ნანატრი და მნიშვნელოვანი – კოსოვოდან 3 ქულა მოგვაქვს

SofaScore-მა საქართველოს ნაკრებში სამი ფეხბურთელი გამოარჩია
ოქტომბერი 12, 2021 20:53
“კარგად ვითამაშეთ,მეტოქემ ორი მომენტი შექმნა და ორივე გაგვიტანა”-კოსოვოს მწვრთნელი
ოქტომბერი 12, 2021 22:14

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა, ამჯერად სტუმრად კოსოვოსთან და ნანატრი სამი ქულაც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში გამარჯვება არ გვქონდა და ამ დღეს ქართველი ქომაგი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. პირველი ნახევრის განმავლობაში ბურთი ძირითადად კოსოვოელებს ჰქონდათ, მაგრამ წითაიშვილის აჩქარებასა და ოქრიაშვილზე გადაცემას მეკარის შეცდომა მოჰყვა, რაც თორნიკემ მშვენივრად გამოიყენა და მე-11 წუთზე გოლიც გავიტანეთ.

ტაიმის ბოლოს კოსოვოელებმა ისევ შემოგვიტიეს და თავის დაცვა გაგვიჭირდა. კვარაცხელია საჯარიმოში დაჯარიმდა, რასაც თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც 45-ე წუთზე მურიქმა გამოიყენა და პირველი ტაიმიც ფრედ 1-1 დასრულდა.

მეორე ნახევარიც კოსოვოელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართველთა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისგან სწორი დასკვნები გამოიტანა და სამმაგი ცვლილება განახორციელა, რამაც შედეგი გამოიღო. შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები კარგად გამოიყურებოდნენ, ჩაბრაძეს რამდენიმე აქტიური გარღვევა ჰქონდა, ხოლო 82-ე წუთზე აზაროვის ჩაწოდებას დავითაშვილი საჯარიმოში თავით დახვდა და გოლიც გაიტანა.

ამის შემდეგ, კოსოვოელები იძულებული გახდნენ შეეტიათ, რასაც ქართველთა კიდევ რამდენიმე სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა და ერთ-ერთ ეპიზოდში ლობჟანიძეს კიდევ ჰქონდა გატანის შანსი. უკანასკნელ წუთებში არცერთი გუნდის კართან საფრთხე არ შექმნილა, თუმცა ფეხბურთელებს შორის რამდენიმე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

საბოლოოდ, როგორც იქნა, საქართველოს ნაკრებმა 9-წლიანი ლოდინი დაასრულა და გასვლით შეხვედრაში კოსოვოს 1-2 სძლია.

Share