებაში, გამორჩეული სტარტი აქვს. კოსოვოსთან შეხვედრაში მისი თამაშის საჭიროება აშკარად ჩანს.

გიორგი ქვილითაია – საბერძნეთთან მიღებული დაზინების გამო, “სერენის” თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ შეკრება დატოვა. მართალია, კვიპროსული “აპოელის” თავდამსხმელი, განაცხადს მხოლოდ ოთარ კიტეიშვილის ტრავმის გამო დაემატა.

მაგრამ, არსებული რესურსიდან გამომდინარე, მწვრთნელს ერთადერთ ვარიანტად, ქვილითაიაზე დაყრდნობა რჩება.