ურთიერთშეხვედრები – საქართველო 🆚 უზბეკეთი

31 წლიანი ისტორიის საუკეთესო გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე
ნოემბერი 12, 2021 21:52
“სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს” – ნავალოვსკი გულშემატკივარს დაემშვიდობა
ნოემბერი 13, 2021 10:58

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. “ჯვაროსნებმა” ბოლო ტურში შვედები 2-0 დაამარცხეს და 7 ქულით ჯგუფში მე-4 ადგილს დასჯერდნენ.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები მიმდინარე სანაკრებო პაუზაზე კიდევ ერთ მატჩს გამართავს. ჩვენი ეროვნული გუნდი საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი 15 ნოემბერს, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება და მას სტადიონის ტევადობის 33% გულშემატკივარი დაესწრება.

საქართველოს და უზბეკეთის ნაკრებებს შორის ისტორიას მხოლოდ ერთი მატჩი ახსოვს, რომელიც 2017 წლის იანვარში გაიმართა.

იანვარში სანაკრებო თამაშებით განებივრებულები წესით არ ვართ ხოლმე, მაგრამ იმ დროს ჯვაროსნების დამრიგებელმა ვლადიმერ ვაისმა სანაკრებო ფანჯარა კარგად გამოიყენა და აზიურ ტურნეში მხოლოდ საქართველოს ეროვნული ლიგის ფეხბურთელები წაიყვანა.

მატჩი უზბეკეთის წინააღდმეგ ფრედ 2-2 დასრულდა. ჩვენი ნაკრების შემადგენლობიდან გოლები თეიმურაზ შონიამ და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს

უზბეკეთის ნაკრების რიგებში კი ორივე გოლი ელდორ შომუროდოვმა გაიტანა, რომელიც ამჟამად იტალიური “რომას” ღირსებას იცავს და ორშაბათს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების იმ შემადგენლობიდან, რომელშიც მაშინდელი ეროვნული ლიგის ფეხბურთელები ირიცხებოდნენ, დღეს რამოდენიმე მათგანი ეროვნული ნაკრების წევრია და შვედეთის წინააღმდეგ ტრიუმფშიც თავისი წვლილი მიუძღვის.

მაგალითად, უზბეკეთის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო დავით ხოჭოლავა, რომელმაც 90 წუთი ითამაშა შვედეთის წინააღმდეგ. სასტარტოში იყო და გოლიც გაიტანა საბა ლობჟანიძემ, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია შვედეთთან. ასევე იმ მატჩში მონაწილეობა მიიღეს დღევანდელი ნაკრებიდან ოთარ კიტეიშვილმა, ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი პაპუნაშვილმა და ჯიმი ტაბიძემ.

Share