“როდემდე? ასე აღარ შეიძლება!” – ანუ ნაკრების მორიგი სამარცხვინო მატჩი

VIDEO ლუკა გაგნიძე უელსის წინააღმდეგ
ოქტომბერი 10, 2021 10:06
სანიოლმა მართალი თქვა – მიბაძეთ თორნიკე ოქრიაშვილს!
ოქტომბერი 10, 2021 11:19

2021-10-09 21:08:14 epa09515309 Tasos Bakasetas (L) and Thanasis Androutsos (R) of Greece in action against Giorgi Chakvetadze (C) of Georgia during their FIFA World Cup 2022 Qualifying round - Group B soccer match between Georgia and Greece in Batumi, Georgia, 09 October 2021. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გრძელდება და საქართველოს ნაკრებს ექვს ტურში ერთადერთი ქულა აქვს.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ეს შედეგი წარმატებულად ჩაითვალოს, მითუმეტეს ისეთ ჯგუფში, რომელშიც ჩვენ მოვხვდით. კენჭისყრის შემდეგ, ალბათ, ყველა გულშემატკივარი (ყველაზე პესიმისტიც კი) ფიქრობდა, რომ 2012 წელს დაწყებულ მოუგებელ სერიას ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე დავძლევდით, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მოვახერხეთ.

სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრასთან ერთად ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლის შანსიც დავკარგეთ. გულშემატკივარს იმედი გადაეწურა, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამ მაინც მთელი ერი გაახარა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან არაერთი ადამიანი გაემგზავრა მატჩზე დასასწრებად… ვერც ეს მოხერხდა!

იმედი კიდევ უფრო გააღრმავა სანიოლის მიერ დაყენებულმა ძირითადმა შემადგენლობამ, ნანატრი შემტევი ხაზი გამოჩნდა: კვარაცხელია-ჩაკვეტაძე-მიქაუტაძე-ლობჟანიძე… გაჩნდა აზრი, რომ ამ შემტევ ოთხეულს ბერძენთა მცველები ვერ გაუმკლავდებოდნენ, მაგრამ ნაადრევი ოპტიმიზმი თამაშის დაწყებიდან 15 წუთში მწარე რეალობამ შეცვალა. ნაკრებს მომენტის შექმნა უჭირდა, მატჩის დასაწყისში შექმნილი 1-2 ეპიზოდის შემდეგ (მათ შორის აღსანიშნავია კაკაბაძის შორეული გასროლა, რომლის მოგერიებაც ბერძენთა მეკარეს ძალიან გაუჭირდა) ბურთი ხელში ბერძნებმა ჩაიგდეს და მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში აღარ დაგვითმეს. ნახევარდაცვის სუსტი თამაშიდან გამომდინარე ცენტრი მალევე დავკარგეთ, ბერძნებს ჩვენს ნახევარზე ბურთის გადმოტანა აღარ უჭირდათ და ყოველ შეტევას ჩვენს კართან მომენტი მოჰყვებოდა. ამას დაემატა ლორიას რამდენიმე არადამაჯერებელი მოქმედება და გოლი, რომელიც, საბედნიეროდ, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ აღარ ჩაითვალა და იმედები ისევ გაგვიჩნდა.

კანკავა-აბურჯანიას წყვილს ძირითადად ჩამშლელებად უწევდათ ყოფნა, შესაბამისად, ჩაკვეტაძემ ბურთის ამომტანის ფუნქცია იკისრა, თუმცა ამან გუნდის შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო შეასუსტა. მთელი თამაშის განმავლობაში მარცხენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელიას მინიმუმ ორი ბერძენი მეურვეობდა, რამაც მას საქმე ძალიან გაურთულა, თავად ხვიჩაც ნაკლებად ცდილობდა გამწვავებას და 90 წუთის განმავლობაში 1-2 ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, ბურთის მიღებისთანავე მის მოშორებაზე ფიქრობდა.

ყველაზე ნაკლებად მაყურებელს გიორგი მიქაუტაძე დაამახსოვრდა, რომელიც სანამ შეცვლიდნენ, ალბათ, სულ რამდენჯერმე შეეხო ბურთს და მაშინაც ვერ შეძლო რაიმე ღირებულის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ მარჯვენა ფლანგზე ძალიან ბევრს მოძრაობდა და საკმაოდ აქტიურობდა საბა ლობჟანიძე, რომელსაც რამდენჯერმე შეექმნა სივრცე მომენტის შესაქმნელად, თუმცა ჩვეული კარგი გარბენის შემდეგ ვერცერთხელ მოახერხა თანაგუნდელისთვის ზუსტი პასის გაკეთება. შესაბამისად ერთადერთი ფეხბურთელი ოქრიაშვილის შემოსვლამდე, რომელმაც რაღაც შექმნა და თავი დაგვამახსოვრა გიორგი ჩაკვეტაძე იყო: ალბათ, ამიტომ გაუკვირდა თითოეულ გულშემატკივარს მისი მოედნიდან ნაადრევად გაყვანა. მართალია, ნახევარდაცვა გაძლიერებას პირველივე წუთებიდანვე საჭიროებდა, თუმცა, ჩემი აზრით, არა იმ ფეხბურთელის ცვლილებით, რომელიც ბურთს ანაწილებდა და გუნდის ყველა იერიშს იწყებდა.

