“ჩემთვის ეს მტკივნეული თემაა… მაგრამ ოპტიმისტი ვარ!” – ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან

ოფიციალურად : გიორგი ცეცაძე “ტორპედოში” იმუშავებს
ნოემბერი 18, 2021 19:40
▶️VIDEO გიორგი წიტაიშვილი 🆚 საფრანგეთი U19
ნოემბერი 19, 2021 05:17

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პოდბესკიძიეს შემტევ გიორგი მერებაშვილს კარგი პერიოდი უდგას. ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში ადაპტაცია გაიარა და ბოლო მატჩებში გატანაც დაიწყო, თანაც, ძალიან ლამაზი გოლების.

საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში მისი გვარი გულშემატკივარმა ვერც ნოემბრის მატჩების დროს ამოიკითხა. მერებაშვილმა ეროვნული ნაკრების მაისური ბოლოს 2019 წლის ივნისში დანიასთან მოირგო. მას შემდეგ მას ნაკრებში აღარ უთამაშია. 

საქართველომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მარტივად რომ დაძლია, ამაში მისი დამსახურება დიდი იყო, თუმცა ერთა ლიგის 1/2-ფინალსა და ფინალში ის განაცხადს მიღმა დარჩა.

გიორგი მერებაშვილი ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. გულშემატკივრებთან ურთიერთობა მას არასოდეს შეშლია, ნაკრებში ყოველთვის 100 %-ით იხარჯებოდა და ის სიყვარული, რომელიც მისდამი ქართველ გულშემატკივარს აქვს, ნამდვილად დაიმსახურა.

მერებაშვილს დავუკავშირდით და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ. Qomagebi.ge-სთვის ექსკლუზიურად მიცემული ინტერვიუ ემოციური გამოვიდა: ქართველი ფეხბურთელი განვლილ პერიოდზე, ამწყოსა და მომავალზე გვესაუბრა.

– საქართველოს ნაკრებმა სეზონი კარგ ნოტაზე დაასრულა. ბოლო 3 მატჩი მოვიგეთ, როგორ შეაფასებდი ამ მატჩებს და, ზოგადად, ამ ფორმაციის ნაკრებს?
– ბიჭებმა ძალინ მნიშვნელოვანი მატჩები მოიგეს, ეს გამარჯვებები მათთვის აუცილებელი იყო ფსიქოლოგიური და მენტალური თვალსაზრისით. ასევე, ამ მოგებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გულშემატკივრისთვისაც, რადგან მტკივნეული ფინალის და ნაკრების ჩავარდნის შემდეგ, წარმატებულად ჩატარებულმა შეხვედრებმა იმედები დაუბრუნა ჩვენს მხარდამჭერებს.

ვიმედოვნებ, რომ გუნდისთვის მომავალი წელიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ბოლო მატჩები იყო.

– ბოლო მატჩები ნაკრებმა რეგიონებში ჩაატარა. ჯერ ბათუმში, შემდეგ-გორში. რამდენად დადებითად შეაფასებდი ამ ტენდენციას?
– რათქმაუნდა, მივესალმები რეგიონებში მატჩების გამართვას გამომდინარე იქიდან, რომ არის მომენტი, როდესაც რეგიონში მცხოვრები გულშემატკივარი ვერ ახერხებს თბილისში ჩასვლასა და ტრიბუნიდან გულშემატკივრობას. რეგიონში ჩატარებული მატჩები კი მათ ამის საშუალებას აძლევს. ასე რომ იმედი მაქვს ეს ტენდენცია გაგრძელდება.

– ერთა ლიგის ფინალი გავიხსენოთ. გადამწყვეტ მატჩებში ნაკრებში აღარ დაგიძახეს და მწარე ემოციებს შორიდან უყურე… 
– ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა.. დღესაც კი, როდესაც ვიხსენებ ამ თამაშს, ძალიან მტკივნეულად მახსენდება გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ახლოს ვიყავით ოცნების ახდენასთან.

სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით, მაგრამ ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები უახლოეს მომავალში მოახერხებს ფინალურ ეტაპზე გასვლას და ქართველი ხალხის გახარებას.

– შენი აზრით, რა იყო წაგების მიზეზი?
– შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი ჩამოვთვალოთ, მაგალითად კვარაცხელიას გამოკლება…. მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი მიზეზი მაინც გულშემატკივრის არყოფნა იყო, რადგან ისინი ყოველთვის დიდ როლს ასრულებენ მატჩის მოგებაში.

არც ის მინდა, გულშემატკივარმა ისე გაიგოს, თითქოს წაგება მხოლოდ იმის ბრალია, რომ თამაშს არ ესწრებოდნენ. არ ეგენოთ, რომ ჩვენ მიზეზებს ვეძებთ და პასუხისმგებლობას გავურბივართ. პირიქით, ვიცით, რომ მთლიანი პასუხისმგებლობა გვეკისრება ფეხბურთელებს და ამას ჩვენც ბოლომდე ვაცნობიერებთ.

სამწუხაროდ, იმ შეხვედრაში ჩვენი გასაკეთებელი ბოლომდე ვერ გავაკეთეთ. იმედი მაქვს, რომ შემდეგ მნიშვნელოვან და პრინციპულ თამაშებში შევძლებთ გამარჯვებასა და გულშემატკივრის გახარებას.

– პლოცკის ვისლაში გატარებული 5 წლის შემდეგ კლუბი ემოციურად დატოვე.. რთული იყო ამასთან შეგუება?
– დიახ, ძალიან რთული იყო. ახლა როცა ვიხსენებ ამ პერიოდს, მართლაც შესანიშნავი 5 წელი იყო. თანაც, ვისლამ მომცა ის, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო – იქ გადასვლის შემდეგ ნაკრებში დავბრუნდი.

