ნაკრების დებიუტანტი: გავიცნოთ დავით ვოლკოვი

“შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ” – ნიკა კვეკვესკირი
ნოემბერი 9, 2021 16:06
“სანიოლის ეს მიდგომა ფეხბურთელს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას მატებს” – ინტერვიუ პაატა ღუდუშაურთან
ნოემბერი 9, 2021 18:10

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ცვლილებაა და გიორგი მიქაუტაძის მაგივრად, რომელიც გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა, ნაკრებში სათამაშოდ აზერბაიჯანული „ზირას“ ქართველი ფორვარდი დავით ვოლკოვი ჩამოვა.

ვოლკოვის საფეხბურთო კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, სადაც თავის სადებიუტო სეზონში 23 მატჩში 10 გოლის გატანა და ამით თბილისის დინამოს ყურადღების მიქცევა მოახერხა. დინამოში ვოლკოვს თავის დამკვიდრება არ გამოუვიდა: მან 2 წლის მანძილზე ძირითადი გუნდის რიგებში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლის გატანა მოახერხა. ამ დროს ის, როგორც წესი, დინამოს მეორე გუნდში ან სხვადასხვა გუნდებში იჯარით თამაშობდა.

2016 წელს ვოლკოვი იჯარის წესით ჯერ „ჩიხურაში“ გადავიდა, შემდეგ – „სიონში“. მიუხედავად იმისა, რომ ვოლკოვმა დინამოში ვერ ითამაშა იმ დონეზე, რომელიც მან შემდეგში თავის კარიერაში აჩვენა, ის მაინც გახდა თბილისური კლუბის შემადგენლობაში საქართველოს თასის ორ გზის მფლობელი 2014/15 და 2015/16 წლებში. ის 2015 წლის ფინალში „სამტრედიის“ წინააღმდეგ შეცვლაზეც შემოვიდა, როდესაც ანგარიში 4-0 იყო და 87-ე წუთზე საბოლოო ანგარიში 5-0 დააფიქსირა.

 

2017 წელს სერბეთის „ზემუნში“ გადავიდა, სადაც ტრავმის გამო მხოლოდ ერთ შეხვედრაში „ვრანიეს დინამოს“ წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მან იმ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.

ამას მოყვა საქართველოში დაბრუნება – ტრანსფერი „საბურთალოში“. ეს არის კლუბი, სადაც ვოლკოვმა ნამდვილად იპოვა საკუთარი თავი. ეროვნულ ლიგაში ის საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობდა, „საბურთალოს“ შემადგენლობაში გამართულ 44 მატჩში ვოლოკოვმა 18 გოლი და 4 ასისტი მიითვალა, ასევე 2018 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი. საინტერესოა, რომ ჭიაბრიშვილი მას არა მხოლოდ ცენტრ ფორვარდად, არამედ ფლანგის მოთამაშედაც იყენებდა: საჩემპიონო სეზონში ვოლკოვი მეტწილად სწორედ მარცხენა შემტევად თამაშობდა.

2018 წელს ვოლკოვმა მეორედ დატოვა საქართველო და ამჯერად სათამაშოდ აზერბაიჯანში ჩავიდა: ის ჯერ გაბალაში გადავიდა, სადაც 34 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა, შემდეგ კი უკვე თავის ამჟამინდელ კლუბში ზირაშიაღმოჩნდა, სადაც ის ჯერ-ჯერობით თავის კარიერაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.

ზირას რიგებში ვოლკოვს უკვე 19 გოლი აქვს გატანილი. წლევანდელ სეზონში ის აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 8 გოლია, მათ შორის ბოლო ტურში შესრულებული ჰეთ-თრიკი საბაჰის წინააღმდეგ.

ასე მიიქცია ვოლკოვმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ყურადღება, რომელმაც ის ქვეყნის პირველ გუნდში პირველად იხმო.

Share