აღსანიშნავია, რომ თამაშში აქტიურად ჩაერთო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც მიქაუტაძის პოზიცია დაიკავა, თუმცა ამის მიუხედავად უკანაც ხშირად იწევდა და ნახევარმცველებს ბურთის განაწილებაში ეხმარებოდა. მანვე შექმნა მეორე ტაიმში, ალბათ, ერთადერთი საგოლე ეპიზოდი, როდესაც ჯარიმიდან მოულოდნელად დაარტყა, თუმცა ბერძნები იმ ეპიზოდში მეკარემ იხსნა გაშვებული გოლისგან.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ბერძნების კარნახით მიდიოდა და საგოლე მომენტებსაც ისინი ქმნიდნენ, ფრის შანსი ბოლო წუთებამდე არ დაგვიკარგავს, თუმცა ამჯერადაც ერთმა უიღბლობამ თამაშის ბედი სრულად  შეცვალა და გიორბელიძეს 89-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში ბურთი ხელზე შეეხო, რასაც თერთმეტმეტრიანი და ბერძენთა პირველი გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ მაინც ველოდით გუნდის შეტევაში წასვლას და რაიმე ღირებული მომენტის შექმნას, თუმცა ამაოდ – ვერც შეცვლაზე შემოსულმა ქვილითაიამ და დავითაშვილმა შეცვალეს რამე და იქით გატანის ნაცვლად, პირიქით, კაკაბაძის უხეში შეცდომის შემდეგ 95-ე წუთზე მეორე გოლი მივიღეთ ჩვენს კარში და მატჩიც, შესაბამისად, 0-2 დასრულდა.

სანიოლის დაყენებული ძირითადი შემადგენლობა ერთი შეხედვით ყველას მოგვეწონა, მაგრამ ეს ალბათ ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას ერთად დანახვით იყო განპირობებული და არა იმით, რომ ამ გუნდს ბერძნებთან გამარჯვება შეეძლო. ძალიან დაგვაკლდნენ ტრავმირებული კიტეიშვილი და გურამ კაშია, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა გუნდს. კიტეიშვილის არყოფნაში კი კიდევ უფრო გაუგებარი იყო ორი ცენტრალური ნახევარმცველით გამოსვლა და კვეკვესკირის სკამზე დატოვება ისეთ მებრძოლ გუნდთან, როგორიც საბერძნეთია. სწორედ ეს იყო ის გარდამტეხი მიზეზი, რის გამოც მატჩის 70%-ის განმავლობაში თამაში ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა და შესაბამისად გუნდი მომენტებს ვერ ქმნიდა, თუმცა ყველაზე მეტად ქართველ გულშემატკივარს და მათ შორის მეც გული იმ უსახურმა თამაშმა, მებრძოლი ხასიათის არქონამ და უმოძრაობამ დაგწყვიტა, რომელსაც ასე მიგვაჩვია უკანასკნელი მატჩების განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა.

მოუგებლობით ნამდვილად ვერავინ გაგვაკვირვებს, უკვე 9 წელია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე არავისთან აგვიღია სამი ქულა, მაგრამ როცა ჯგუფში ისეთი ნაკრებები გყავს, როგორიც კოსოვო და საბერძნეთია, ალბათ, მინიმუმ მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივარს უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ შეგვიძლია მათთან ტოლ-სწორად თამაში და მცირედი გამართლების შემთხვევაში 3 ქულის მოპოვება, თუმცა, არა, ლორიას არადამაჯერებლობას ჯერ დაცვაში უსახური თამაში, შემდეგ მოშლილი ნახევარდაცვა, ხოლო ბოლოს უნიათო შეტევა დაემატა, რის შემდეგაც, ალბათ, ეს წაგებაც დამსახურებული იყო და დღეს ის მომენტია, როცა ფეხბურთელებმა არც იმის შესაძლებლობა მოგვცეს დაკარგული ქულები უიღბლობას ან არაკეთილსინდისიერ მსაჯობას დავაბრალოთ.

Share