რათქმაუნდა, ამ გუნდთან დამშვიდობება ძალიან ემოციური იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.კ არიერას ვაგრძელებ, მჯერა, რომ ყველაფერი წინაა და იმედი მაქვს, წარმატებებს მივაღწევ ახალ კლუბშიც.

– ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შენით თბილისის დინამო და ბათუმის დინამო ინტერესდებოდნენ. ითქვა ისიც, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ ამ დროს ლოკომოტივში ვარჯიშობდი…
– ორივე ცრუ ინფორმაციაა. არც თბილისიდან და არც ბათუმიდან არავინ დამკავშირებია, შემოთავაზება არ ყოფილა.

რაც შეეხება ლოკომოტივს, კი, იქ ვვარჯიშობდი, როდესაც უკლუბოდ ვიყავი, მომცეს საშუალება მათთან ერთად მევარჯიშა და ფორმა შემენარჩუნებინა. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ლოკომოტივის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს… წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალში.

– ახალ კლუბში საკმაოდ კარგად დაიწყე, ლამაზი გოლებიც გაიტანე… ნაკრებში მას შემდეგ შანსი აღარ მოგცემია. როგორი მოლოდინი გაქვს? ელი, რომ ნაკრებში კიდევ გამოგიძახებენ?
– დიახ, სეზონი კარგად დავიწყე , გოლებიც გავიტანე. როდესაც კარგად ვთამაშობ და გოლები გამაქვს, ჩემი ფიქრები ყოველთვის დაკავშირებულია ნაკრებთან და ყოველთვის იმედი მაქვს, რომ მომეცემა ნაკრებში რამდენიმე მატჩის ჩატარების ან თუნადაც, ნაკრების ბიჭებთან ერთად ყოფნის საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ჩემპიონატში მეორე წრე იწყება და შევეცდები, რომ უკეთეს ფორმაში შევიდე, უკეთ ვითამაშო და დავიმსახურო ნაკრებში გამოძახება.

– ადევნებ თუ არა ელიგის მატჩებს თვალს? როგორ ფიქრობ, იზრდება თუ არა ჩემპიონატის დონე?
– როდესაც თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის ვუყურებ ელიგის მატჩებს. რათქმაუნდა, ვითარდებით, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ვიმედოვნებ, რომ კიდევ და კიდევ უფრო განვითარდება საქართველოს ჩემპიონატი, რადგან ეს ისევ და ისევ წაადგება საქართველოს ნაკრებს და ქართულ ფეხბურს.

ძალიან კარგია, რომ თამაშების გაშუქება ხდება, აქამდე უცხოეთიდან არ მქონდა ხოლმე საშუალება მატჩებისთვის თვალი მედევნებინა, ახლა კი შემიძლია.

– ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი გოლი და გულშემატკივართან ასვლა ტრიბუნაზე…
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო. იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარე.

– შენი აზრით, რისი მიღწევა შეუძლია უხლოეს მომავალში ამ ფორმაციის ნაკრებს?
– ძალიან კარგი თაობა მოდის, ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და მჯერა, რომ ეს გუნდი მიაღწევს იმ წარმატებას, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ამდენი ხანია ელოდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბიჭებს ამის ძალა შესწევთ.

– ვილი სანიოლის მუშაობით რამდენად კმაყოფილი ხარ? მართალია, მისი ფორმაციის ნაკრებში არ გითამაშია ჯერ, მაგრამ განსხვავებას ამ ნაკრებსა და წინა ნაკრებებს შორის აუცილებლად დაინახავდი.
– ჯერ-ჯერობით, სანიოლთან მე არ მქონია მუშაობის საშუალება, მაგრამ გარედან როგორც ჩანს, ვფიქრობ, ძალიან კარგად მუშაობს, კარგი ურთიერთობა აქვს ბიჭებთან, რასაც ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე თვალშისაცემია ის, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გუნდი გადის თავისი ტაქტიკით, მოსაგებად და არა დაცვითი ფეხბურთის სათამაშოდ.

– გულშემატკივარი ტრიბუნებზე დაბრუნდა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაკრებისთვის? ზოგადად, შეაფასე ქომაგების როლი ნაკრების წარმატებაში..
– არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ნაკრებისთვის და, ზოგადად ფეხბურთისთვის, გულშემატკივარი ძალიან დიდ როლს თამაშობს. განსაკუთრებით ნაკრებისთვის, როდესაც მატჩი საკუთარ მოედანზე გვაქვს, ისინი დიდ როლს თამაშობენ მოგებაში.

– და ბოლოს, “ქართული სპორტის ქომაგებისთვის” გიორგი მერებაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ფეხბურთელია. შენი აზრით,რატომ?
– ნამდვილად არ ვიცი, რატომ. პირიქით, მე მინდა დავუსვა “ქომაგებს” ეგ კითხვა. პირადად ჩემთვის კი, “ქართული სპორტის ქომაგები” ძალიან ძვირფასები არიან. ყოველთვის ვამბობ, რომ მათ გარეშე ჩემი კარიერა ვერ შედგებოდა და ვერ მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე. რთულ პერიოდში, ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ და ამისთვის დიდი მადლობა. ამ მხარდაჭერას და გულშემატკივრობას დღესაც ვგრძნობ. ჩემი მხრიდან, ყოველთვის ვეცდები მათი გულების გახარებას.

Share