სანიოლის განაცხადი – ვინ და რა ფორმაში ჩამოდის ნაკრებში

“ასეთი ფეხბურთელის სანახავად სტადიონზე მისვლა ღირს” – ბელგიელები ჩაკვეტაძეზე
ოქტომბერი 1, 2021 09:08
კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული გამოდგა – ხვალ ოპერაციაა ჩანიშნული
ოქტომბერი 1, 2021 10:58

სანაკრებო პაუზა მოგვიახლოვდა და ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა დაასახელა ის 24 ფეხბურთელი, რომელიც 4 ოქტომბერს დაიწყებს შეკრებას საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ მატჩებისთვის მოსამზადებლად.

წინა შეხვედრებში მიღებული ყვითელი ბარათების გამო 9 ოქტომბერს გასამართ საშინაო მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია გამოტოვებენ, თუმცა ისინი 12 ოქტომბრის მატჩისთვის მოემზადებიან.

დღეს კი განვიხილავთ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სათამაშო ფორმას, თუ ვინ სად და რამდენს თამაშობს

გიორგი ლორია – ეროვნული ნაკრების პირველი მეკარე თემურ ქეცბაიას “ანორთოსისის” უცვლელი წევრია და კვიპროსის ჩემპიონატის საწყისი სამიდან სამივე ტურში 90 წუთი ითამაშა. “ანორთოსისმა” მართალია ამ სამ ტურში მხოლოდ სამი ქულის მოგროვება შეძლო, თუმცა გიორგიმ გუნდი გაშვებული გოლისგან ბევრჯერ იხსნა და შეიძლება ითქვას, რომ გუნდის წელსაც ერთ-ერთი ნათელი წერტილია.

გიორგი მამარდაშვილი  – 21 წლის ქართველი მეკარე ამ სეზონში თბილისის “დინამოდან” ესპანურ “ვალენსიაშია” განათხოვრებული, სადაც ესპანეთის ჩემპიონატის საწყისი 7 ტურიდან 6-ში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა. აღსანიშნავია პირველი ტურის მატჩი “ხეტაფეს” წინააღმდეგ, თუმცა რეალთან და სევილიასთან ვალენსიური კლუბის კრახის შემდეგ მწვრთნელმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა და, მათ შორის, გიორგიც იესპერ სილესენით ჩაანაცვლა.

ლაზარე კუპატაძე – ესპანეთისა და კვიპროსის ჩემპიონატებისგან განსხვავებით, საქართველოს ეროვნული ლიგა უკვე ნელნელა დასასრულს უახლოვდება და ამ 27 ტურის განმავლობაში 25 წლის ლაზარე კუპატაძემ მშვენიერი თამაში აჩვენა, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ცხრილში ბათუმის “დინამოს” ლიდერობის. უკანასკნელ ხუთ თამაშში მის ანგარიშზე ორი მშრალად შენახული კარია, ხოლო ბოლო მატჩში გორის “დილასთან” 4 უმნიშვნელოვანესი სეივით გამოირჩა.

ოთარ კაკაბაძე – საქართველოს ნაკრების 26 წლის მარჯვენა მცველი ამჟამად პოლონური “კრაკოვიას” მცველია. მისი კლუბი საწყისი 9 ტურის შემდეგ საკუთარ ჩემპიონატში მერვე ადგილს იკავებს 12 ქულით. სამწუხაროდ, ოთარს სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს და მან “კრაკოვიას” ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ ერთში ( პოლონეთის თასის 1/32 ფინალში) მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 120 წუთის განმავლობაში შეუცვლელად ითამაშა და პენალტების სერიაში “კრაკოვიას” მხრიდან უკანასკნელი დარტყმაც სწორედ ოთარმა ვერ აქცია გოლად.

გურამ კაშია – საქართველოს ნაკრების 34 წლის დაცვის ლიდერი ამჟამად სლოვან ბრატისლავას (*სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერი) წევრია. ვლადიმერ ვაისმა ის ამ სეზონში ჩემპიონატის 9 თამაშიდან 7-ში ძირითად შემადგენლობაში დააყენა: გურამმაც იმედები არ გაუცრუა. მისმა გუნდმა ჩემპიონატში ყველაზე ცოტა, 7 გოლი გაუშვა. კაშია სტაბილურად თამაშობს კონფერენსლიგაზეც…

დავით ხოჭოლავა – საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალურმა მცველმა დანიის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი “კოპენჰაგენის” შემადგენლობაში 11-დან 10 შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. კლუბი და თავად ხოჭოლავაც მშვენივრად ასპარეზობენ – კოპენჰაგენმა საწყის 10 ტურში მხოლოდ 7 გოლი გაუშვა. ხოჭოლავას აქტივში ორი მატჩია კონფერენსლიგაზეც.

