პენზადან ბონუსით ვბრუნდებით

პენზა ლოკომოტივი V შავი ლომი – ევროპის სუპერ თასი
ოქტომბერი 23, 2021 08:25
ბიჭებო, მოინდომეთ, მიაწექით და გაირღვევა
ოქტომბერი 23, 2021 12:05

პირველმა ქართულმა პროფესიონალმა ფრენჩაიზმა “შავმა ლომმა” რაგბი ევროპის სუპერთასზე მეორე შეხვედრა პენზაში, პენზას “ლოკომტივის” წინააღმდეგ გამართა და ბონუს ქულით 27:11 დაამარცხა. მატჩი არც თუ სანახაობრივი გამოვიდა და პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი, განსაკუთრებით შეტევის ფაზაში, კარგი ნამდვილი არ იყო. შეხვედრაში პირველი ქულები “შავმა ლომმა” მოიპოვა – გიორგი ბაბუნაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მეტოქის რიგებში, თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება ეს “ლოკომოტივის” მგეზავი სერგეი იანუშკინია, რომელმაც რამდენიმე ტაქტიკური დარტყმა კარგად შეასრულა და თავის გუნდს პოზიცია მოაგებინა. საწყის წუთებში, მეტოქე “შავი ლომის” 22-მეტრიან ზონაში დამკვიდრდა. “ლოკომოტივის” შერკინება საკმაოდ კარგი იყო. საკუთარ 22-იანში ქართული გუნდის შერკინება ორჯერ დაჯარიმდა.ამაში მეტოქის დამსახურება ნაკლებადაა, “შავი ლომის” პირველ ხაზელები მიწოლაზე ადრე გადადიოდნენ. ორივე ჯარიმა “ლოკომოტივმა” კარში დაარტყა და სერგეი იანუშკინმა თავისი გუნდი 6:3 დააწინაურა. პენზელებს ლელოს დადების კარგი შანსიც ჰქონდათ – იანუშკინის ბოქსქიქის შემდეგ, გიორგი ბაბუნაშვილს ბურთი წინ დაუვარდა, რომელიც ჩათვლის მოედანში გიორგი ჭყოიძემ აიღო, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და პენზას “ლოკომოტივის” კვაჭს ბურთი ბოლო მომენტში წინ გაუვარდა. მეტოქემ ჩვენი შეცდომით ვერ ისარგებლა, თუმცა, სამაგიეროდ ჩვენ ვისარგებლეთ მათი შეცდომით. “ლოკომოტიველებმა” რაქიდან ბურთი ცუდი პასით გამოიტანეს და იანუშკინს დარტყმულზე კარგად დავუფარეთ. მართალია, რაქში ბურთი ზედმეტად დიდხანს შეგვიყოვნდა, მაგრამ საბოლოოდ დავით გიგაურმა მაინც მოახერხა ლელოს დამიწება. ბაბუნაშვილის გარდასახვა ზუსტია. ლელოს შემდეგ, “შავმა ლომმა” სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და მალე მეორე ლელოც გაიტანა. მეტოქის 22-იანში დერეფანი მოვიგეთ. გრძელი მოლი შევკარით, რომელსაც ჩვენი გუნდის მხტომელებმა ღერძი კარგად შეუცვალეს და საბოლოოდ ეს ბრწყინვალე მოლი შალვა მამუკაშვილის ლელოთი დასრულდა. ბაბუნაშვილმა ვერ გარდასახა. ტაიმის მიწურულს კი კვლავ ბაბუნაშვილმა 10 ნომრის მასტერკლასი გვანახა. მან რუსი მეტოქე ცრუ მოძრაობით კარგად დაიქნია, ე.წ. ნულოვან ზონაში თავადვე შეძვრა და ლელოც დაამიწა. გარდასახვა თავადვე შეასრულა ზუსტად და ტაიმიც დასრულდა-22:11.

მეორე ტაიმი “ლოკომოტივმა” აგრესიულად დაიწყო და პირველ 10 წუთში “შავი ლომი” საკუთარ ხუთმეტრიანს მიაჯაჭვა. რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ, მეტოქემ შალვა მამუკაშვილი გაგვისინბინა და ლელოც დადო. მეორე ნახევარში არეული თამაში წავიდა და გუნდები ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. “შავი ლომის” თამაშში ძალიან ცუდი იყო დერეფანი, ასევე შერკინებაში ზედმეტად დიდხანს ვაყოვნებთ ბურთს, რიგ ეპიზოდებში ადრე ჩავდივართ და ეს მომდევნო მატჩებისთვის გამოსასწორებელია.

მიუხედავად ცუდი მეორე ტაიმისა, შეხვედრის მიწურულს მამა-პაპური ქართული მოლის შემდეგ, გოგა ხუროშვილმა შეძლო მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება. საბოლოოდ, 27:11 და “შავმა ლომმა” მეტოქის სამზე მეტი ლელოთი დამარცხებისათვის პრემიალური ქულა აიღო და პენზადან 5 ქულით მოდის.

მომდევნო შეხვედრას ლევან მაისაშვილის გუნდი ერთი კვირის თავზე კრასნოიარსკის “ენისეის” წინააღმდეგ სოჭში გამართავს. “ენისეიმ” პირველი ორი მატჩი “პენზას “ლოკომოტივს” ბონუსით მოუგო.

Share