დაბრუნებული ხასიათი და სტილი – ბასილაშვილი შედეგებს აუმჯობესებს

ეთერ ლიპარტელიანის ბრინჯაო პარიზის გრან სლემზე
ოქტომბერი 16, 2021 16:55
VIDEO ზივზივაძემ ჰონვედს ლამაზი გოლი გაუტანა
ოქტომბერი 16, 2021 18:13

NIKOLOZ BASILASHVILI (GEO) TENNIS 2021 , BNP PARIBAS OPEN, INDIAN WELLS TENNIS GARDEN, INDIAN WELLS, CALIFORNIA, USA, PREMIER 5 MANDATORY WTA, MASTERS 1000 ATP, HARD COURT, OUTDOOR, ATP, WTA, 2021, USA SWING, MIXED © TENNIS PHOTO NETWORK

გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდიანა უელსის საჩოგბურთო ტურნირის 1/4 ფინალები გაიმართა, კარიერაში პირველად მასტერსის 1/4-ფინალში მყოფმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მესამე ჩოგანი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და ახლა უკვე მისი საუკეთესო შედეგი მასტერის ტურნირებზე 1/2-ფინალია.

მიმდინარე წელს ბასილაშვილი მართლაც რომ კარგად გამოიყურება: ქართველმა ჩოგბურთელმა ორი 250 ქულიანი ტურნირი მოიგო, გარდა ამისა საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა კალიარის ტურნირზე, მეცის ტურნირზე და ამერიკის ღია პირველობაზე, სადაც მესამე წრეში დამარცხდა რაილი ოპელკასთან.

ცნობილი მოვლენების გამო, 2020 წელი ბასილაშვილისთვის საკმაოდ მძიმე იყო, რის შედეგადაც მან შემართება, ხასიათი, შემტევი სტილი დაკარგა. ნიკამ 2020 წელს 17 დან 13 შეხვედრა წააგო და მხოლოდ 4 მოიგო. ბასილაშვილს დაკარგული ჰქონდა სათამაშო სტილი, მენტალური რესურსი…

არადა 2018/2019 წლები ბასილაშვილს ძალიან კარგი გამოუვიდა – ახალ მწვრთნელთან ერთად ნიკამ 3 ტურნირი მოიგო, ბეიჯინგში და ჰამბურგში ტრიუმფების შემდეგ ნიკოლოზი ATP რეიტინგში მე-16 ადგილზეც იყო და თითქოს ათეულში შესვლაც ახლოვდებოდა.

მაგრამ ზემოთ აღნიშნული პრობლემები და მიზეზები იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ რომ არა “გაყინული ATP რეიტინგი”, ბასილაშვილი 2020 წელს ასეულს მიღმა დაასრულებდა, თუმცა “გაყინული რეიტინგის” წყალობით ნიკა მე-40 ადგილზე აღმოჩნდა.

2020 წლის შედეგები მიმდინარე წელსაც გადმოყვა: ბასილაშვილმა თურქეთში და ავსტრალიაში წარუმატებელი ტურნირები გამართა და საინტერესო ვერაფერი შემოგვთავაზა. ის კი არა, ბევრი ვარაუდობდა, რომ ნიკა 2021 წელს მართლაც ასეულს მიღმა დაასრულებდა.

…მაგრამ მოვიდა დოჰას ტურნირი და ის ბასილაშვილმა კარგად დაიწყო,. 1/4-ფინალში თითქოს და განწირულმა ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა, ფინალში ბაუტისტა აგუტიც მიაყოლა და წლის პირველი ტურნირი მოიგო.

ჰარდის საფარის გარდა, რომელზეც ბასილაშვილი დოჰაში თამაშობდა, წარმატებული გამოვიდა ტურნირი მიუნხენში, ასევე 250 ქულიანი ტურნირი გრუნტის საფარზე, სადაც ბასილაშვილმა ფინალში მისი მეგობარი, იან ლენარდ შტრუფი დაამარცხა.

ორი ტურნირის მოგების შემდეგ და წარმატებულად ჩატარებული სხვა ტურნირების შემდეგ რეიტინგში დიდი სხვაობა ვერ ვნახეთ: მე-40 პოზიციიდან ბასილაშვილმა 36-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამ დროს უკვე იგრძნობოდა, რომ ბასილაშვილი სათამაშო სტილს ხვეწდა და რომ წლის რომელიმე დიდ ტურნირზე უნდა “გაესროლა”.

ასეც ხდება: ინდიანა უელსის 1000-ქულიანი საჩოგბურთო მასტერსი მასტერსებს შორის ყველაზე პრესტიჟულია. ტურნირი აშშ-ში, ინდიანა პოლისში, სრულიად უდაბნოში იმართება და ეგზოტიკური მხარიდან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სწორედ ამ ტურნირზე ახერხებს და თავის ოპტიმალურ ფორმაში გვევლინება ნიკოლოზ ბასილაშვილი. რთულად მოგებული 3 თამაშის შემდეგ დამარცხებული სტეფანოს ციციპასი და სათამაშო ხარისხი, რომელიც გვაძლევს იმის იმედს, რომ წლის ბოლოს ქართველს მინიმუმ ოცეულში ვიხილავთ. თუ ეს ასე მოხდა, კვლავ გაჩნდება იმის შანსი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის წყალობით საქართველოს ნაკრებმა ATP ქაფზე ითამაშოს.

     დიდი მადლობა სრულიად საქართველოს გულშემატკივრობისთვის. ნიკამ რთული პერიოდი გადაიტანა, მაგრამ უკვე დაიბრუნა ძველი ფორმა და აგრძელებს ქართველი გულშემატკივრის გახარებას. როცა ვსაუბრობთ, სულ ლუკასზე ფიქრობს. შვილი ნიკასთვის ყველაფერს ნიშნავს. წელიწადნახევარია ნიკას ლუკასი არ უნახავს, მაგრამ სულ მასზე ფიქრობს და ლუკასზე ფიქრი აძლევს ძალას, ბევრი პრობლემის მიუხედავად, ქართველი ხალხი გაახაროს”, – გვითხრა მისმა მამამ, ნოდარ ბასილაშვილმა.

ნოდარ ბასილაშვილი მართალია – ჩანს, რომ ნიკამ მძიმე პერიოდი გადაიტანა, საკუთარ თავზე იმუშავა და დაბრუნდა ისეთი, როგორსაც ქართველი გულშემატკივარი ელოდა.

მანამდე კი დღეს 1/2-ფინალია – საქართველოს დროით 02:00 საათზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ტაილორ ფრიცს დაუპირისპირდება.

Share