სანიოლისა და კვეკვესკირის პრესკონფერენცია უზბეკეთთან მატჩამდე

მამუკა გორგოძე: მომეწონა ჩვენი სითამამე, მაგრამ ასეთ მეტოქესთან შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ
ნოემბერი 14, 2021 17:46
ჩაკვეტაძე უზბეკეთთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს
ნოემბერი 14, 2021 18:04

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს.. გენტის ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ეროვნული გუნდის წევრმა ნიკა კვეკვესკირმა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს:

💬ვილი სანიოლი: წლის ბოლო მატჩს უზბეკეთის წინააღმდეგ გავმართავთ. რა თქმა უნდა, ბედნიერი ვართ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორი მატჩი წარმატებით დავასრულეთ. ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას ზუსტად ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ეს შვედეთთან იყო. ჩვენ ოთხი თვის განმავლობაში ვერ შევხვდებით ერთმანეთს, აქვე ვიტყვი, რომ ივნისისთვის მოსამზადებლად მარტიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა ისეთივე გუნდური თამაში აჩვენონ, როგორც ეს ბოლო ორ შეხვედრაში იყო, რადგან ეს არის გზა, რომლითაც შევძლებთ რაიმე საინტერესო შევქმნათ.

რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ამაზე ადრეც გვისაუბრია. ის ახალგაზრდა მოთამაშეა და ასეთ დროს, ფეხბურთელებს სტაბილურად ერთ დონეზე თამაში უჭირთ. ვფიქრობ, ხვიჩამ კარგად იცის, რომ მას ჩვენი ნდობა აქვს. როდესაც ის ნაკრებშია თავს ბედნიერად გრძნობს.

შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების საიდუმლო ჩვენი გუნდურობაა. გუნდურობა უამრავ ასპექტს მოიცავს, რამდენად მზად ხარ გუნდისთვის ითამაშო, რამდენად იცავ სათამაშო დისციპლინას და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რაც ფეხბურთელებმა შვედეთის წინააღმდეგ აჩვენეს. გასულ კვირას დაცვის შესახებ ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა მჯერა, რომ როდესაც შვედეთის წინააღმდეგ ასეთ თამაშს აჩვენებ, ეს მხოლოდ დაცვის დამსახურება არაა. რა თქმა უნდა, ჩვენმა მცველებმა კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში თავდაცვა თავდასხმის ხაზიდან იწყება და მასში მთლიანი გუნდი მონაწილეობს. ასე იყო ჩვენს შემთხვევაში, თითოეულმა ფეხბურთელმა დავალება ზუსტად შეასრულა და კარგი დაცვითი ბარიერი შევქმენით. ვიცოდით, რომ შვედეთს ბევრი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს, მაგრამ ასევე ვთვლი, რომ შვედები ჩვენი თამაშით გავაკვირვეთ. ყველაფერმა ერთად მოგცა იმის საშუალება, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩაგვეტარებინა, შესაძლოა არა იდეალური, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით როგორც ვითამაშეთ.

ყველას გვსურს, რომ სტაბილურად ვიასპარეზოთ, თუმცა ეროვნული ნაკრების დონეზე ამის მიღწევა შედარებით რთულია. იმიტომ, რომ ხშირად გიწევს ფეხბურთელების შეცვლა სხვადასხვა მიზეზით. მიუხედავად ამისა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით, რომ კოსოვოსა და შვედეთის წინააღდეგ მსგავსი ტაქტიკით გვეთამაშა. ამან ყველას დაგვანახა, რომ ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებული იყვნენ და უკეთ ესმოდათ თუ რა უნდა გაეკთებინათ მოედანზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ უზბეკეთის წინააღმდეგ ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ. უკვე აღვნიშნე, რომ ცდების დრო აღარ არის. ვთვლი, რომ გარკვეული სტაბილურობა შევიძინეთ და მსურს, რომ ეს შევინარჩუნოთ.

