ვილი სანიოლი – კაცი, რომელიც ცვლილებებსა და დიდ სახელებს არ უშინდება

VIDEO გიორგი ჩხეტიანის ეფექტური მომენტები ნორვეგიასთან
ოქტომბერი 13, 2021 11:37
“გვაქვს განცდა, რომ რაღაც ახალს,განსაკუთრებულს ვიწყებთ”-მერაბ შარიქაძე
ოქტომბერი 13, 2021 15:15

საქართველოს ნაკრებმა 12 ოქტომბერს კოსოვოსთან სტუმრად 2:1 იმარჯვა და, როგორც იქნა, დაასრულა 9-წლიანი მოუგებელი სერია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ეს მატჩი, შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი იყო ვილი სანიოლის ქართულ კარიერაში, რადგან იმ ორ სანახაობრივ და ემოციებით დატვირთულ შეხვედრას, რომელიც ჩვენმა გუნდმა ესპანეთთან და შვედეთთან ჩაატარა, შემდგომი უსახური თამაშების გამო ბევრი ვაისის ნაკრების ინერციადაც კი მიიჩნევდა, შესაბამისად სანიოლს უნდა დაემტკიცებინა, რომ მას შეუძლია გუნდში სიტუაციის დალაგება და ნაკრებში წარმატების მიღწევა.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რა იყო ვაისის მთავარი მინუსი და რის გამოსწორებას ელოდა ქართველი გულშემატკივარი ვილი სანიოლისგან. სლოვაკმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებში, მართლაც, დიდი სამუშაო გასწია და ერთა ლიგის ფინალის საგზურიც მოგვიტანა, რითიც ერთ ნაბიჯში მიგვაახლოვა ევროპის ჩემპიონატთან, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ერთ კონკრეტულ მატჩს ვაისის გუნდი ისევე ამთავრებდა, როგორც იწყებდა.

ჩვენი გუნდის ყოფილ მწვრთნელს ფაქტობრივად არ შეეძლო თამაშის მიმდინარეობაში ცვლილების შეტანა და როცა ქომაგი ხვდებოდა, რომ გუნდს არაფერი გამოსდიოდა, არც იმის მოლოდინი გვქონდა, რომ დროის დარჩენილ მონაკვეთში გამოასწორებდა ნაკრები თამაშის ხარისხს. ეს კი, პირველ რიგში, განპირობებული იყო დაგვიანებული ცვლილებებით, რაც მაკედონიასთან მატჩშიც ძვირად დაგვიჯდა. სანიოლის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ის ხშირად მიმართავს ცვლილებებს, მას დიდი სახელების არ ეშინია და თუ ნაკრების რომელიმე ვარსკვლავს თამაში არ მისდის, მეორე ნახევრის დასაწყისშივე არ ერიდება ხოლმე მათ შეცვლას, თანაც, ვილიმ პირველივე მატჩებიდანვე გვაჩვენა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის შიდა ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელებს, რითაც მალევე მოიგო ქართველი გულშემატკივრის გული.

ამას დაემატა საკმაოდ ემოციური და იმედისმომცემი მატჩები ესპანეთთან და შვედეთთან. მაშინ ვიფიქრეთ, რომ ეს ორი ნაკრები ჩვენზე გაცილებით ძლიერი იყო და მარცხიც ამან განაპირობა, ხოლო ჯგუფის დანარჩენ ორ წევრთან აუცილებლად ქულათა მაქსიმუმს ავიღებდით, თუმცა შევცდით. რამ განაპირობა ასეთი ჩავარდნა და უმოტივაციო თამაში უკანასკნელ შეხვედრებში?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ არ გაგვიმართლა და კოსოვოსთან პირველი მატჩის საწყის წუთებშივე დაიმტვრა ჩვენი ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი. ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთი ძლიერი ფეხბურთელის გამოკლება გუნდისთვის, საქართველოს ნაკრებს ამჟამად ნამდვილად არ აქვს ისეთი სახარბიელო ვითარება, რომ ძირითადის უცვლელი წევრები მოულოდნელი დანაკლისის შემთხვევაში შესაფერისად ჩაანაცვლოს. კიტეიშვილს სანიოლის პირველ მატჩებში ბურთის დაცვიდან შეტევაში ამომტანისა და გამნაწილებლის ფუნქცია ჰქონდა, რასაც შესანიშნავად ართმევდა თავს, ხოლო მის არყოფნაში გუნდმა ბევრად მარტივ მეტოქეებთანაც კი ვერ შეძლო ცენტრის მოგება, ამას დაემატა გვილიას უკლუბოდ ყოფნა და კვეკვესკირის უთამაშებლობა. სანამ ეს ორი ფეხბურთელი ფორმაში შევიდა, ნაკრები მხოლოდ ორი ნომინალური ნახევარმცველით თამაშობდა კანკავა-აბურჯანიას დუეტით, რომელთაგან ერთს სრულად დაცვითი ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული, ხოლო მეორე მარტო ვერ ახერხებდა მეტოქის საყრდენი ზოლის გადალახვას და შეტევის წამოწყებას.

