ქართველი ლეგიონერების განრიგი კონფერენს ლიგაზე

⚽️ გიორგი ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზადაა
ოქტომბერი 20, 2021 18:41
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა – თბილისის “დინამოს” მეტოქეები ცნობილია
ოქტომბერი 20, 2021 20:06

ხვალ, 21 ოქტომბერს, უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები ჩატარდება. აღსაღნიშნავია, რომ ამ გათამაშებაში ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბებიც იღებენ მონაწილეობას.

ჩვენი დროით 20:45ზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “ანორთოსისი” საკუთარ კედლებში მიიღებს ესტონურ “ფლორას”. “ანორთოსისის” შემადგენლობაში ირიცხებიან საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია,ნახევარმცველი ნიკოლოზ ნინუა და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა. ორივე კლუბი საკუთარი ჯგუფის აუტსაიდერია და პირველ ორ შეხვედრაში უქულოდ დარჩენის შემდეგ შეეცდებიან ერთმანეთთან დაპირისპირებაში მოიპოვონ სადებიუტო ქულები.

20:45 სთ-ზე გაიმართება შეხვედრა დანიურ “კოპენჰაგენსა” და ბერძნულ “პაოკს” შორის.  დანიური კლუბის ღირსებას იცავს ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, რომელმაც კონფერენს ლიგის პირველი ორი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გუნდის უცვლელი წევრია. “კოპენჰაგენი” საკუთარ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, ხოლო მისი ხვალინდელი მეტოქე “პაოკი” 4 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

უფრო გვიან, ჩვენი დროით 23:00 საათზე, ითამაშებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც როგორც კლუბის, ასევე ნაკრების შემადგენლობაში უკანასკნელი შეხვედრები გამოტოვა, თუმცა ქართველი ნახევარმცველი  დაბრუნების შემდეგ ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას იბრუნებს და ხვალ შეეცდება “გენტს” სამი ქულის მოპოვებაში დაეხმაროს. ბელგიური კლუბი გასვლით მატჩს “პარტიზანის” წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს ორი კლუბი კი ჯგუფში 6-6 ქულით ინაწილებს პირველობას და ლიდერობისთვის იბრძვის.

23:00 სთ-ზე  ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით “სლოვანი ბრატისლავა” საკუთარ კედლებში უმასპინძლებს გიბრალტარულ “ლინკოლნ რედ იმპსს”, რომელიც ჯგუფის აშკარა აუტსაიდერია. სლოვაკური კლუბის უცვლელი წევრები არიან ჩვენი ნაკრების კაპიტანი – ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია. ისინი ხვალ პირველი სამი ქულის მოსაპოვებლად და პლეი-ოფში გასვლის შანსების შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ, რადგან ჯერჯერობით მათი კლუბის ანგარიშზე ორ ტურში მხოლოდ 1 ქულაა და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ.

უეფა კონფერენს ლიგის გარდა ქართველი ფეხბურთელის – ოთარ კიტეიშვილის კლუბი “შტურმი გრაცი” ევროპა ლიგის შეხვედრას გამართავს ესპანური “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, კუნთის ტრავმის გამო 2021 წელს ქართველი ნახევარმცველი ვერც ნაკრების და ვერც კლუბის დახმარებას ვეღარ მოახერხებს.

Share