საქართველომ შესაძლოა ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს

რუსეთში გაგნიძის და დავითაშვილის დაპირისპირება შედგა
სექტემბერი 27, 2021 17:32
ქართველების ჩერნომორეცი ინჰულეცს დაუზავდა
სექტემბერი 27, 2021 18:51

ზაგრებში გამართულ ,,გრან პრიზე” ქართველი ძიუდოისტები არც თუ ისე დიდი და ძლიერი შემადგენლობით წავიდნენ, თუმცა საქართველომ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 1 ოქროთი და 1 ვერცხლით მე-8 ადგილი დაიკავა.

ტატო გრიგალაშვილი -81კგ. წონით კატეგორიაში პირველ ადგილს დაეუფლა, ხოლო  -90 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საინტერესო იყო საქართველოს ძიუდოს ვიცე-პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადება ტურნირის დასრულების შემდეგ.

     …ვიმყოფებით ზაგრებში, გრან პრის გათამაშებაზე ძიუდოში, სადაც, მართალია, მოკრძალებული შემადგენლობით ვართ წარმოდგენილი, მაგრამ სასიხარულოა, რომ ახალი ოლიმპიური ციკლი საკმაოდ კარგად დავიწყეთ და იმედია, ეს ყველაფერი შემდგომ წლებშიც ასე გაგრძელდება.

საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან სხვადასხვა პროექტები და პროგრამები განვიხილეთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მსოფლიო ჩემპიონატის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოში. ამასთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდენტთან მიმდინარე წელს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა სურვილი  და დააფიქსირა მზაობა, რომ საქართველომ უმასპინძლოს მსოფლიოს ჩემპიონატს.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი პრაქტიკული ნაბიჯები ამ კუთხით უკვე გადაიდგა და მე იმედს ვიტოვებ, რომ პირველად ისტორიაში საქართველო შეძლებს უმასპინძლოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას”, – განაცხადა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.

სავარაუდოდ, საუბარი არის 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც შესაძლოა საქართველოში გაიმართოს. წელს ტურნირი უზბეკეთში, კერძოდ კი ტაშკენტში ჩატარდება 7-14 აგვისტოს. 2023 წელს კი დოჰაში (ყატარი).

ბოლოს საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური ოქრო 2013 წელს მოიპოვა. მას შემდეგ, პირველ ადგილს არ თმობს იაპონიის ნაკრები, რომელმაც შემდგომში ჩატარებულ ყველა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური ოქროს მედლები მოიპოვა. სწორედ საქართველოა ბოლო გუნდი, რომელმაც იაპონიას გუნდური ოქრო წაართვა.

Share