“რასაც ამდენ ხანს ვნატრობდით, ახდა”- “შავი ლომის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

VIDEO ზივზივაძემ ჰონვედს ლამაზი გოლი გაუტანა
ოქტომბერი 16, 2021 18:13
კაპიტანი ბრუნდება? – ლიპარტელიანმა ნაკრებთან ერთად ივარჯიშა
ოქტომბერი 16, 2021 19:54

რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩში ‘თელავივ ჰითთან’ 33:10 გამარჯვების შემდეგ, ‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

შედეგით და თამაშის ხარისხით ორივე კმაყოფილი იყო, თუმცა ერთხმად აღნიშნეს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია:

„რასაც ამდენ ხანს ვნატრობდით, როგორც იქნა ახდა და ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი შეხვედრა გამართა. გუნდმა დაახლოებით ორთვიანი ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და დღეს გამოჩნდა, კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. არ გვეტყობოდა შეუთამაშებლობა, რაც მომავალი შეხვედრების წინ უკეთესობის იმედს მაძლევს“ – განაცხადა მაისაშვილმა და განაგრძო:

„მეტოქე უდავოდ ძლიერი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა ქონდათ შეთამაშების პრობლემა. ამ მხრივ ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვიყავით, რადგან მოთამაშეთა დაახლოებით ნახევარი, ნაკრებში ერთად არიან. გვქონდა პატარა შეცდომები, რაც პირველი თამაშისთვის ნორმალურია. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რაზეც ვარჯიშობდნენ კარგად გადმოიტანეს მოედანზე, რისთვისაც მადლობა მათ და სამწვრთნელო შტაბს“.

„რაც შეეხება მომავალ შეხვედრებს, ბევრი უნდა ვიმუშაოთ მცირედი შეცდომებიც რომ გამოვასწოროთ, თუმცა დღეს იმდენი კარგი რამ გაკეთდა, ხარისხის გაუმჯობესების იმედი ნამდვილად გვაქვს. ‘ლოკომოტივ პენზას’ და ‘ენისეის’ კარგად ვიცნობთ, ორშაბათიდან კი ანალიზს უფრო მეტ დროს დავუთმობთ“.

მერაბ შარიქაძემ უწინარესად ბათუმის ტრაგედიისას დაღუპული ადამიანების ოჯახებს მიუსამძიმრა და ლევან მაისაშვილის გუნდში დაბრუნება აღნიშნა:

„დღევანდელი დღე ემოციური იყო ბევრი მიზეზის გამო. პირველი ეს ბათუმის ტრაგედიაა და მინდა გუნდის სახელით მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. მეორე ლევანის დაბრუნებაა – გულით მიხარია ამ პრესკონფერენციაზე მის გვერდით რომ ვზივარ. ლევანმა ძალიან რთული გზა გამოიარა ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო. ალბათ სიმბოლურია, რომ დღემდე ბოლო თამაში სამხრეთ აფრიკასთან ჩავატარე, ლევანთან ერთად და იმ საშინელი სამი თვის შემდეგ, მოედანს მასთან ერთად დავუბრუნდი. ეს გამარჯვება სწორედ ჩვენს მთავარ მწვრთნელს ეძღვნება“.

„რაც შეეხება შეხვედრას, კარგი თამაში ჩავატარეთ. შეცდომები გვქონდა და რომ არა ეს, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, თუმცა მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ხარისხიანი შეხვედრა ჩავატარეთ. განსაკუთრებით კარგად დაცვაში ვითამაშეთ, რაც ისევ და ისევ ლევანს გაუხარდება და ასეთი შედეგი ამანაც განაპირობა“.

„ყველამ ვნახეთ რამდენად მაღალი დონის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული ‘თელავივ ჰითი’. ვფიქრობ, როგორც ჩვენ, ასევე ისინი, პრო დე2-ის ნებისმიერ გუნდს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ და რამდენიმეს დავამარცხებთ კიდეც. დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგი, მაღალი დონის ტურნირია“.

Share