აგენტი: „ვოლკოვით თურქეთში, პოლონეთში, უკრაინასა და უნგრეთში დაინტერესდნენ“

მაისაშვილი: “ფიჯის საკმარისად აქვს სუსტი წერტილები, რომ პრობლემები შევუქმნათ”
ნოემბერი 18, 2021 11:22
დინამომ წიტაიშვილს თამაშის უფლება მისცა – ქართველ ფეხბურთელს დინამოში დაბრუნების შანსი აქვს
ნოემბერი 18, 2021 12:54

აზერბაიჯანული „ზირას“ ქართველმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა ნოემბრის სანაკრებო თამაშების დროს თავისი შანსი მიიღო ეროვნულ ნაკრებში და საკმაოდ კარგად გამოიყენა კიდეც.

ვოლკოვი შვედეთთან მატჩისას მოედანზე 70-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის მაგივრად შემოვიდა და შეხვედრის დარჩენილი 20 წუთი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, რითაც ეროვნული გუნდის ქომაგის სიმპათია დაიმსახურა.

მეორე შეხვედრაში კი გორში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ვოლკოვმა ზურიკო დავითაშვილის საგოლე გადაცემის წყალობით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა ეროვნულ ნაკრებში.

ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ პირველ არხს ინტერვიუ მისცა ვოლკოვის აგენტმა ლევან ზუხბაიამ.

“დათო მებრძოლი ბიჭია. იმედი ჰქონდა, რომ ნაკრებში მიიწვევდნენ. შრომა არ ეზარება, ნიჭიერია, კარგი სეზონი ჰქონდა და შანსს იმსახურებდა, რადგან წინა სეზონიც კარგად ჩაატარა, მაგრამ არ იწვევდნენ. მადლობა ნაკრების სამწვრთნელო სტაფს , დათოს შრომა რომ დაუფასეს. ეს ბიჭი ამას იმსახურებდა.

სხვათა შორის, როდესაც მენეჯერობა დავიწყე, პირველი ფეხბურთელი სწორედ ვოლკოვი იყო, ვისთანაც კონტრაქტი გავაფორმე. ეს 2015 წელს მოხდა, როდესაც დათოს მტკივნეული პერიოდი ჰქონდა. ტრავმა მიიღო და გუნდიდან გაუშვეს. მაშინ მისი მგონი ჩვენს გარდა არავის სჯეროდა. ჩანდა, რომ ყველა ის თვისება გააჩნდა, რაც თანამედროვე თავდამსხმელს სჭირდება – სწრაფია, თავით და ორივე ფეხით კარგად თამაშობს და მაღალია. ამას გარდა, პროფესიონალია და თან პიროვნულადაც ძალიან კარგია, ურთიერთობაში გამორჩეულია და შრომა არ ეზარებოდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ საინტერესო მოთამაშე იქნებოდა.

ბოლო ორი სეზონი აზერბაიჯანში ბევრი კარგი თამაში ჩაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში მისით თავად დაინტერესდნენ, თურქეთში, პოლონეთში, უკრაინასა და უნგრეთში. გადაწყვეტილებას დათო სანაკრებო და კარიერული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ახლა მისგან მეტს ელიან და დარწმუნებული ვარ, წინსვლას გააგრძელებს“. – განაცხადა ზუხბაიამ პირველ არხთან ინტერვიუს დროს.

დავით ვოლკოვი შემდეგ მატჩს აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჩაატარებს. 20 ნოემბერს თბილისის დროით 16:00 საათზე ვოლკოვის „ზირა“ საკუთარ მოედანზე „საბაილს“ უმასპინძლებს შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, მას 10 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა.

1tv.ge

Share