როგორც ჩანს, ეროვნულ გუნდში არ გამოძახებამ ვაკო ყაზაიშვილს ისეთი მოტივაცია მისცა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს MLS-ის ვარსკვლავებიც ვეღარ აჩერებენ.
26 წლის ქართველი ორკვირიან მონაკვეთში "ლოს ანჯელეს გალაქსის" ორჯერ შეხვდა და ამდენჯერვე გაუტანა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდთან დღეს გამთენიით ჩატარებულ შეხვედრაში, 61-ე წუთზე ვაკომ შორეული, ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა, სამ წუთში თანაგუნდელს ზუსტად უპასა და სან ხოსე დაწინაურდა, ბოლოს კი მესამე გოლშიც მონაწილეობა მიიღო. ვაკოს დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, თანაგუნდელს კი დამატებაზე ბურთის შეგდება არ გასჭირვებია.
ყაზაიშვილმა ამ სეზონში MLS-ში უკვე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა, აშშ-ს თასზე კი 3 გოლი მოაგროვა.
დღევანდელ შეხვედრაში კვლავინდებურად სრულად ითამაშა გურამ კაშიამ, ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა შვედ ფორვარდს მიზნის მიღწევის შესაძლებლობა არ მისცა.
"სან ხოსემ" MLS-ში ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო და 31 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილამდე ამაღლდა. ფლეი ოფში 7 გუნდი გადის, შემდეგ ტურში კი კალიფორნიელები "ვანკუვერ ვაითკეპს" დაუპირისპირდებიან.