არ გაქვს უფლება, იმედები გაგვიცრუო! – კვარაცხელიას დაბრუნების მოლოდინში

ფრანცისკო მადინგამ კოტ-დივუართან სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო
ოქტომბერი 12, 2021 10:08
ერთა ლიგა: ბურთი ინგლისზე ხშირად გვიჭირავს, ესპანეთიც ახლოსაა
ოქტომბერი 12, 2021 11:06

TBILISI, GEORGIA - MARCH 28: Khvicha Kvaratskhelia of Georgia celebrates after scoring their side's first goal during the FIFA World Cup 2022 Qatar qualifying match between Georgia and Spain at the Boris Paichadze Dinamo Arena on March 28, 2021 in Tbilisi, Georgia. 30% of the stadium capacity have been allowed into the match as a Covid-19 precaution. (Photo by Levan Verdzeuli/Getty Images)

გასული ზაფხული ქართველი ქომაგისთვის ზედმეტად ცხელი აღმოჩნდა. ყველა მოუთმენლად ველოდით ჩვენი ქვეყნის ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერს ევროპის წამყვან ჩემპიონატში და ერთი სული გვქონდა, როდის დააღწევდა თავს რუსეთის “პრემიერლიგას”, თუმცა 2020-2021 სეზონის ბრწინვალედ ჩატარების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინის” დატოვება მაინც ვერ მოახერხა და ახალ საფეხბურთო სეზონსაც რუსულ კლუბში შეხვდა.

ბევრი ამბობდა, რომ ხვიჩას სტატისტიკა არც ისე მომხიბვლელი იყო. მართლაც, დღეს ვერავის გააკვირვებ 23 მატჩში 4 გოლით და 4 საგოლე გადაცემით – გუნდის ვერ დატოვების მთავარ მიზეზადაც ამას ასახელებდნენ, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკა როდია. ფურცელზე არ ჩანს რამდენჯერ მოიპოვე მნიშვნელოვანი ჯარიმა, პენალტი ან კუთხური, რამდენჯერ გააკეთე ის გადაცემა, რომელმაც შენს კლუბს გოლი გაატანინა, რამდენი ულამაზესი გადაცემა ვერ გიქცია გოლად თანაგულდელმა, როგორ გიდგას მეტოქე გუნდის 2-3 მცველი ყოველ შეხვედრაში და უთავისუფლებ ზონებს სხვა შემტევებს.

შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტზე საუბრისას  სტატისტიკის მოშველიება და არგუმენტად მოყვანა საკითხისადმი ყველაზე არაადეკვატური მიდგომაა. ქართველი შემტევი მთელი სეზონის განმავლობაში გუნდს ლიდერობდა, ჩემპიონატში ვერავინ აჩერებდა და თითქმის ყველა ტურის სიმბოლურ გუნდში ხვდებოდა. სწორედ ხვიჩას დამსახურებაა, რომ “რუბინს” ევროტურნირებზე მოხვედრის დიდი შანსი გაუჩნდა და ამას მათი მთავარი მწვრთნელიც მშვენივრად ხვდებოდა. ყველას გვახსოვს მისი კომენტარები ხვიჩას ნიჭის, მონდომებისა და საფეხბურთო ტალანტის შესახებ: ლეონიდ სლუცკიმ კარგად იცის ხვიჩას შესაძლებლობების შესახებ.

მოკლედ, ბოლო თვეების განმავლობაში ქართველთა მთავარი სასაუბრო თემა კვარაცხელია იყო – ეს მხოლოდ მისი ნიჭით არ არის გამოწვეული, ტალანტი ბევრ ქართველ ფეხბურთელზე შეგვინიშნავს და ბევრსაც იმედი გაუცრუებია, ამიტომ ფეხბურთისადმი პესიმისტური დამოკიდებულება მძლავრობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ხვიჩამ მოახერხა ქართველებისთვის თავი შეეყვარებინა. დისციპლინურ, მშრომელ და მონდომებულ სპორტსმენებს გადაჩვეულ ერს ახალი იმედი გაუჩინა კვარაცხელიას გამოჩენამ და მანაც პირველივე სანაკრებო მატჩებში შეძლო თავისი ძალის დამტკიცება. იწერებოდა მილანზე, იუვენტუსზე, ტოტენჰემზე, ლიდსზე, ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბსა და აიაქსზე…

ცოტა მახსენდება ისეთი პერფორმანსი, როგორიც კვარაცხელიას ესპანეთის, საბერძნეთის ან ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ ჰქონდა: ორ შემთხვევაში მან თავი გოლით გამოიჩინა, ხოლო ბელარუსთან მეტოქის მცველები არ გაახარა, გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა და წარუმატებელ გუნდში წინამძღოლის ფუნქციაც იკისრა. ერის ტრაგედიად იქცა მაკედონიასთან წაგებული მატჩი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური დაგვაკარგინა: სწორედ აქ შეიგრძნო ქართველმა გულშემატკივარმა ხვიჩას ძალა. დღემდე ყველა დარწმუნებულია, რომ კვარაცხელიას ყოფნის შემთხვევაში მოვიპოვებდით გამარჯვებას და მოვხვდებოდით ნანატრ ევროპის ჩემპიონატზე.