შვედეთის წინააღმდეგ პირველი გოლის ეპიზოდში გამოყენებული კომბინაცია წინასწარ დამუშავებული არ ყოფილა და ეს უფრო თორნიკე ოქრიაშვილის იდეა იყო. რაც მთავარია ამან კარგად იმუშავა და ვთვლი, რომ დამატებით კომენტარს არ საჭიროებს.

მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, ვცდილობ, რომ ყველას მიმართ სამართლიანი ვიყო. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არაა, რადგან როდესაც გადაწყვეტილებას იღებ ზოგი ფეხბურთელი ბედნიერია ზოგი კი არა. ვცდილობ ვიყო სამართლიანი და წინ დავაყენო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, გუნდურობა, ჩართულობა და ბევრი შრომა. როდესაც გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის თითქმის ორი წლის განმავლობაში ტრავმირებული იყო. ასეთი ტრავმიდან დაბრუნებას დრო სჭირდება. ამასთან ერთად საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად ყოველდღიურ რეჟიმში თავდაუზოგავად უნდა იშრომო. გიორგიმ უნდა გაითავისოს, რომ საუკეთესო ფორმას ასე უბრალოდ ვერ დაიბრუნებს, თუ მას სურს, რომ ასე მოხდეს უფრო მეტი უნდა იშრომოს. ეს ეხება არა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს, არამედ კლუბსაც, რათა მან უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს. ეს ყველაფერი კი, მას თავდაჯერებისა და იმ ფიზიკური მონაცემების დაბრუნებაში დაეხმარება, რომელიც ფეხბურთის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ აუცილებელია. როგორც უკვე აღვნიშნე, მე სამართლიანი ვარ და ჩაკვეტაძემ შვედეთის წინააღმდეგ იმიტომ არ ითამაშა, რომ მან ეს ვერ დაიმსახურა. ვგულისხმობ იმას, თუ რა მაჩვენა მან ვარჯიშებზე და როგორი მოტივაციით ემზადებოდა თამაშისთვის. რა თქმა უნდა, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მე ძალიან მიყვარს ასეთ მოთამაშეებთან მუშაობა. თუმცა, ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაში მხოლოდ ნიჭიერებას არ მოიცავს, ის მხოლოდ მთლიანი შედეგის 20-25 პროცენტს წარმოადგენს. ნიჭზე მნიშვნელოვანი, შრომა, მოტივაცია, ჩართულობა და გუნდურობაა. იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშო ყველა ეს ასპექტი ძალიან საჭიროა. ვიცი, რომ გიორგისთვის ახლა ადვილი პერიოდი არაა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ის საკუთარ კლუბში თამაშს გააუმჯობესებს, რაც მას საშუალებას მისცემს მარტის სანაკრებო პაუზისთვის კონკურენციაში ჩაერთოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ პირველად ვგრძნობ, რომ გუნდში ძალიან ჯანსაღი და ძლიერი კონკურენციაა. ეს განსაკუთრებით შემტევ ხაზს ეხება, სადაც უამრავი კარგი ფეხბურთელი გვყავს. ფეხბურთელები ამ რეალობას უნდა შეეგუონ, რადგან ამის გარეშე ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაში გამორიცხულია. თუკი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდები, ეს ნიშნავს, რომ იქ მოსახვედრად კიდევ უფრო მეტი უნდა იშრომო.

ფეხბურთში ამა თუ იმ ცვლილებებს დრო სჭირდება და ეს რთული პროცესია, როგორც ჩემთვის ასევე ფეხბურთელებისთვის. გუნდის მშენებლობა სახლის მშენებლობისგან განსხვავდება, რადგან ამ შემთხვევაში კონკრეტული ვადები არ არსებობს. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ პირადად მე მივაღწიე იმას რაც მსურდა, გუნდში გვაქვს კონკურენცია, რაც წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ფეხბურთელებს განვითარებაში ეხმარება. არ მსურს ვთქვა, რომ ერთა ლიგისთვის ზედმეტად თავდაჯერებული ვარ, რადგან ახლა ნოემბერია და იქამდე ჯერ ძალიან დიდი დროა. ამ პერიოდში შესაძლოა უამრავი რამ მოხდეს, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი გუნდის აბსოლუტურ უმრავლესობას გათავისებული აქვს რა მსურს მათგან, საით მსურს განვითარება და როგორ ვაპირებ ამის მიღწევას.

