VIDEO ჯაბა კანკავას საუკეთესო 3 გოლი ეროვნულ ნაკრებში

VIDEO მატჩი ისტორიიდან: “ანორთოსისი” 0:3 “დილა”
ოქტომბერი 7, 2021 14:51
ჯუღელი: “ისეთი ფეხბურთელია, ევროპაში თავად გავა”
ოქტომბერი 7, 2021 17:05

9 ოქტომბერს, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან გასამართი შეხვედრა საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის, კაბა კანკავასთვის იქნება საიუბილეო მე-100 მატჩი, რითაც ის ეროვნული გუნდის ლეგენდას, ლევან კობიაშვილს დაეწევა და მისი რეკორდის მოსახსნელად ერთი შეხვედრაღა დასჭირდება.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით QOMAGEBI.GE შემოგთავაზებთ ჯაბას 3 საუკეთესო გოლს ეროვნული ნაკრების მაისურით.

ჯაბა კანკავა არის მიმდინარე შემადგენლობიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მეორე საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე ოქრიაშვილის შემდეგ (12). ჯაბას ეროვნული გუნდის მაისურით 10 ბურთი აქვს გატანილი. სადებიუტო გოლი მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კანკავამ 2006 წელს, მალტის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა. სწორედ მალტა გახლავთ ჯაბას საყვარელი გუნდი: მათ წინააღმდეგ კანკავამ კიდევ ორ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, 2011 წელს გასვლაზე (1-1) და 2015 წელს, როდესაც ლოკომოტივის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიში თავური დარტყმით გახსნა. ის შეხვედრა ანგარიშით 2-0 დასრულდა. ჯაბა კანკავას გოლზე პირველ რიგში ალბათ მისი შორეული დარტყმები გვახსენდება, რა გასაკვირია, რომ ტოპ 3-ში შესული ყველა გოლი ქართველმა ნახევარმცველმა სწორედ საჯარიმოს გარედან გაიტანა.

ჩამონათვალი კი ასეთია:

გიბრალტარი 2 – 3 საქართველო

ჯერ-ჯერობით ბოლო გოლი, რომელიც კანკავამ ნაკრების რიგებში გაიტანა. გიბრალტართან შეხვედრისას ნაკრებს არანაირი სატურნირო მოტივაცია არ გააჩნდა, თუმცა, როგორც ყოველთვის ქართველი ქომაგები გუნდისგან გამარჯვებას, თან მეტოქის დონის შესაბამისად დამაჯერებელ მოგებას ითხოვდნენ. ქართველმა ფეხბურთელებმა მალევე გაიტანეს პირველი გოლი, ხოლო მე-20 წუთზე ჯერი კანკავასკენ მიდგა. ჯანო ანანიძემ მას ბურთი დაუგორა, ხოლო ჯაბამ, რომელმაც დაინახა, რომ მეკარეს არც თუ ისე კარგი პოზიცია ეკავა, საკმაოდ დიდი მანძილიდან უძლიერესი დარტყმით დალაშქრა გიბრალტარის კარი. საქართველოს ნაკრებს შეხვედრის მოგება გაუჭირდა, გიბრალტარმა მოახერხა ანგარიშში ჯერ სხვაობის შემცირება, ხოლო შემდეგ კი სულაც ანგარიშის გათანაბრება, თუმცა 84-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ შეძლო საქართველოს ნაკრების დაწინაურება და გუნდისთვის გამარჯვების მოტანა. ეს შეხვედრა შეიძლება არ არის ქართველი გულშემატკივრის საყვარელი მატჩი, თუმცა ისტორიას ჯაბა კანკავას ულამაზესი გოლი დარჩა.

 

ლატვია 0 – 3 საქართველო

ერთა ლიგა 2018, ქართველი ქომაგის ერთ-ერთი საყვარელი მოგონება, ხოლო ლატვიასთან გასვლითი შეხვედრა კი ალბათ ნაკრების საუკეთესო თამაში იყო ამ ტურნირზე. შეხვედრა ნამდვილად დაუვიწყარი გამოდგა. ბევრი რამის გამორჩევა შეგვიძლია, თუნდაც ნაკრების დომინანტური ფეხბურთის და უამრავი შექმნილი მომენტის მეტოქის კართან, გინდ ქართველი ქომაგების გასვლით შეხვედრაში მხარდაჭერის მაღალი დონის, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა ჯაბა კანკავას გოლია მატჩის მე-8 წუთზე, რომელმაც ანგარიში გახსნა,. მანამდე ვაკო ყაზაიშვილმა თერთმეტმეტრიანიდან ვერ მოახერხა ნაკრების დაწინაურება, თუმცა ოთხ წუთში ჯაბას გოლმა ნაკრებს ფსიქოლოგიურად გატყდომის საშუალება არ მისცა და გუნდმა ის ანგარიში აჩვენა ტაბლოზე, რომე;საც იმსახურებდა. კანკავას ეს გოლი ნამდვილად არის არა მარტო მის კარიერაში, არამედ ნაკრების ისტორიაშიც ერთ-ერთი საუკეთესო.

 

გერმანია 2 – 1 საქართველო

რა თქმა უნდა თითოეულმა მკითხველმა იცოდა, რომელი გოლი აღმოჩნდებოდა პირველ ადგილზე. გერმანიასთან ჯაბას გოლი ნამდვილად არცერთ ქართველ ქომაგს დაავიწყდება. ლაიპციგში გამართულ შეხვედრაში დაწინაურება მასპინძლებმა მოახერხეს, 50-ე წუთზე ომას მიულერმა თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან გახსნა ანგარიში. გერმანელთა გოლამდე და გოლის მერეც საქართველოს ნაკრებს ბევრი მომენტი ჰქონდა შექმნილი მასპინძლების კართან, თუმცა იმ დროისათვის ულაპარაკოდ მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარე მანუელ ნოიერი იმ დღეს უბრალოდ გაუვალი ჩანდა. მაშინაც კი, როდესაც ნიკა კვეკვესკირმა ცხრიანში გაუშვა ბურთი, ნოიერმა მაინც მოახერხა იმ დარტყმის კუთხურზე გადაგდება. ისეთი განცდა გაჩნდა, რომ თითქოს საქართველოს ნაკრებს ამ თამაშში გოლის გატანა უბრალოდ არ შეეძლო, თუმცა იმავე კუთხურიდან გადმოვარდნილ ბურთზე, ჯაბა კანკავამ უძლიერესი დარტყმით ჩაუშვა ბურთი კარის ბადეში და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეკარე, იმ დროისთვის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მანუელ ნოიერი ადგილზე გააშეშა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ აღნიშნული შეხვედრა მაინც წააგო, უეფამ ჯაბას გოლი სათანადოდ დააფასა და იმ ციკლის, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო რაუნდის ტოპ 10 გოლში მე-4 ადგილზე გაიყვანა, ამ გოლმა უკან დატოვა ისეთი გოლები, როგორებიცაა, ისკოს გოლი ბელარუსის წინააღმდეგ, კრიშტიანო რონალდუს გოლი სომხეთის წინააღმდეგ, გარეთ ბეილის გოლი ანდორას წინააღმდეგ და სხვა. ეს შეხვედრა ნამდვილად დაუვიწყარი გამოდგა ქართველი ქომაგისთვის: საქართველოს ნაკრები ტოლსწორად ეთამაშა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს გასვლაზე, რომელსაც თან სატურნირო მოტივაცია ამოძრავებდა. ხოლო ჯაბას გოლი კი ის იყო, რამაც შედეგის მიუხედავად დიდი სიხარული მოუტანა ქართველ გულშემატკივარს.

Share