ლუკა ლოჩოშვილი – 23 წლის ქართველი მცველი ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბ “ვოლფსბერგში” ასპარეზობს. წინა სეზონისგან განსხვავებით მას წელს მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი აქვს და უკვე 10 შეხვედრაში მოასწრო მონაწილეობის მიღება, საიდანაც ცხრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. თავად კლუბი, სამწუხაროდ, არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება და პირველი 9 ტურის შემდეგ მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება 9 ქულითა და 19 გაშვებული გოლით.

გრიგოლ ჩაბრაძე – საქართველოს ჩემპიონატის ლიდერის 25 წლის მარჯვენა მცველმა ამ სეზონში უკვე 20 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 19 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ქომაგებს თავი ერთი გატანილი გოლითაც დაამახსოვრა. მისი კლუბი მშვენივრად გამოიყურება და ამ სეზონში მხოლოდ 22 გოლი აქვს გაშვებული, რაც ძლიერი დაცვის შედეგია.

ირაკლი აზაროვი – საქართველოს ნაკრების განაცხადში ვილი სანიოლმა ბათუმის “დინამოდან” კიდევ ერთი მცველი გამოიძახა, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და საკმაოდ სტაბილურადაც გამოიყურება. მან ამ სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 21 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 2 გოლითაც გამოირჩა და 6 ყვითელი ბარათი მიიღო.

გურამ გიორბელიძე – 25 წლის ქართველი მცველი 2021-2022 წლების სეზონს გერმანიის რიგით მეორე ჩემპიონატში, კერძოდ დრეზდენის “დინამოს” შემადგენლობაში ატარებს. მისი კლუბი პირველი რვა ტურის შემდეგ 13 ქულით მეექსე პოზიციას იკავებს და მხოლოდ 8  გოლი აქვს გაშვებული, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ნაკლებადაა გურამის დამსახურება, რადგან მას ივლისის თვის შემდეგ კლუბის ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ლაშა დვალი – უნგრული “ფერენცვაროშის” 26 წლის მცველს ტრავმის შემდეგ დაბრუნება გაუჭირდა. ლაშა წინა სეზონში კლუბის უცვლელი წევრი იყო და 21 შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ამ სეზონში მას ჯერ ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია და კლუბის განაცხადშიც მხოლოდ სამი ტურის წინ გამოჩნდა.

ჯაბა კანკავა – საქართველოს ნაკრების 35 წლის კაპიტანი ამჟამად გურამ კაშიას თანაგუნდელია და სლოვაკურ სლოვან ბრატისლავაში ასპარეზობს. ქართველმა ნახევარმცველმა უკვე 8 შეხვედრაში მოასწრო მონაწილეობა და თავი 1 საგოლე გადაცემითაც დაგვამახსოვრა.

ნიკა კვეკვესკირი – პოლონური კლუბის “ლეხი პოზნანის” 29 წლის ნახევარმცველი ნაკრების წინა შეკრებაზე ვილი სანიოლს არ გამოუძახებია, მისი კლუბი კი ამჟამად პოლონეთის ჩემპიონატის პირველადგილოსანია, ნიკამაც 9 ტურიდან 8-ში მიიღო მონაწილეობა და ერთი ლამაზი გოლითაც გამოიჩინა თავი.

გიორგი აბურჯანია – გიორგიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი შეიცვალა და, შესაბამისად, ჯერ-ჯერობით ადაპტაციის პროცესს გადის. “ჟილ ვისენტეს” შემადგენლობაში მან უკვე ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მართალია მხოლოდ 26 წუთი ითამაშა, თუმცა გოლის გატანა მაინც მოახერხა.

ვალერიან გვილია – აბურჯანიას მსგავსად გვილიამ ახლახან შეიცვალა კლუბი და ვარშავის “ლეგიადან” იმავე ჩემპიონატის კლუბ “რაკოვში” გადავიდა. კლუბი პოლონეთის ექსტრაკლასში მეხუთე ადგილს იკავებს, თუმცა ერთი მატჩი მარაგში აქვს და მისი მოგების შემთხვევაში პირველი ადგილს კვეკვესკირის კლუბთან გაიყოფს. ქართველმა ნახევარმცველმა რვიდან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 354 წუთი ითამაშა.