რა თქმა უნდა, მე იმ ფეხბურთელებსაც ვაკვირდები, რომლებიც ახლა ჩვენს გვერდით არ იმყოფებიან. უკვე ვახსენეთ კიტეიშვილი, ასევე ტაბიძე და კაჭარავა, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ტრავმიდან. რაც უფრო დიდი იქნება იმ ფეხბურთელების სია, რომელსაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეეძლებათ უფრო მარტივი იქნება ჩემთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. შესაძლოა, რომელიმე თქვენგანს ჩემი გადაწყვეტილებები არ მოსწონს, რადგან ყოველთვის ჩნდება კითხვები კონკრეტული ფეხბურთელების შესახებ. მე კი, ჩვენს განვითარებას სხვა კუთხით ვუყურებ, ჩემთვის განვითარება ინდივიდუალურ ფეხბურთელებზე არაა დამოკიდებული და აქ მთავარი მთლიანი გუნდია, რომელშიც შედიან როგორც ფეხბურთელები, ასევე ფედერაცია და პერსონალი. თავს კარგად ვგრძნობ იმიტომ, რომ ყველას გვსურს ერთი გზით ვიაროთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გუნდურად მუშაობა ძალიან საინტერესოა და ეს მე ყოველდღიურად დიდ მოტივაცია მაძლევს.

​ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია და გურამ გიორბელიძე დაახლოებით მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან. იმ შემთხვევაში თუ ისინი საკლუბო დონეზე მეტს არ ითამაშებენ მომავალში ეს პრობლემას შექმნის. იმიტომ, რომ სანაკრებო დონეზე თამაში კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას მოითხოვს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ ეროვნულ ნაკრებში ბევრი კარგი მატჩი აქვთ ჩატარებული. უთამაშებლობის მიუხედავად ეროვნული ნაკრებში ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ მათ ვაგრძნობინოთ რამდენად საჭირო არიან ჩვენთვის. მაგრამ მათ კარგად იციან, რომ თუკი კვლავ სურთ ეროვნულ ნაკრებში თამაში არსებული სიტუაცია უნდა გამოასწორონ. იმიტომ, რომ უთამაშებლობის შემთხვევაში მათ გამოძახებას ვეღარ შევძლებ, რადგან ეს არასამართლიანი იქნება.

მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ ​დავით ხოჭოლოვამ შვედეთის წინაღმდეგ საუკეთესო მატჩი ითამაშა. შეკრების პირველივე დღეს მივხვდით, რომ ნოემბრის მატჩებისთვის ნაკრებში განსხვავებული ხოჭოლავა ჩამოვიდა, შეგრძნება მქონდა, რომ რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთელთან ვმუშაობდი. ძალიან ვაფასებ მის თამაშს შვედეთის წინააღმდეგ და ზუსტად ასეთი დონის მატჩს ველი უზბეკეთთანაც. აღარ მსურს მისი არასტაბილური თამაშის ხილვა, როგორც ჩვენ ვცდილობთ სტაბილურობის პოვნას, ასევე უნდა მოიქცეს ხოჭოლავაც და ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იშრომოს.

ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური მატჩები არ არსებობს, ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია და როგორც აღვნიშნე, უზბეკეთთან დაპირისპირება ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც შვედეთთან იყო.

