საქართველოს ნაკრების გზა ფუტსალის ევროპის ჩემპიონატამდე

დინამო ბთ 🆚 დინამო თბ – მატჩს გულშემატკივრებიც დაესწრებიან
ოქტომბერი 19, 2021 10:17
თურქი მსაჯები ეროვნული ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩზე
ოქტომბერი 19, 2021 10:48

როგორც იცით საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირება ისტორიაში პირველად მოახერხა. ჯვაროსნები ევროპის ჩემპიონატს 2022 წლის იანვარ-თებერვალში, ნიდერლანდებში, კერძოდ გრონინგენში გამართავენ  და ჯგუფში ესპანეთის, ბოსნია ჰერცოგოვინის და აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ მატჩებს.

ევროპის ჩემპიონატზე რომ ვართ გასაგებია, მაგრამ დროა ვისაუბროთ როგორ მივედით აქამდე, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი  და როგორ პროგრესირებს  ქართული ფუტსალი.

ყველას გვახსოვს წარმატებული ქართული ფუტსალის გუნდი “იბერია სტარი”, კვალიფიციური ლეგიონერებით  დაკომპლექტებულმა გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშიც ითამაშა, გარდა ლეგიონერებისა იმ გუნდში ქართველებიც იყვნენ, საკლუბო დონეზე ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ “იბერია სტარმა” მიაღწია.

სანაკრებო დონეზე 2015 წლამდე ქართული ფუტსალი თითქმის სამოყვარულო დონეზე იყო, ხოლო 2015 წელს როდესაც სფფ-ში ხელმძღვანელობა შეიცვალა, პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციის მუშაობის მხრივ მრავალი კრიტიკა შეგვხვედრია, ფუტსალის მხრივ ფედერაციის მუშაობა ცალსახად დასაფასებელია.

2015 წლიდან დაიწყო ნაკრების მოდერნიზაცია, მიდგომაც უფრო პროფესიონალური გახდა, მთავარ მწვრთნელად ავთანდილ ასათიანი დაინიშნა და ნაკრებმა  მზადება 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის დაიწყო, ნაკრებში ჩამოვიდნენ ბრაზილიელი ლეგიონერები, რონინიო, თალესი და ფუმასა.

პირველ შესარჩევ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა – ისრაელის, შვეიცარიის და შოტლანდიის ნაკრებები მარტივად დაამარცხა, მეორე ეტაპზე ჯვაროსნებმა სამი ფრე ითამაშეს, ბელარუსის, ნიდერლანდების და იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, რის შედეგადაც აღმოვჩნდით ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში სადაც სამწუხაროდ რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ დავმარცხდით.

შემდეგ იყო კიდევ ერთი შესარჩევი სადაც, კიდევ ერთხელ ძალიან ახლოს ვიყავით ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, მაგრამ ამჯერად ესპანეთის ნაკრები გადაგვეღობა ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე.

მიუხედავად ვერ გამოყენებული შანსებისა, აშკარა იყო, რომ ნაკრები ვითარდებოდა, გულშემატკივრის გულებს იგებდა და როდესაც ნაკრები თამაშობდა, ახალი სპორტის სასახლე ყოველთვის ივსებოდა.

ჩვენთვის გადამწყვეტი და ისტორიული აღმოჩნდა უკანასკნელი შესარჩევი ეტაპი, სადაც ჯვაროსნები – საფრანგეთის, რუსეთისა და სომხეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად მოხვდნენ ჯგუფში, პირველი მატჩი საფრანგეთში გავმართეთ, ფრანგებთან მატჩი 4-4 დასრულდა, შემდეგ იყო მარცხი რუსეთთან, ორი გამარჯვება სომხეთთან და გამაწყვეტი მატჩი საფრანგეთთან, ოღონდ ამჯერად თბილისში, თანაც გულშემატკვირების თანდასწრებით.

მატჩისთვის მოლოდინი დიდი იყო, გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვინაღდებდით, ფრის შემთხვევაში კი რჩებოდა შანსი, რომ პლეი-ოფის გზით მაინც მოვხვედრილიყავით ფუტსალის ევრო ფორუმზე, მატჩი 9 აპრილს გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი მძიმე დაპირისპირებაში 3-2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირდა.

ის გზა რომელიც ჩვენმა ნაკრებმა გაიარა, მართლაც რომ არ ყოფილა მარტივი და გამოუყენებელი შანსების მიუხედავად დღეს მაინც იქ ვართ, რისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდით.

 

Share