სანიოლმა მართალი თქვა – მიბაძეთ თორნიკე ოქრიაშვილს!

“როდემდე? ასე აღარ შეიძლება!” – ანუ ნაკრების მორიგი სამარცხვინო მატჩი
ოქტომბერი 10, 2021 10:59
VIDEO “ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო… ყველაფერი თქვენთვის გავაკეთეთ!”
ოქტომბერი 10, 2021 11:42

მსოფლიო  ჩემპიონატის  შესარჩევი  ეტაპის  კიდევ ერთი მატჩი წავაგეთ, ამჯერად საბერძნეთთან, კვლავ უსისხლო თამაშით და მომენტების გარეშე, თუმცა დღევანდელი ბლოგის თემა ეს არ არის. საბერძნეთთან მატჩშიც შეიმჩნეოდა ის კლასი, რომელიც როგორც ჩანს, მხოლოდ 30 წუთისთვის ემეტება სანიოლს.

მიქაუტაძის მაგივრად გამოსულმა ოქრიაშვილმა ნომინალური პოზიციისგან განსხვავებით, ცრუ ცხრიანად ითამაშა, კარშიც დაარტყა, 2 კუთხურიც მოიპოვა და გარდა ამისა ყოველ მის მოქმედებაში იგრძნობოდა მონდომება, სურვილი და სათამაშო კლასი, რომელიც მას არასდროს აკლდა და ნაკრებში ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა.

ეროვნულ ნაკრებში დღეს ძალიან ბევრი ახალგზარდა ფეხბურთელია, რომელთაც, რათქმაუნდა, წარმატებული საკლუბო კარიერის შექმნა სურთ, ოქრიაშვილის სახით კი  ნათელი მაგალითი ჰყავთ თუ რა შეცდომები არ უნდა დაუშვან კარიერის განმავლობაში. ყველას გვსმენია ოქრიაშვილის უდისციპლინურობასა და ჩაგდებულ სამედიცინო შემომწმებებზე: ამას ტრავმებიც ემატებოდა – ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები 2 ჯერ აქვს გაწყვეტილი და დაახლოებით 1 წელი და 6 თვე უფეხბურთოდ ყოფნაც მოუწია. რომ არა ქართული მენტალიტეტი და საქმისადმი უფრო მეტად პროფესიონალური დამოკიდებულება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოქრიაშვილი საკლუბო კარიერაში თავის სიტყვას აუცილებლად იტყოდა, ნაკრებში კი იმაზე უფრო მეტად წარმატებული იქნებოდა, ვიდრე დღეს.

ოქრიაშვილის ასეთი თამაში საბერძნეთთან  ბევრს გაუკვირდებოდა: “აპოელში” გადასულმა ქართველმა სეზონი კარგად ვერ დაიწყო, მედია აკრიტიკებდა და ეს არც გვიკვირდდა, რადგან მართლაც ვერ შეეწყო ჯერ-ჯერობით თორნიკე ახალ გუნდს, თუმცა ნაკრებში მაინც ფორმაში მყოფი მოგვევლინა.

თორნიკე ოქრიაშვილი ნაკრებში 2012 წლიდან თამაშობს და ყოფილა მომენტები, როცა კლუბში დიდი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, ტრავმიდან ახალი დაბრუნებული იყო, გუნდში შესაძლებლობებს ვერ ავლენდა, მაგრამ ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და შედეგიც ხშირად მოჰქონდა მის ქმედებებს.

ესპანეთთან ისტორიული გამარჯვების დროს, გოლი სწორედ ოქრიაშვილმა გაიტანა და  გატანილი გოლის გარდა თორნიკემ მოედანზე 12,51 კილომეტრი ირბინა, თანაც, ძირითადად უბურთოთ, რაც, რათქმაუნდა, უფრო მეტად დასაფასებელია.

სტატისტიკა გასაგებია, მაგრამ სტატიის პათოსი ოქრიაშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტზე ან მის სათამაშო მონაცემებზე აგებული არ არის. ოქრიაშვილი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც ნაკრებში ჩამოსვლის პრობლემა არასდროს ჰქონია, მისი მონდომების და “ფეხების გაფრთხილების” შესახებ ეჭვები არასდროს ყოფილა, მისი თითოეული მოქმედებიდან ჩანს ის დაფასება, რასაც ნაკრების მიმართ იჩენს. სწორედ ნაკრებში წარმატებული თამაშის შემდეგ წავიდა ოქრიაშვილი ბელგიაში.

გარდა ამისა, თორნიკეს მოედანზე ყოფნა მხოლოდ მას არ არგებს, მასთან ერთად ნაკრები ყოველთვის განსხვავებულად გამოიყურება. მსგავსად კაშიასა და კანკავასი, ოქრიაშვილსაც აქვს ის თვისებები, რომელსაც გუნდში ატმოსფეროს შეცვლა შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა ოქრიაშვილი რომელ წუთზე ჩაერთვება თამაშში, ფორმაში იქნება თუ არა, მისი მოედანზე გამოჩენა ყოველთვის გააქტიურების და მომენტების შექმნას ასოციაციას გვიქმნის, რაც გარდა ლიდერის თვისებებისა, იმის დამსახურებაა, რომ ოქრიაშვილი ყველასგან განსხვავებულად მოტივირებული და მონდომებულია.

ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მატჩის შემდეგ სწორედ ოქრიაშვილის მონდომება დააფასა და  აღნიშნა, რომ ყველა ფეხბურთელმა ნაკრებში მონდომებით და ბოლომდე დახარჯვით თორნიკეს უნდა მიბაძოს.

ჩვენი აზრიც ასეთია, ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ნაკრებში წარმატებული თამაშით შეიძლება კარიერა გაიკეთონ, შემდეგ სხვა საფეხურზე აღმოჩნდენ და სულ რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავები გახდნენ ნაკრების შეკრებაზე მაინც პირვანდელი მონდომებით და სურვილით უნდა ჩამოდიოდნენ, რადგან ნაკრები არის ის ჯარი საფეხბურთო სივრცეში, რომელშიც დეზერტირები არავის უყვარს, გმირებს კი შესაფერისი დაფასება აქვთ.

Share