Video/Highlights ოქრიაშვილი მითებს ამსხვრევს – “ფეხებს უფრთხილდებიან” ?

განახლება: TOP 10 ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი
ოქტომბერი 14, 2021
ეს უნდა შეიცვალოს! – ანუ როგორ შევინარჩუნოთ მუხტი ნაკრებში
ოქტომბერი 14, 2021

საქართველოს ნაკრებმა, 9-წლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სტუმრად მოიგო. დიახ, ჩვენი მეტოქე კოსოვო იყო, თუმცა, ბოლო მატჩების შედეგებიდან გამომდინარე, გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანი იყო.

შესარჩევ ეტაპზე ბოლო გამარჯვების დროს, 2012 წელს, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჯვაროსნებმა ბელარუსის ნაკრები 1-0 დაამარცხეს, გოლი კი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

საბერძნეთთან მატჩის ბოლო 30 წუთში თვალნათლივ გამოჩნდა, რომ “ოქრი” კვლავაც დიდი ძალა და შეუცვლელი ფიგურაა ნაკრებისთვის.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზეც თქვა  სანიოლმა – მიბაძეთ ოქრიაშვილს მონდებაშიო.

კოსოვოსთან მატჩში, ცრუ ცხრიანად დაყენებულმა ოქრიაშვილმა მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა და ნაკრებში თავის მე-13 გოლი გაიტანა.

 

წლების განმავლობაში, ფეხბურთთან გავლით მყოფი ხალხისგან გვსმენია – “კლუბებში კარგად თამაშობენ, აქ რა სჭირთ”, “ფეხებს უფრთხილდებიან” და ა.შ. დიახ, შესაძლოა ზოგიერთი მოთამაშის შემთხვევაში ამ მოსაზრებას დავეთანხმოთ კიდეც, თუმცა ოქრიაშვილის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. მას არასდროს უთქვამს ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი, ყოველთვის, თავისი სათამაშო კონდიციების მაქსიმუმის ზღვარზე უთამაშია და გულთან ერთად, ფეხებიც არასდროს დაუზოგავს.

კოსოვოსთან მატჩის შემდეგ, ქართველმა შემტევმა უცხოური სააგენტოებისგან 7.1 შეფასება დაიმსახურა. ცხადია, ეს არ ყოფილა მისი საუკეთესო თამაში ნაკრების რიგებში, მაგრამ მან, ყველა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ  სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც თამაშის ბედს და რიტმს სხვაგვარად წყვეტს.

ქართველთა ათიანი მთელი შეხვედრის განმავლობაში მოედანზე შეუჩერებლად გადაადგილდებოდა, ყველა დაკარგულ  ბურთზე იბრძოდა და ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს გოლიც გაიტანა. შეტევაში ლამის ეულად მყოფი, გუნდს პრესინგის თამაშისკენ მოუწოდებდა და შეტევის წინა ფაზაში ყველა მითითებას ის გასცემდა. იბრძოდა წინაც და ეხმარებოდა დაცვასაც, იყო მოწოდების სიმაღლეზე როგორც თამაშით, ასევე გუნდისამდი დამოკიდებულებით.

კოსოვოსთან გამარჯვება, ეიფორიის საბაბს ნამდვილად არ გვაძლევს. არც დითირამბებს ვუძღვნით ვინმეს და არც ხოტბას ვასხამთ, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ვთქვათ – ახალგაზრდებო, ითამაშეთ ნაკრებში ოქრიაშვილივით, აიღეთ მისგან მაგალითი და დაიხარჯეთ მოედანზე მაქსიმალურად.