“კრიტიკა მისაღებია, მაგრამ მოტივაციაზე საუბარი გაბუქებულია” – ინტერვიუ ლაშა დვალთან

ეროვნულ ლიგას გულშემატკვივარი უბრუნდება
ოქტომბერი 19, 2021 13:23
ეროვნული ლიგა: 29-ე ტურის სიმბოლური გუნდი QOMAGEBI.GE-ს ვერსიით
ოქტომბერი 19, 2021 14:48

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფერენცვაროშის მცველი ლაშა დვალი გასულ სეზონში კლუბის შეუცვლელი წევრი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.

მიზეზი ტრავმაა, რომლის შემდეგაც ის ფერენცვაროშის მეორე გუნდში დაბრუნდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დვალს ენდო და ბოლო ორ მატჩში, საბერძნეთსა და კოსოვოსთან დვალი ძირითად შემადგენლობაში იყო. ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა: კოსოვოსთან წაგებული მატჩის შემდეგ ის სანიოლმაც შეაქო და თქვა, რომ დაცვაში გუნდი კარგად გამოიყურებოდა.

დვალს დავუკავშირდით და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ. ვკითხეთ როგორც საქართველოს ნაკრებზე, ისე – კლუბსა და სამომავლო გეგმებზეც…

– ტრავმის შემდეგ “ფერენცვაროშის” მეორე გუნდში დაბრუნდი და იქ იღებდი პრაქტიკას. ახლა, სანაკრებო პაუზის შემდეგ როგორი მდგომარეობა გაქვს?
– მეორე გუნდში თამაში ჩემი გადაწყვეტილება იყო, რადგან ასე უფრო დავაჩქარებდი ტრავმის აღდგენის პროცესს და ნაკრებში უფრო კარგ ფორმაში შევძლებდი ჩამოსვლას.

რაც შეეხება პირველ გუნდში თამაშს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზამთრამდე მხოლოდ ჩემპიონატში და თასზე მივიღო მონაწილეობა. ევროპის ლიგაზე თამაშით კვირაში მინიმუმ ორი თამაში მომიწევს და ეს ტრავმის შემდეგ მიზანშეწონილი არ არის.

“ფერენცვაროშთან” ერთად სამჯერ გავხდი ქვეყნის ჩემპიონი, სამივე წელს ვითამაშეთ ევროტურნირებზე და, ვფიქრობ, ახლა უკვე კარიერის ახალი ეტაპის დრო დადგა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ გუნდში გადასვლა უფრო სავარაუდოა, ვიდრე “ფერენცვაროსში” დარჩენა, თუმცა ამჟამად კონკრეტულ გუნდებზე ვერაფერს ვიტყვი. ზამთრის სატრასფერო ფანჯარამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

– ეროვნულ ნაკრებში თამაში კარიერის ადრეულ ეტაპზე დაიწყე, დებიუტი ისეთი ნაკრების წინააღმდეგ გქონდა, როგორიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია, რას გვეტყვი ეროვნულ ნაკრებში თამაშის გრძნობაზე?
– ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში ბავშვობის ოცნება იყო. ყოველთვის, როდესაც ჩემს თავს საქართველოს ნაკრების განაცხადში ვხედავ, განსაკუთრებულად გახარებული ვარ.

– ვლადიმერ ვაისის პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაში ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე გიწევდა, მაგრამ რაც ნაკრებში ვილი სანიოლი დაინიშნა, ორ შეკრებაზე იყავი, ჩატარებულ ხუთივე მატჩში სასტარტოში იყავი, თანაც ცენტრალური მცველის პოზიციაზე. რას გვეტყვი ვილი სანიოლზე?
– ნაკრებში სათამაშო დროს არც ვლადიმირ ვაისის დროს ვუჩივოდი, თუმცა რათქმაუნდა ყველა ფეხბურთელისთვის უმჯობესია საკუთარ პოზიციაზე ითამაშოს.

სანიოლზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კვალიფიციური მწვრთნელია, დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები და ბევრი რამ აქვს ნანახი, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ნაკრებს დაეხმარება წარმატების მიღწევაში. ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულოა, რომ საკუთარ პოზიციაზე მათამაშებს.

– ფაქტია, ოქტომბერში საბერძნეთთან მატჩის შემდეგ კოსოვოსთან სულ სხვა გუნდი ვიხილეთ… რა იყო ამის განმაპირობებელი? იყო თუ არა ერთ ერთი მიზეზი ადგილობრივი ფანების აგრესია ფეხბურთელების მიმართ?
– იმ მოსაზრებას, რომელიც ფეხბურთელებში მოტივაციის ნაკლებობას გულისხმობს ვერ დავეთანხმები, რადგან ეროვნულ გუნში მოტივაციის ნაკლებობა წარმოუდგენელია. შეცდომებზე ლაპარაკი და კრიტიკა ყოველთვის მისაღებია. შესაძლოა, საბერძნეთთან იყო კონკრეტული შეცდომები, მაგრამ მოტივაზიაზე საუბარი, ჩემი აზრით, ზედმეტად გაბუქებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

კოსოვოსთან მატჩში ის შეიცვალა, რომ ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა იმაზე ბევრად ნაკლები შეცდომა დავუშვით, ვიდრე ეს წაგებულ მატჩებში ხდება ხოლმე. გულშემატკივარზე რაც შემიძლია ვთქვა, თითოეულ ფეხბურთელს ნებისმიერი გულშემატკივარი ეხმარება და მოტივაციას თავისებურად მატებს.

 

– ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს შვედეთთან მატჩით ვასრულებთ. კოსოვოსთან მოგებამ დაგვანახა, რომ ბრძოლა ყოველთვის და ყველგან შეიძლება…
– შვედებს ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებულ ჩემპიონატებში თამაშობენ და დიდი გამოცდილება აქვთ. რათქმაუნდა ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ და შედეგიც შესაბამისი მივიღოთ.

გულშემატკივრების და ქომაგების ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნაკრებისთვის. იმედია ისე მოხერხდება, რომ ამ მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან.

– ზლატან იბრაჰიმოვიჩი…
– ის მაღალი დონის ფეხბურთელი და თავდამსხმელია. მის გარდა, ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ შვედებს, რომლებიც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ.

შესარჩევის შემდეგ ნაკრებს ერთა ლიგის მორიგი გათამაშება ელოდება, რაც კიდევ ერთი შანსია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. როგორია მოლოდინი?
– რათქმაუნდა, ყველას ძალიან გვსურს, საქართველოს ნაკრები ვიხილოთ ისეთ საფეხბურთ ფორუმებზე, როგორიც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებია. ჩვენ ჩვენი მხრიდან არაფერს დავაკლებთ და მჯერა, რომ შევძლებთ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას.

Share