თამაში გადაიდო – ქართველი მორაგბეები რუსეთში ვერ ჩავიდნენ

VIDEO ნიკა კაჭარავამ ომონიას გაუტანა
ოქტომბერი 29, 2021 17:06
“ჯერ მითხრეს, რომ ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვარ, ახლა საუკეთესო ვარ” – თემურ ქეცბაია
ოქტომბერი 30, 2021 04:11

რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში ‘ენისეი-სტმსა’ და ‘შავ ლომს’ შორის 30 ოქტომბერს გასამართი მატჩი გადაიდო. მიზეზი ისევ COVID 19-ია…

რუსეთში პანდემიამ მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და ქვეყანამ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ‘შავი ლომი’ სოჭში ჩარტერული რეისით დღეს დილით უნდა გაფრენილიყო და შეჩერებული ნებართვა მხოლოდ დღის ბოლოს მიიღო. იყო შანსი, რომ თამაში კვირისთვის გადადებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა საორგანიზაციო მხარე ვერ მოაგვარეს.

შესაბამისად, რაგბი ევროპამ თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მისი ჩატარების ვადები მოგვიანებით დაზუსტდება.

„სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა და დილით ჩანიშნული ჩარტერული რეისი ვერ შედგა. საქმეში ჩავრთეთ რაგბი ევროპა, რუსეთის რაგბის კავშირი და დღის ბოლოს ჩარტერული რეისის განხორციელების შესაძლებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოთამაშეთა კეთილდღეობიდან გამომდინარე თამაშის კვირისთვის გადადება მოვითხოვეთ, რაზეც ‘ენისეი’ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ დაგვთანხმდა. რაგბი ევროპასთან ერთად ვიმუშავებთ და გადავწყვეტთ როდის ჩატარდება ეს შეხვედრა.

გუნდმა უკვე მოასწრო ორი თამაშის გამართვა და აგრძელებს ვარჯიშს. კარგი იყო ‘ენისეისთან’ თამაში არ გადადებულიყო, რადგან მოთამაშეებს მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდათ, მაგრამ ისიც კარგია, რომ ტურნეს სრულად უთამაშებლები არ ხვდებიან“, – თქვა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.

‘შავ ლომს’ ტურნირზე ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ქულათა მაქსიმუმით (10) მეორე ადგილზეა. ის მომდევნო თამაშს 4 დეკემბერს გამართავს და ‘ლოკომოტივ-პენზას’ დაუხვდება. მანამდე გუნდის ბირთვს სანაკრებო შეკრება და შემოდგომის ტესტ-მატჩები ელის.

RUGBY.GE

Share