საქართველო V ფიჯი – რა უნდა ვიცოდეთ მატჩამდე ერთი დღით ადრე

ვოლკოვი: “მადლობის გადახდას ყოველთვის თამაშით ვეცდები”
ნოემბერი 19, 2021 11:26
“ჩაკვეტაძე ვარეგემთან დიდი ალბათობით ითამაშებს” – ბელგიური პრესა
ნოემბერი 19, 2021 11:53

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ხვალ ნოემბრის ტესტ მატჩების სერიის მომდევნო შეხვედრას გამართავს.

პირველ მატჩში ბორჯღალოსნები საფრანგეთს დაუპირისპირდნენ, მატჩი ბორდოში გაიმართა, დავმარცხდით, მაგრამ არ შევრცხვით – საფრანგეთი 41:15 საქართველო.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ხვალ წყნარი ოკეანის წარმომადგენელი ფიჯი იქნება. კუნძულელებმა ნოემბრის ტესტებზე უკვე ორი მატჩი გამართეს: დაამარცხეს ესპანეთის ნაკრები 43:13 და დამარცხდნენ უელსის ნაკრებთან 23:38.

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში 5-ჯერ დაუპირისპირდნენ, 5-დან 4 გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ, ბოლო შეხვედრა 2020 წლის შემოდგომის თასის ეგიდით გაიმართა, მე-7/8 ადგილებისთვის მატჩში საქართველო ფიჯისთან 28:38 დამარცხდა. ერთადერთი გამარჯვება რომელიც კუნძულელების წინააღმდეგ გვაქვს 2016 წლის ივლისის ტესტებზე შედგა, სადაც საქართველომ ფიჯი 14:3 დაამარცხა. 

მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა გააკეთა :

„შეკრების დაწყების წინ ავღნიშნე, რომ სამწუხაროდ, როდესაც მხოლოდ ორი თამაში გაქვს, ძალიან რთულია შემადგენლობაში როტაციის განხორციელება და ყველა მოთამაშისთვის მეტ-ნაკლებად თანაბარი სათამაშო დროის მიცემა. ჩვენს ინტერესშია, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე ვნახოთ და მათიც კარგად მესმის, ყველას უნდა მოედანზე გასვლა და ამას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ გამოდის“.

„მწვრთნელებმა ვიმსჯელეთ, შევაფასეთ არსებული სიტუაცია და შემადგენლობაში ის მოთამაშეები დავაყენეთ, რომლებიც ჩვენი აზრით საუკეთესო ფორმაში არიან. შეკრებაზე 32 მორაგბე გვყავს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეს თამაშმა არ მოუწია, ვფიქრობ, ერთად გატარებული 3 კვირა აქტივში უნდა ჩაიწეროს. ვარჯიშებზე ყველა მათგანმა ძალიან დიდი შრომა გაწია, ბევრი დეტალი დავხვეწეთ და ეტაპობრივად ყველა მათგანს ექნება საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის შესაძლებლობა“ – ამბობს შემადგენლობასთან დაკავშირებით მაისაშვილი.

„ფიჯიმ უელსთან ნაადრევი წითელი ბარათი მიიღო და კაცნაკლული დარჩა, რამაც შეხვედრაზე დიდი გავლენა იქონია. ზოგადად, ამ გუნდს ახასიათებს უხეში თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნოემბრის მატჩებში რამდენიმე მოთამაშე აკლიათ, მაინც საკმაოდ ძლიერი გუნდით არიან წარმოდგენილები. ფიჯის აშკარად დაეტყო ფრენჩაიზის შექმნა, რასაც ტოპ 14-ში და ინგლისის პრემიერშიფში მოთამაშე ლეგიონერების გამოცდილება ემატება და დიდი პროგრესი აქვთ. ის გაცილებით დისციპლინირებულ რაგბს თამაშობს, ვიდრე წინა წლებში, განსაკუთრებით რაქში და ერთ-ერთ სახიფათო და ძლიერ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა“.

„თუმცა ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და ვეცდებით ის შეცდომები, რაც საფრანგეთთან დავუშვით მინიმუმამდე დავიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ განვლილ შეხვედრაში მსაჯობის მიმართ კონკრეტული კითხვები გვქონდა, რამდენიმე ჯარიმა დაუმსახურებლად მივიღეთ და ამის შესახებ შესაბამის კომიტეტსაც ვაცნობეთ, მნიშვნელოვანია სათამაშო დისციპლინა და ვეცდებით ამ მხრივ უკეთ გამოვიყურებოდეთ ვიდრე საფრანგეთთან, რადგან ამ დონეზე, ნებისმიერი მსგავსი შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ კარგად ვიცით მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები, მომზადებულები ვართ და როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს მოედანზე შაბათს გამოჩნდება“.

საქართველოს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩი ესპანეთში, ქალაქ არანხუესში – ესტადიო ელ დელეიტეზე გაიმართება, შეხვედრას ავსტრალიელი მსაჯები მოემსახურებიან, მთავარი მსაჯი ჯონ დოულმენი იქნება.

Share