2017 წლის საქართველოს U19 ნაკრები, სად არიან ის ფეხბურთელები ახლა?

“მამარდაშვილის უთამაშებლობა უბრალოდ დანაშაულია” – ესპანური პრესა
ოქტომბერი 21, 2021 15:00
🔴 LIVE “ანორთოსისი” 🆚 “ფლორა” – კაჭარავა ძირითადშია!
ოქტომბერი 21, 2021 16:32

2017 წელს, საქართველომ უეფას ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც გამარჯვების მოპოვება ინგლისის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეძლო.

ტურნირზე უამრავი ტალანტი ჩამოვიდა, მაგალითად, რაიან სესენიონი, დიეგო დალოტი, ალექს კრალი, მეისონ მაუნთი, რაფაელ ლეაო, ლუკას ნმეჩა (ინგლისის სახელით).

თუმცა ჩვენთვის საინტერესო არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საკითხი, რომელმაც ტურნირზე საკმაოდ კარგი ხარისხის თამაში აჩვენა და ჯგუფიდან გასასვლელად სულ ცოტა დააკლდათ.

პირველ შეხვედრაში, მომავალი ფინალისტის, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ქართველები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შემდეგ 66-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან თავი რუი პედრომ გამოიჩინა და თავის გუნდს შეხვედრა მოაგებინა.

სამაგიეროდ მეორე თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ქართველმა ფეხბურთელებმა 7 ათასი გულშემატკივრის თვალწინ, შვედ თანატოლებს 2-1 მოუგეს. ამის მერე ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსიც გაჩნდა.

ყველაფერი ბოლო ტურში წყდებოდა ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა სამწუხაროდ ახალგაზრდა ქართველებმა ჩეხებისგან 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს. მიხეილ მესხზე შეკრებილი 25 ათასი გულშემატკივარი თამაშიდან შინ, იმედგაცრუებული დაბრუნდა.

საინტერესო არის სად არიან იმ გუნდის მთავარი გმირები, მაგალითად სწორედ ჩეხეთთან თამაში ავიღეთ, რადგან ალბათ ეს შემადგენლობა უნდა ჩავთვალოთ იმ გუნდისთვის ყველაზე ოპტიმალურად.

გიორგი ჩოჩიშვილი

 

 

გიორგი ჩოჩიშვილმა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თავი დაამახსოვრა ქართველ ქომაგს, ის „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა ევროპის ჩემპიონატის წინ „შევარდენში“ იყო განათხოვრებული, სადაც ძირითადი გუნდის უცვლელი წევრი იყო, ალბათ სწორედ სათამაშო პრაქტიკა გახდა მისი პირველ მეკარედ არჩევის მიზეზი, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩოჩიშვილი „სლავია პრაღაში“ გადავიდა, თუმცა სამწუხაროდ ახალგაზრდა მეკარემ ვერ შეძლო ჩეხეთში თავის დამკვიდრება და საქართველოში დაბრუნება მოუწია, ჯერ „სიონში“ მერე კი კვლავ „შევარდენში“, ამჟამად ჩოჩიშვილი „თბილისის მერანის“ ღირსებას იცავს, სადაც ეროვნულ ლიგა 2-ში სტაბილურად თამაშობს

ნიკოლოზ მალი

ნიკოლოზ მალი ისევე, როგორც ტურნირის დაწყებისას, დღესაც „საბურთალოს“ ღირსებას იცავს, მან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოახერხა სტაბილურ დონეზე დარჩენა, ის დღესაც „საბურთალოს“ ძირითადი შემადგენლობის წევრია, 2018 წელს მან საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ახალგაზრდა მცველს შანსი ეროვნულ ნაკრებშიც მიეცა, 2019 წელს ვლადიმერ ვაისიმა მალი ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ეს თამაში ჯერ-ჯერობით პირველი და ერთადერთია ახალგაზრდა მცველისთვის ეროვნულ გუნდში.

დავით კობოური

 

გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი დავით კობოური „თბილისის დინამოს“ აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ თავის მშობლიურ გუნდში თამაშობს, კობოურმა თავი დაამახსოვრა ქართველ გულშემატკივარს თავისი დამაჯერებელი თამაშით. იყო ევროპაში ტრანსფერის მოლოდინიც, თუმცა კობოური ჯერ კიდევ „თბილისის დინამოს“ ღირსებას იცავს.

შაკო ბურჯანაძე

კობოურის მეწყვილე იმ ტურნირზე „ქუთაისის ტორპედოს“ აღზრდილი ფეხბურთელი შაკო ბურჯანაძე გახლდათ. ბურჯანაძემ ტორპედოში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა, ამას მოყვა იჯარა „მარტვილის მერანში“ ხოლო შემდეგ კი ტრანსფერი სამგურალში“ სადაც სოსო ფრუიძის თავკაცობით, ის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და ეროვნული ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 2 გოლის გატანაც მოახერხა

ლუკა ლაკვეხელიანი

მარცხენა მცველი, რომელმაც გულშემატკივარს თავი შეტევაში აქტიური თამაშის წყალობით დაამახსოვრა. ლუკა ლაკვეხელიანი „საბურთალოს“ აკადემიის გაზრდილია, 2020 წლის ზაფხულში ქართველი მცველი „მეზოკოვესდ-ზორში“ გადავიდა, უნგრეთის ჩემპიონატში. წლევანდელი სეზონის სტარტი ლუკას დიდხნიანი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა მან მონაწილეობა მიიღო გუნდის ბოლო ორ შეხვედრაში, ორივეში ლაკვეხელიანმა 90 წუთი ითამაშა.