ჩემი აზრით, ეს ის მთავარი მიზეზია, რის გამოც წინა შეხვედრებში სანიოლის გუნდი სრულიად უსახურ ფეხბურთს თამაშობდა და ვერანაირ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეებს. ამას დაემატა ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას კარიერულად მძიმე პერიოდი. უნდა აღინიშნოს, რომ მას არც კლუბში და არც ნაკრებში ჯერ-ჯერობით თამაში არ მისდის და თუ რამდენიმე თვის წინ კვარაცხელიას ან გიორგი ჩაკვეტაძეს მარტოს შეეძლოთ მატჩის ბედის გადაწყვეტა, დღეს არც ერთია მსგავს ფორმაში, არც მეორე. ძალიან მძიმედ გაიარა ადაპტაციის პერიოდი ახალ კლუბთან თორნიკე ოქრიაშვილმა და შეიძლება ითქვას, რომ კვიპროსულ “აპოელში” თავის დამკვიდრება მან ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა.

საბერძნეთთან შეხვედრაში ამ ყველაფერს დაცვის ბურჯის – გურამ კაშიას დისკვალიფიკაციაც დაერთო და გუნდი სრულად მოიშალა. ვფიქრობ, სანიოლს უბრალოდ არ გაუმართლა, მაგრამ ეს არ ამართლებს იმ ყველაფერს, რასაც ჩვენი გუნდი მოედანზე სჩადიოდა. ბოლოს ჩატარებულ მატჩებში, თუ არ ჩავთვლით კვიპროსთან გასვლაზე მოგებულ შეხვედრას, შეუძლებელი იყო რაიმე ტაქტიკის ამოკითხვა, ფეხბურთელები აშკარად უმოტივაციოდ გამოიყურებოდნენ და თითქოს მუხტი აკლდათ. სწორედ ეს იყო ქართველი გულშემატკივრის გაბრაზებისა და განაწყენების მთავარი მიზეზი.

მართალია, როცა ნაკრებში თამაშობ, არ უნდა იყოს საჭირო ვინმესგან შეგონება, რომ საჭიროა გულიანად, სრული დატვირთვით თამაში, ყველა ბურთზე ბოლომდე ბრძოლა, მაგრამ როცა მწვრთნელი ამჩნევს, რომ გუნდს მატჩისადმი შესაფერისი დამოკიდებულება არ აქვს, ეს მან გასახდელშივე უნდა მოაგვაროს და ზედიზედ ოთხი სამარცხვინო შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე არ უნდა ამცნოს ჟურნალისტებსა და გულშემატკივარს.

