“სანიოლის ეს მიდგომა ფეხბურთელს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას მატებს” – ინტერვიუ პაატა ღუდუშაურთან

ნაკრების დებიუტანტი: გავიცნოთ დავით ვოლკოვი
ნოემბერი 9, 2021 17:52
თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა
ნოემბერი 9, 2021 19:14

ეროვნულ ლიგაში უამრავი საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს. თავისისი სათამაშო სტილით და გამორჩეული დრიბლინგით ხასიათდება პაატა ღუდუშაური.

24 წლის ფლანგის შემტევი საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. გორის “დილას” ფეხბურთელი ეროვნული ჩემპიონატის 31 მატჩში, 4 გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოირჩა. მის თამაშს სტატისტიკა ნამდვილად ვერ ასახავ. ღუდუშაური შეტევასთან ერთად, დაცვითი ფუნქიების შესრულების მხრივაც პროდუქტიულია.

ღუდუშაურს დავუკავშირდით და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.

– ბოლო მატჩით დავიწყოთ… დინამოსთან გუნდმა სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩი მოიგო. როგორ შეაფასებდი მატჩს?
– ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ასეთ დაძაბულ თამაშებში პირველი გოლის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე განსაკუთრებით სასიხარულო იყო.

– რთული პერიოდი გავიხსენოთ… ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდი. ფაქტია, ტურიდან ტურამდე პროგრესირებ… სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 3 ტურია, მაგრამ საინტერესო იქნება თავად როგორ აფასებ დაბრუნებას? ელოდი რომ ასეთი იქნებოდა?
– გეთანხმებით, რომ ფეხბურთის გარეშე გატარებული 2 წლის შემდეგ სათამაშო ფორმის აღდგენა ნამდვილად რთულია, მაგრამ ჩემთვის მთავარი  მორალური საკითხი იყო და მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე გაირკვა.

დილა იყო ის პირველი კლუბი, რომელმაც მომცა შესაძლებლობა დავბრუნებოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.

– მართალია, თეორიული შანსი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა დიდი ალბათობით დილა წელსაც ევროტურნირებზე ითამაშებს…
– ჯერ მაინც ადრეა ამაზე ლაპარაკი, მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს დარჩენილი. როგორც იცით, სამი ტური დარჩა და სამივე შეხვედრაში უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალური ქულათა მარაგი მოვიპოვოთ.

– ანდრეი დემჩენკო – საინტერესო და როგორც ამბობენ, საკმაოდ მომთხოვნი სპეციალისტი. როგორ შეაფასებ მის მუშაობას? რით განსხვავდება ის ყველა სხვა მწვრთნელისგან, ვისთანაც გიმუშავია?
– ნამდვილად ასეა. დემჩენკო საკმაოდ მომთხოვნი და საინტერესო მწვთნელია. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და ამ ხედვას უნდა მიყვე. მწვრთნელი და გუნდი ერთი ორგანიზმი უნდა იყოს. ასევე, ძალიან საინტერესო იყო გიორგი ნემსაძესთან მოკლეხნიანი ურთიერთობაც.

– ეროვნული ლიგის დონე…
– ეროვნული ლიგის დონის შემფასებლად ნამდვილად ვერ გამოვდგები. რაც უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი გვექნებ, მე მხოლოდ გამიხარდება. ჩემი სურვილიც ეს არის.

– საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ეროვნული ლიგიდან არაერთ ფეხბურთელს იძახებს. რამდენად მოგწონს სანიოლის ეს მიდგომა და თავად თუ გაქვს იმედი და მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში ნაკრების სიაში შენი გვარიც ჩაიწერება?
– ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ნიჭიერ ფეხბურთელებს სანიოლი ნაკრებში თავის გამოჩენის შანსს აძლევს. მეტ მოტივაციას და თავდაჯერებულობას მატებს ასეთი მიდგომა ფეხბურთელს.

რათქმაუნდა, ჩემი დიდი სურვილია სარგებელი მოვუტანო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ვნახოთ, რა იქნება.

– ნაკრებს შევეხეთ და წინ ორი მატჩია შვედეთთან და უზბეკეთთან – როგორი მოლოდინები გაქვს?
– ჩემი მოლოდინი და დიდი სურვილი თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებაა. ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ.

– უზბეკეთს საქართველოს ნაკრები გორში ეთამაშება. მთელი სეზონი სწორედ ამ ქალაქში გაატარე… რა შეგიძლია თქვა გორსა და მის გულშემატკივარზე?
– ძალიან მომწონს საქართველოს ნაკრები თამაშებს რეგიონში რომ ატარებს. ამ ფაქტმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ბევრ რეგიონში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება დილას გულშემატკივრებს: ჩემთვის პირადად, თამაშის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათ ყოფნას სტადიონზე. ძალიან მაგარი გვერდში დგომა და გულშემატკივრობა იციან. მადლობა მათ ამისთვის.

Share