რაგბი ბიძინას თამაშია ?

მერაბ დვალიშვილი რეიტინგში მეექვსეა
სექტემბერი 28, 2021 10:32
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე
სექტემბერი 28, 2021 12:12

“რაგბი ჩვენი თამაშია”- ეს სლოგანი ქართულ რაგბს დიდი ხანია ამშვენებს და აქამდე ჩვენც ასე გვეგონა. სამწუხაროდ, როგორც გამოდის, რაგბი არა მხოლოდ მორაგბეების, არამედ პოლიტიკოსების საბრძოლო ასპარაზედაც იქცა. აგერ უკვე რამდენიმე თვეა, რაგბის კავშირის ხელმძღვანელად, დიდი ხმაურის შედეგად, სპორტული სამყაროსთვის უცნობი და ბიძინა ივანიშვილის “პირად მშენებლად” ცნობილი იოსებ ტყემალაძე დაგვინიშნეს. ახლა კი, მთელი სარაგბო სამყარო მოედნიდან არჩევნებში გადადის და ხმების მობილიზებას იწყებს.

სამწუხაროა, რომ ტელე-ეკრანებთან პოლიტიკოსები ხშირად მიჯნავენ სპორტსა და პოლიტიკას, ხოლო რეალურად კი, სწორედ მმართველი პარტიების (ნებისმიერ დროსა და ეპოქაში) კეთილგანწყობებით ხდება  სპორტულ ფედერაციებში ჩარევა. დიახ, საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის ჩვენც,  ჩვენ კი სანდო წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სარაგბო კლუბებში 50 კაციანი სიები დგება, რომლებიც 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში “ქართულ ოცნებას” მისცემენ ხმას. ცხადია ჩვენ, როგორც სპორტული რედაქცია, არცერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ, არც სიმპათიის გამოხატვას ვაპირებთ და არც მათ კრიტიკას, თუმცა პოლიტიკოსების უხეშ ჩარევას  სპორტულ ფედერაციებში კი ნამდვილად არ მივესალმებით. ინფორმაცია,  “TV პირველის” ჟურნალისტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამაც დაადასტურა. ჟურნალისტი სარაგბო კლუბ “ხვამლის”  სპორტულ დირექტორს, დავით ცხვედიანს, თბილისის მერის ცოლის  ძმის სახელით ურეკავს და ცხვედიანი ადასტურებს, რომ მან საბავშვო გუნდის მოთამაშეების ყველა მშობელი დაიბარა და აუხსნა, რომ კლუბის მომავლისთვის საარჩევნო ბიულეტენში 41 შემოეხაზათ. ამას, რა თქმა უნდა, რაგბის კავშირში არ ადასტურებენ, მაგრამ სამწუხაროდ თუნდაც იგივე ცხვედიანი სხვა რამეს გვეუბნება.

აქვე გეტყვით იმას, რომ სარაგბო კლუბი “ხვამლი” თბილისის მერიის ბალანსზეა. კლუბს მერია ინახავს. “ხვამლის” პრეზიდენტი გივი ჩხარტიშვილია, რომელიც მოახლოებულ არჩევნებში  “ქართული ოცნებიდან” დიდუბის მაჟორიტარია. გეტყვით იმასაც, რომ რაგბის კავშირის დაძაბულ არჩევნებში “ხვამლის” სახელით იოსებ ტყემალაძეს ხმა, არა გუნდის წარმომადგენლებმა, არამედ თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა  ირაკლი გვილავამ მისცა. ამის დამადასტურებელი ოქმი საჯაროა და ყველას შეუძლია მისი ნახვა.

ასე რომ, როგორც ჩანს  იოსებ ტყემალაძე და მისი ვიცე პრეზიდენტები-თორნიკე გოგებაშვილი და ლაშა(ბაჩო) ხურციძე , რომლებიც 5 თვეა რაგბის კავშირს ხელმძღვანელობენ და არსად უსაუბრიათ, თუ როგორ აპირებენ 7-კაცა რაგბის განვითარებას,  რა ბედი ეწევა ქალთა რაგბს და როდის განახლდება ბავშვთა რაგბში საფესტივალო ტურნირები, არჩევნებში ხმების მობილიზებით არიან დაკავებულნი.

ასე რომ,  უკვე ბრძოლაში ბედნიერნი კი არა, არჩევნებით ბედნიერია მთელი სარაგბო სამყარო!

Share