წინა სეზონი, მართლაც, საუკეთესო იყო ხვიჩას კარიერაში. ხვიჩას ევროპელი ჟურნალისტებიც აფასებდნენ: World soccer-მა ის პლანეტის 500 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელა, ხოლო Footballfancast-მა “ლიდსს” პირდაპირ მოუწოდა, რომ კვარაცხელია ნებისმიერ ფასად შეეძინა.

…მაგრამ რა მოხდა შემდეგ? რატომ ვერ შეძლო ხვიჩამ ახალი სეზონის ასევე წარმატებით დაწყება? ბევრის აზრით, ეს ზაფხულში განუხორციელებელ ტრანსფერს უკავშირდება. როგორც ჩანს, ჩვენთან ერთად ხვიჩაც დარწმუნებული იყო, რომ ევროპის ტოპ კლუბში მოხვდებოდა და გასარკვევი ის რჩებოდა რომელ ჩემპიონატში გააგრძელებდა ასპარეზობას, მაგრამ უცებ ყველაფერი შეიცვალა და კვარაცხელია რუბინში დარჩა. ეს არ არის ფეხბურთელისთვის მარტივი: ასეთ დროს ისინი მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან და გვახსოვს არაერთი ვარკვლავის კარიერა, რომელიც არასწორმა ტრანსფერმა მკვეთრად უარესობისკენ შეცვალა.

ხვიჩას აგენტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ეს ზაფხული ქართველი შემტევისთვის მარტივი არ ყოფილა და მას არც თუ ისე სახარბიელო ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა, რაც განუხორციელებელმა ტრანსფერმა კიდევ უფრო დაამძიმა. მართლაც, ხვიჩა ჯერჯერობით სტრესს ვერ უძლებს, რაც სეზონის სტარტზე გამოჩნდა: მას 8 ტურში მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს რაც მისი ნიჭის პატრონისთვის შეუფერებელი შედეგია.

“ზენიტთან” მძიმე მატჩის შემდეგ  მან თავის გამოჩენა ვერც შემდეგ ტურებში შეძლო, რაზეც რუსულმა მედიამ დაწერა: “ხვიჩა არის ნიჭიერი, ერთ -ერთი საუკეთესო დრიბლინგის მქონე ლიგაში, მაგრამ არა ის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია სხვაობის შექმნა და მატჩების მარტო მოგება. სწორედ ამიტომ თამაშობს ის ისევ რუსეთში და არა ინგლისში ან იტალიაში.”

ამას დაემატა ისიც, რომ კვარაცხელიამ თავისივე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა “ნიჟნი ნოვგოროდთან”, რამაც სლუცკი და რუბინის მეკარე ძალიან გააბრაზა. რუსულმა გამოცემა Championat-მა სლუცკისა და ხვიჩას შორის დაპირისპირებაზეც დაწერა.

რამდენმე დღის წინ აგენტმა თემურ ღურწკაიამ კომენტარი გააკეთა, რომ კვარაცხელია ჩაშლილი ტრანსფერით უკმაყოფილოა და თურმე აიაქსს, მართლაც, ჰქონია ხვიჩას ყიდვის სურვილი, თუმცა არა რუბინის მოთხოვნილ ფასად. თემურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კი მალევე დაადასტურა რუბინის ხელმძღვანელობამ, მაგრამ რუსულმა ხერხებმაც იმუშავა და უკვე ევროპული პრესა სხვაგვარად ალაპარაკდა – Daily Express-მა დაწერა: “ლიდსი და ტოტენჰემი არ ინანებენ, რომ კვარაცხელიაზე უარი თქვეს, მითუმეტეს იმ ორი ფეხბურთელის ფონზე, ვინც შეიძინეს ქართველის ნაცვლად.”

ახლა ხვიჩას მძიმე პერიოდი უდგას, თავის მოტყუება იქნება იმის არ აღნიშვნა, რომ ის ვერაა მოწოდების სიმაღლეზე და ეს ნაკრების საბერძნეთთან მატჩშიც გამოჩნდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ ყველა ის ეპიოზოდი, რომლითაც ხვიჩამ იმედი ჩაგვისახა, სტადიონებზე მოგვაბრუნა და ყველა ერთად აგვამღერა საქართველოს ნაკრების წარმატებისას. როგორც  სანიოლმა თქვა ხვიჩას ნაკრები სრულ ნდობას უცხადებს: “მეც ვიყავი 20 წლის და კარგად ვიცი, ამ ასაკის ფეხბურთელს როგორ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მის გვერდით ვართ და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ.”

კვარაცხელია, მართლაც ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია გაუძღვეს ჩვენს გუნდს და მოგვახვედროს ისეთ დიდ ტურნირებზე, როგორიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებია. ეს მან საკუთარი თამაშით უკვე დაამტკიცა, მთავარია ამ მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ მას, გამოვუცხადოთ თანადგომა და გვჯერა ის კიდევ არაერთხელ შეძლებს ჩვენს გახარებას.

Share