დავით ვოლკოვმა სასიამოვნოდ გამაოცა, იშვიათად მინახავს მოთამაშე, რომელიც 26 წლის ასაკში პირველად ხვდება ეროვნულ ნაკრებში და ასე მარტივად ახერხებს ადაპტაციას. არ ვსაუბრობ მხოლოდ მის თამაშზე, არამედ იმაზე თუ როგორ ცხოვრობს გუნდთან ერთად. ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ, ასევე ცოტათი გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე, რადგან მან დამიმტკიცა, რომ შანსი უფრო ადრე უნდა მიმეცა.

რაც შეეხება ლუკა გუგეშაშვილს, ვფიქრობ, რომ გორელ გულშემატკივარს ცოტათი გავანაწყენებ, მაგრამ ლუკა ახალგაზრდა მეკარეა და ის პირველად მოხვდა ეროვნული ნაკრების განაცხადში. იგი ჯერ უნდა შეეგუოს სანაკრებო დონეს და კარგად გაითავისოს რა არის საჭირო ამ დონეზე სათამაშოდ. არ ვაპირებ იმ ცვლილებებზე ვისაუბრო, რომელსაც უზბეკეთთან განვახორციელებთ, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ კარში ლაზარე კუპატაძე იდგება. იგი შესანიშნავი ადამიანია და ამ მომენტისთვის ნაკრების მეორე მეკარეა. ის აგრძელებს თავდაუზოგავად შრომას და როდესაც რუმინეთის წინააღმდეგ შანსი მიიღო, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. აქედან გამომდინარე, ის გარკვეულ სათამაშო დროს იმსახურებს, რათა ყველას ანახოს თუ რა დონეზე შეუძლია თამაში.

​საქართველოში მუშაობის პირველივე დღიდან ზურა ხიზანიშვილთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ამაში ისიც დაგვეხმარა, რომ ორივე ყოფილი ფეხბურთელები ვართ და ბევრ საკითხზე მსგავსი აზრი გვაქვს. ზურა სამწვრთნელო კარიერას ახლა იწყებს, Pro ლიცენზიის კურსზე სწავლობს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ძალიან სწრაფად ითვისებს. იგი ყოველთვის ჩემს გვერდითაა და მზად არის დამეხმაროს, ამასთან ერთად ძალიან მონდომებულია, რომ სიახლეები აითვისოს. ადრე თუ გვიან ზურა მთავარი მწვრთნელი გახდება და როდესაც ასე მოხდება, მე მას უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მას ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს და ეს მე ძალიან მეხმარება.

ნიკა კვეკვესკირი: შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება ძალიან დიდი პოზიტივი იყო.

💬​ნიკა კვეკვესკირი: შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება ძალიან დიდი პოზიტივი იყო, მითუმეტეს, რომ ასეთ დონეზე ზედიზედ ორი მატჩი დიდი ხანია არ მოგვიგია. გუნდში ეიფორია ნამდვილად არაა, პირიქით ყველას გვსურს, სტაბილურობა შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ამ დონეზე თამაში შეგვიძლია. სანაკრებო დონეზე პროგნოზირება რთულია, რადგან ლიმიტირებული ფეხბურთელების რაოდენობა გვყავს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შვედეთთან რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლდა და მსურს მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, თითოეული მათგანი ძალიან გვჭირდება.

ყველას ძალიან გვიხარია, გამარჯვება გულშემატკივართან ერთად აღვნიშნეთ, რასაც ძალიან მონატრებული ვიყავით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამხელა ძალა აქვთ მათ. უზბეკეთთან თამაშში კარგად გამოჩნდება თუ რამდენად შეგვიძლია მაღალი დონე შევინარჩუნოთ, ძლიერი ნაკრების ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ ისაა, თუ რამდენად სტაბილურად შეგიძლია იასპარეზო. შვედეთთან ნაჩვენები თამაშის მერე თამასა მაღლაა აწეული, ეს ყველას კარგად გვესმის და არ ვაპირებთ მის ქვემოთ დაწევას. პირიქით გვსურს პროგრესი გავაგრძელოთ.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოს ნაკრები უზბეკეთს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

Share