ფიჯელებმა მოგება გამოგვლიჯეს- ფრე არანხუესში

▶️VIDEO არის დუბლი! გაფრინდაშვილმა ყველაფერი დაასრულა 2:0
ნოემბერი 20, 2021 15:58
🔴 LIVE “ლუვენი” 🆚 “სერენი” | მიქაუტაძე ძირითადშია!
ნოემბერი 20, 2021 16:53

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიჯისთან გამარჯვება ბოლოსკენ გაუშვა ხელიდან და 2021 წლის ბოლო მატჩი ფრედ დაასრულა.

ფრანგებთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთის ქალაქ არანხუესში ფიჯის დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა – 15:15.

მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა და საყურებლად თვალსასეირო ნამდვილად არ იყო. მთელი მატჩის განმავლობაში ბორჯღალოსნების მხრიდან გააზრებული და რამდენიმე ფაზიანი შეტევები არ გვინახავს. ჯარიმის შემდეგ, ქართველი მორაგბეები პრაგმატულები იყვნენ და ქულების მოპოვებაზე ფიქრობდნენ.

მატჩში ანგარიში მერვე წუთზე გაიხსნა. ფიჯელები რაქში არ გადაგორებისთვის დაჯარიმდნენ, რითაც თედო აბჟანდაძემ ისარგებლა და ზუსტი საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა. ფიჯელებს დღევანდელ შეხვედრაში ლიდერები – სემი რადრადრა, ლევანი ბოტია და კინი მურიმურივალუ აკლდათ, რაც მათ თამაშსაც დაეტყოთ. ფიჯელები უკანა ხაზიდან ისეთი სახიფათოები არ იყვნენ, როგორიც მათ ჩვევიათ. ასევე, ძალიან ბევრი შეცდომები ჰქონდათ ოფლოუდების დროს. 

ლევან მაისაშვილის გუნდი კი გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, დაცვაში კარგად მოქმედებდა. ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს ქართველმა ღერძებმა – თედო აბჟანდაძემ და ვასილ ლობჟანიძემ. რაქებში კარგად მუშაობდა ბექა გიგაშვილიც. შერკინებაში ჩვენს კარგ თამაშს მოყვა მეორე ჯარიმაც, რომელიც თედო აბჟანდაძემ მორიგ სამ ქულად გარდასახა. საქართველოს ნაკრები ლელოს დადებასთანაც ახლოს იყო. ფეხით შეცურებულ ბურთზე ფიჯელებმა შეცდომა დაუშვეს. ლობჟანიძე ხუთ მეტრში შეაჩერეს. მაშინ, როდესაც მეტოქის ლელომდე ძალიან ცოტა გვრჩებოდა, ფიჯელთა ფრთის მოთამაშემ ტუიმაბამ ბურთი ჩაგვიჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და ლელო დაამიწა. ვოლავოლას გარდასახვა გაუფუჭდა. ტაიმის ბოლოს აბჟანდაძემ ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც შეასრულა და ტაიმიც ასე დასრულდა – 9:5

მეორე ტაიმი ფიჯელებმა აქტიურად და აგრესიულად დაიწყეს. ხუთმეტრიანში მოგებული შერკინების შემდეგ, ფიჯი ლელოს დადებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ვასილ ლობჟანიძემ ბრწყინვალე ბოჭვით საქართველო ლელოსგან იხსნა.

მეორე ნახევარში “ბორჯღალოსნებს” თამაში არ ჰქონიათ და ის ქულებიც, უფრო მეტოქის შეცდომების დამსახურება იყო. თედო აბჟანდაძემ ორი ჯარიმა გაიტანა და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე საქართველოს ნაკრები 15:8 იგებდა, მაგრამ მატჩის ბოლოსკენ ფიჯელებმა მაგრად შემოგვიტიეს და მატამ დაგვალელოვა. ვოლავოლამ ზუსტად გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

Share