“დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი!”

ქართველი ფეხბურთელების კარგი დღე კონფერენსლიგაზე
სექტემბერი 30, 2021 21:12
ბერძნულ-რომაელთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე
სექტემბერი 30, 2021 22:24

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში 2 ოფიციალურ თამაშს გამართავს. 9 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 12 ოქტომბერს – პრიშტინაში კოსოვოს.

ფრანგმა მწვრთნელმა 24-კაციანი განაცხადი  უკვე დაასახელა. ნაკრები 4 ოქტომბერს შეიკრიბება და საბერძნეთთან  მატჩისთვის მოემზადება.

ამ ეტაპზე ისევ უცნობია, დაესწრება თუ არა საბერძნეთთან ბათუმში გასამართ მატჩს ქართველი გულშემატკივარი, რომელიც, ბოლო პერიოდში ქვეყნის პირველმა პირებმა ნაკრებს “ჩამოაშორეს”. ფაქტი კი ჯიუტია: საქართველოს ნაკრები გულშემატკივრის გარეშე სულ სხვა გუნდია და გულშემატკივართან ერთად – სულ სხვა.

ცხადია კიდევ ერთი რამ: სექტემბრისგან განსხვავებით ეპიდვითარება დასტაბილურდა, ვაქცინირებულთა რიცხვიც უფრო მეტია, ვიდრე იმ დროს იყო, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უცნობია. ისევ ვხედავთ პოლიტიკურ შეკრებებს და ისევ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა შეიძლება, ხოლო ფეხბურთი – არა!

კოსოვოს წინააღმდეგ კარგად გამოჩნდა რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნაკრებისთვის გულშემატკივარს. ფაქტიც სახეზე გვაქვს – ორ განსხვავებულ პოლუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს მატჩი ესპანეთთან და კოსოვოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მატჩში დავმარცხდით, სათამაშო ხარისხი და ფეხბურთელების მონდომება სრულად განსხვავებული იყო.

ესპანეთთან მატჩის დროს, დინამო არენაზე დაახლოებით 16 000 გულშემატკივარი იმყოფებოდა. ესპანეთთან მატჩამდე მაყურებელი თავის ნაკრებს ბოლოს 2019 წლის ოქტომბერში ირლანდიასთან შეხვდა – ის მატჩი 0-0 დასრულდა. ნაკრებს და ფეხბურთს მონატრებული გულშემატკივარი საქართველოს ესპანეთთან გულმხურვალედ უჭერდა მხარს, ეს ყველაფერი კი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო. პირველი ტაიმი ესპანეთს მოვუგეთ… ახლოს ვიყავით ქულასთან, თუმცა არ გაგვიმართლა..

რა მოგვცა ბათუმში ცარიელმა ტრიბუნებმა კოსოვოსთან? ისე ჩანდა, თითქოს ნაკრები უმოტივაციოდ თამაშობდა. კონკრეტული გამონათებების გარდა საერთო კონტექსტი საშინელი იყო: არ ჩანდა მონდომება, ფეხბურთელების მოქმედებებში არ იგრძნობოდა თამაშის მოგების სურვილი. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ – წავაგეთ, მაგრამ ამჯერად არაფრის მთქმელი  თამაშით; თამაშით, რომელმაც თითქოს დაბრუნებული იმედი სადღაც გააბრუნა.

სწორედ ეს გულშემატკივარი დააკლდა საქართველოს ნაკრებს გასულ ნოემბერში მაკედონისთან: სწორედ ის მუხტი, ენერგია, რომელიც ესპანეთთან ძალიან იგრძნობოდა.

ამ სტატიის პათოსიც სწორედ იმას ეფუძნება, რომ საქართველოს ნაკრებისთვის გულშემატკივარი ბევრად მეტია, ვიდრე მე-12 მოთამაშე. სწორედ  ქართველი გულშემატკივარია ის ძალა, რომელიც ნაკრებს იმ მომენტში დაუდგება გვერდით,  როდესაც მატჩში გარდატეხის შეტანაა საჭირო.

სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ საბერძნეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ის გულშემატკივარი გაამხნევებს, რომელიც ამდენი წელი ელოდებოდა ბათუმში სტადიონს.

დაუბრუნეთ ნაკრები გულშემატკივარს! და დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი!

Share