ოთარ კიტეიშვილი – ოთარს საქართველოს ნაკრებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, ამიტომაც, უკანასკნელ სანაკრებო პაუზაზე მიღებულმა ტრავმამ საქართველოს თამაშის ხარისხზე ძალიან ცუდად იმოქმედა. 25 წლის ნახევარმცველი ავსტრიული “შტურმის” ფეხბურთელია, ამ სეზონში უკვე რვა მატჩიც ჩაატარა და ერთი გოლით გამოირჩა. პსვ-სთან კონფერენსლიგის შეხვედრაში კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო. ტრავმის სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია.

გიორგი ჩაკვეტაძე –  ხშირმა ტრავმებმა თავისი ქნა და ძალიან დიდი დრო გაუცდა, თუმცა ქართველი შემტევი ნელ-ნელა ფორმაში შედის, “გენტის” მწვრთნელიც მეტად ენდობა, მან უკვე ხუთი მატჩი ჩაატარა ამ სეზონში, აქედან ორი ძირითადიდან დაიწყო და ორი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. გიორგის ფეხი აწუხებს, თავის დაზღვევის მიზნით “ანორთოსისთან” თამაში გამოტოვა, თუმცა “გენტის” მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ის აუცილებლად ითამაშებს სამ ოქტომბერს გენტის წინააღმდეგ და შემდეგ საქართველოში ჩამოვა.

გიორგი წითაიშვილი – საქართველოს ნაკრების სახელით ჩატარებულ მატჩებში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგი კიევის “დინამოს” აღზრდილია, ხოლო ახლა უკრაინულ “ჩერნომორეცში” თამაშობს. თავად კლუბს არც ისე კარგი დრო უდგას, თუმცა გიორგიმ უკვე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 379 წუთის განმავლობაში მეტოქის კარებთან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა.

ხვიჩა კვარაცხელია – ამ ეტაპზე ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი და ამას მის გარშემო არსებული სატრანსფერო ციებ-ცხელებაც მოწმობს. უამრავი ჭორის ფონზე, ქართველმა ნახევარმცველმა ახალი სეზონსი ისევ “რუბინში” დაიწყო. წინა სანაკრებო პაუზაზე ხვიჩას ტრავმა ჰქონდა, თუმცა 4 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსასვლელად ის მზადაა. 2021-2022 წლების სეზონში მან 7 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ექვსი ძირითადში დაიწყო და 477 წუთის განმავლობაში ერთი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ვლადიმერ მამუჩაშვილი – 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ბათუმის “დინამოს” კიდევ ერთი წარმომადგენელია ეროვნულ ნაკრებში. ვილი სანიოლმა მას წინა სანაკრებო პაუზის დროსაც უხმო. მამუჩაშვილი ბათუმური კლუბის საკვანძო ფეხბურთელია, იგი ამ სეზონში კლუბს ოცდაშვიდივე შეხვედრაში დაეხმარა, ამ დროში კი 8 გოლი გაიტანა.

საბა ლობჟანიძე – თურქეთის “სუპერ ლიგის” ნამდვილ ვარსკვლავად იქცა 24 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომლის კლუბიც, “ჰატაისპორიც” შესაშურ წინააღმდეგობას უწევს ჩემპიონატის ლიდერებს და შვიდი ტურის შემდეგ 13 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება. საბამ შვიდიდან ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და 393 წუთში 3 გოლითა და 3 ასისტით დაგვამახსოვრა თავი, რაც ნამდვილად შესანიშნავი შედეგია.

გიორგი მიქაუტაძე – ამჟამად ბელგიის “სერაინის” რიგებში თამაშობს და სწორედ გიორგის დამსახურებაა, რომ მეორე ლიგის ნაცვლაც ეს კლუბი 2021-2022 წლების სეზონს იუპილერლიგაში ატარებს. გიორგიმ წინა სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი დააგროვა, ხოლო ამ სეზონში უკვე 3 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

ზურიკო დავითაშვილი – წინა სეზონი “როტორში” გაატარა, სადაც 20 მატჩი ჩაატარა, წელს კი ტულას “არსენალის” რიგებში ასპარეზობს და 8 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

თორნიკე ოქრიაშვილი – წინა შეკრებაზე სანიოლმა ის განაცხადს მიღმა დატოვა. ამგვარად, ნაკრების გამოცდილი წევრი ოქტომბრის მატჩებში ბრუნდება. 2021-2022 წლების სეზონს თორნიკე კვიპროსულ “აპოელში” ატარებს, რომლის შემადგენლობაში ჯერ მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა.

როგორც ვხედავთ, ნაკრების შემადგენლობა ნამდვილად ოპტიმალურია და გვაძლევს შემდეგ ორ მატჩში ექვსი ქულის მოპოვების იმედს.

 

 

 

Share