კოსოვოსთან მატჩის დასაწყისამდე მთელი ერი პესიმისტურად იყო შეხვედრისადმი განწყობილი და გამარჯვებას თითქმის არავინ ელოდა, ამის გამო ქართველ გულშემატკივარს ვერავინ გაამტყუნებს. ეს უახლოესი წარუმატებელი შეხვედრების გარდა გუნდის დღევანდელი დანაკლისითაც იყო განპირობებული, თუმცა სანიოლმა მაინც შეძლო მოედანზე საკმაოდ საინტერესო შემადგენლობის გამოყვანა. აღსანიშნავია, რომ ყველას თავიდანვე თვალში მოგვხვდა ხოჭოლავას ძირითადში არ ყოფნა, თანაც იმ ფონზე, რომ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ვილიმ დაცვის ხაზი შეაქო და დავითსაც საკმაოდ ნორმალური სტატისტიკური მაჩვენებლები ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია ნახევარდაცვის ხაზი, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, კოსოვოსთან გამარჯვების მთავარი მიზეზია. ვაკო გვილიამ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მშვენივრად შეძლო ძირითადში დაბრუნება და მთელი მატჩის განმავლობაში როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში აქტიურად ერთვებოდა. ნიკა კვეკვესკირმა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ბურთის განმანაწილებლის ფუნქცია ითავა და მეორე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ერთი შეხედვით, საქართველოს ნაკრებმა ბურთი კოსოვოს დაუთმო, თუმცა ამავე დროს იგრძნობოდა, რომ მოედნის ცენტრალური ზონა მოიგო და კოსოვოელებს მუდამ ფლანგებზე უწევდათ ბურთის გადაგზავნა. საინტერესო იყო ასევე შეტევის ხაზი, რომელიც სანიოლმა ნომინალური ცენტრ ფორვარდის გარეშე შემოგვთავაზა და ამით თავიდანვე მიგვანიშნა, რომ გუნდი კონტრშეტევებზე სწრაფი ფეხბურთის თამაშს აპირებდა. წინა მატჩისგან განსხვავებით ძირითადში მოგვევლინნენ გიორგი წიტაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი – ორივე მათგანმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და პირველი გოლიც სრულად მათ შექმნეს.

აი, მეორე ტაიმიდან კი ვილი სანიოლმა ქნა ის, რასაც ქართველი გულშემატკივარი ასე მონდომებით ელის დიდი ხანია. მან 70-ე წუთის შემდეგ, ფაქტობრივად, გუნდის თამაში სრულად შეცვალა. განახორციელა სამმაგი ცვლილება: გამოიყვანა ტანმაღალი ნომინალური ცენტრ ფორვარდი გიორგი ქვილითაია, რომელმაც, მართლაც, მშვენივრად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და მარჯვენა შემტევი შეცვალა მარჯვენა მცველით, რითაც თითქოს გულშემატკივარში გულისწყრომა გამოიწვია, მაგრამ თუ დავფიქრდებით და სრულად გადავხედავთ შეხვედრას, კარგად ჩანდა, რომ საბა ლობჟანიძეს მთელი მატჩის განმავლობაში მუდმივად უწევდა დაცვისთვის დახმარება და ამიტომ სწრაფად ვერ ახერხებდა შეტევაში გადასვლას, გრიგოლ ჩაბრაძის შემოყვანით კი სანიოლმა მას სივრცეები გაუხსნა და შეტევითი ფუნქციები გაუზარდა, ხოლო ზურიკო დავითაშვილისა და ირაკლი აზაროვის გამოყვანა იყო ის ცვლილებები, რომლითაც, ალბათ, მწვრთნელებს აფასებენ ხოლმე.

82-ე წუთზე ერთმა საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მეორემ თავით შეაგდო გოლი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვილი სანიოლმა ცვლილებები გამოიცნო და შვეიცარიელ ჩალანდესს პირადად მოუგო მატჩი, რაც დასაფასებელია და ნამდვილად დიდხანს დაამახსოვრდება ქართველ გულშემატკივარს, რადგან ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა – ეს იყო დიდხნიანი, წყეული მოუგებელი სერიის დასასრული, რომელსაც აგერ უკვე ცხრა წელიწადია მოუთმენლად ველით.

სანიოლისთვის კოსოვოსთან და შვედეთთან გასამართი ბოლო ორი თამაში ნამდვილად ბეწვის ხიდზე გავლა იყო, რადგან ვერცერთი მატჩის მოგების შემთხვევაში წესით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა მისი ნაკრების მთავარ მწვრთნელად დარჩენის საკითხი, თუმცა პირველი მისია ვილიმ წარმატებით შეასრულა, ახლა შვედეთის დროა და იმედი ვიქონიოთ, რომ სანიოლს ნოემბერში გასამართი მატჩისთვის მთელი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ეყოლება და უკვე ბათუმში, გულშემატკივრის წინ დავამარცხებთ შვედეთის ეროვნულ ნაკრებს.

Share