გიორგი კუცია

გიორგი კუცია ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საყრდენ ნახევარმცველად მოგვევლინა. ის „თბილისის დინამოს“ აღზრდილია და დღესაც თბილისურ კლუბში თამაშობს, მან ასევე 2019 წელს „გორის დილაში“ ჩაატარა ერთი სეზონი, როდესაც დინამომ კუცია გორში გაანათხოვრა. ფეხბურთელის ერთ-ერთი მთავარი პლუსი უნივერსალურობაა, რის გამოც მას ძალიან აფასებენ დინამოში, დღეს კუცია „თბილისის დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

დავით  სამურკასოვი

„თბილისის ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, დღესაც თავისი მშობლიური გუნდის ღირსებას იცავს. სამურკასოვი ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი იყო, მართალია ევროპის ჩემპიონატის მერე ის „ლოკომოტივის“ შემადგენლობიდან ამოვარდა, მაგრამ შემდგომში მან მაინც მოახერხა თავისი ადგილის დაბრუნება და დღეს გუნდის ძირითად ფეხბურთელად ითვლება

გიორგი ქოჩორაშვილი

 „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ჟირონაში“ წავიდა იქიდან კი „ლევანტეში“ მოხვდა, სადაც მეორე გუნდის ღირსებას იცავს და პერიოდულად ძირითადი გუნდის განაცხადშიც ხვდება, ქართველი ნახევარმცველის დებიუტი ლა ლიგაში 2020 წლის 29 დეკემბერს „ბეტისის“ წინააღმდეგ შედგა, შემდეგ კი ის მოდენაზე „ბარსელონას“ წინააღმდეგაც გამოვიდა, პირველი გოლი კი თასზე „რასინგ მურსიას“ გაუტანა.

გიორგი არაბიძე

იმ გუნდის მთავარი ვარსკვლავი და იმ დროისთვის ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, რომლისგანაც გულშემატკივარი ტურნირზე ბევრად მეტს ელოდა. იმ დროის არაბიძე „დონეცკის შახტარის“ ფეხბურთელი იყო, შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე გუნდი გამოიცვალა, „ადაბასპორი“, „როტორი“, „ნასიონალი“, გიორგის კონტრაქტი სწორედ ამ უკანასკნელთან აკავშირებს, დღეს ის კარიერის რეანიმირებას „სამტრედიაში“ ცდილობს, სადაც პორტუგალიური გუნდიდან არის განათხოვრებული. შეგახსენებთ, რომ ის ნაკრებშიც იყო გამოძახებული, სადაც მშვენიერი სტატისტიკა აქვს, 4 მატჩში 3 გოლი, მათგან 2 ჯარიმიდან.

გიორგი ჩაკვეტაძე

ამ ფეხბურთელს დიდი წარდგენა არ სჭირდება, რთულად თუ მოიძებნება ის ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელმაც არ იცის გიორგი ჩაკვეტაძის სახელი, თუმცა ბევრს ავიწყდება,  რომ ჩაკვეტაძე სწორედ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ გაიცნეს, სადაც გიორგი გუნდის ნამდვილი ლიდერი ჩანდა და შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გოლის მშვენიერი გატანაც მოახერხა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი თავის მშობლიურ „დინამო თბილისში“ დარჩა, საიდანაც შემდეგ ბელგიურ „გენტში“ გადავიდა. არავის არ დაავიწყდება ჩაკვეტაძის პერფორმანსი 2018 წლის ერთა ლიგის გათამაშებაზე, სადაც მან უკვე ეროვნულ ნაკრებს მოუტანა წარმატება, მიუხედავად რიგ პრობლემებისა, დღეს გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ და ეროვნული ნაკრების ძირითად ფეხბურთელად ითვლება.

გიორგი კოხრეიძე

 

 

დღეს დღეობით საფრანგეთის მეორე ლიგაში მოასპარეზე ფორვარდი, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას „საბურთალოს“ ფეხბურთელი იყო, იმ გუნდის, რომლის აღზრდილიც არის გიორგი. მან შვედების წინააღმდეგ მოახერხა მეორე გოლის გატანა და ქართველ გულშემატკივარს თავი დაამახსოვრა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, კოხრეიძე „საბურთალოს“ ლიდერად ჩამოყალიბდა, ის ასევე გახდა 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში ფრანგულ „გრენობლში“ გადავიდა.

 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა თავისი პოსტი იმავე წლის დეკემბერში დატოვა, მან მოახერხა ძლიერი გუნდის დაყენება, რომელსაც 2017 წელს ბევრად მეტის მიღწევა შეეძლო, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემდეგ გიორგი ყიფიანს მთავარი მწვრთნელის პოსტზე აღარ უმუშავია.

 

იმ გუნდიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში მხოლოდ ნიკა მალმა, გიორგი არაბიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ მოახერხეს, ასევე გუნდში გამოძახებული იყო დავით კობოური, თუმცა მოედანზე არ გამოსულა. თუმცა დღევანდელი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელად იმ გუნდიდან მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძე ითვლება, რომლისთვისაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი იყო პირველი დიდი გაბრწყინება და ქართველი ქომაგისთვის საკუთარი თავის გაცნობა.

 

Share