“მადლობა საქართველოს, ჩვენ გავიმარჯვებთ” – დავით ქირია ნახევარფინალშია

აზაროვის გარდა სხვაც – ტრაბზონსპორმა კიდევ ერთი ქართველი მოინიშნა
ოქტომბერი 15, 2021 13:12
შავი ლომი დაირაზმა
ოქტომბერი 15, 2021 15:12

საქართველოს საუკეთესო კიკბოქსიორი და ერთადერთი ქართველი Glory-ს ჩემპიონი დავით ქირია ამჟამად სინგაპურში იმყოფება და მილიონიან ტურნირ “One Championship”-ში იღებს მონაწილეობს.

დღეს, 15 ოქტომბერს, გაიმართა ტურნირის 1/4-ფინალური ეტაპის შეხვედრა დავით ქირიასა და გერმანელ ენრიკო კელს შორის. ორთაბრძოლა ქართველმა სპორტსმენმა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაასრულა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ამ ბრძოლამდე ერთ-ერთი წამყვანი აზიური სპორტული გამოცემა “Asian MMA” ტურნირის მთავარ ფავორიტებს შორის სწორედ დავით ქირიას მოიაზრებდა, დღეს კი ქართველმა კიკბოქსიორმა გულშემატკივრისა და ჟურნალისტების მოლოდინები ნამდვილად გაამართლა.

“დავით ქირია ტურნირის მთავარი ფავორიტია. მას ნებისმიერის დამარცხება შეუძლია. თანაც, მის მოტივაციას ზრდის ჯორჯო პეტროსიანთან დაპირისპირების შანსი, რადგან ტურნირის ტრიუმფატორი სატიტულო ბრძოლას მიიღებს ჩემპიონის წინააღმდეგ”, – წერია ჟურნალ “Asian MMA”ში.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემდეგ თავად “One Championship”-მა საკუთარ საიტზე დავით ქირიას ცხოვრებასა და მიღწევებზე ვრცელი ბლოგი შემოგვთავაზა და თავად ქართველ სპორტსმენთანაც ჩაწერა მატჩის შემდგომი ინტერვიუ, რომელშიც ქირიამ აღნიშნა:

“ძალიან ემოციური ვარ, რადგან გავიმარჯვე და კარგი ხასიათი შევიქმენი. მსურდა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა მეჩვენებინა და ვფიქრობ, რომ ეს გამომივიდა.”

დავით ქირია სინგაპურში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში საკუთარ მეტოქეს ელის და აგრძელებს ბრძოლას კიდევ ერთი ჯილდოსა და მილიონი დოლარის მოსაპოვებლად.

Share