„ახლა მთავარი მიზანია შემდეგ შეკრებამდე ეს დონე შევინარჩუნოთ“ – ვილი სანიოლი

ევროპის ჩემპიონატის წინ ფუტსალის ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნოემბერი 16, 2021 04:52
ერთა ლიგა 2022 – საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი შანსი
ნოემბერი 16, 2021 10:50

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, ქართველმა ფეხბურთელებმა გორში უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს და დავით ვოლკოვის გოლის წყალობით მინიმალური  სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს.

მატჩის შემდეგ ვრცელი კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა:

„არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო. მე ძირითად ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ ვთამაშობთ და არა ნაჩვენებ შედეგს, მაგრამ ეს წლის ბოლო შეხვედრა იყო და მნიშვნელოვანი იყო, რომ სანაკრებო პაუზა კარგ განწყობაზე დაგვესრულებინა. ამის გათვალისწინებით, შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესად თამაში შეგვიძლია. ეს განსაკუთრებით პირველ ნახევარს ეხება, ჩვენ ძალიან ნელა ვმოძრაობდით და ამან პრობლემები შეგვიქმნა. შვედეთთან გამართული მატჩის შემდეგ გუნდი ცოტათი დაღლილი იყო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შეხვედრა იგივე განწყობით ჩაგვეტარებინა, როგორც ეს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩზე გავაკეთეთ.

დავით ვოლკოვი გუნდის ახალი წევრია, შვედეთის წინააღმდეგ მატჩში ის შესანიშნავად ჩაერთო. დღეს მან გოლის გატანა მოახერხა და ეს მომენტი მისი თავდაჯერებულობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ასევე დაინახა, რომ სანაკრებო დონეზე სათამაშოდ უფრო მეტია საჭირო, ეს განსაკუთრებით მის მოედანზე მოძრაობას შეეხება. ვოლკოვმა ბევრი უნდა იმუშაოს, ითამაშოს და უფრო მეტად თავდაჯერებული გახდეს.

საერთო ჯამში, ჩემს ნაკრებში მუშაობას პოზიტიურად შევაფასებდი, მაგრამ ის თამაში რაც სექტემბერში და ოქტომბერში ვაჩვენეთ ძალიან შორს იყო იმ ყველაფრისგან, რაც გვსურს. თუმცა ამ მატჩების გარდა ჩატარებულ თამაშებს თუ გადავხედავთ, მე უფრო მეტ პოზიტივს ვხედავ ვიდრე ნეგატივს. ვიცით, რომ ის ბალანსი, რომელიც ბოლო პერიოდში ვიპოვეთ, ჯერ კიდევ მყიფეა და ბევრი მუშაობა გვჭირდება. ფეხბურთელებს სწორედ ეს ვუთხარი, რომ ზედიზედ სამი გამარჯვება არაფერს ცვლის, ახლა ყველაფერი უფრო რთული იქნება და მეტი მუშაობა გახდება საჭირო. მომავალ შეკრებამდე დაახლოებით ოთხი თვეა დარჩენილი, ეს საკმაოდ დიდი პერიოდია და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ის დონე შევინარჩუნოთ, რაც ბოლო მატჩებში ვაჩვენეთ.” – განაცხადა ვილი სანიოლმა

 

Share