“სანიოლის მადლობელი ვარ… ხასიათი გულშემატკივარმა შექმნა” – ინტერვიუ დავით ვოლკოვთან

ლანჩხუთმა საქართველოს ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო
ნოემბერი 21, 2021 17:34
“ფორვარდი ვარ და ყოველთვის გოლის გატანაზე ვფიქრობ” – მიქაუტაძე
ნოემბერი 21, 2021 19:04

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კარგი ნოემბერი ჰქონდა. ჯვაროსნებმა ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დაამარცხეს შვედეთის ნაკრები ანგარიშით 2:0, შემდეგ კი გორში ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის ნაკრებს სძლიეს – 1:0.

ეროვნული ნაკრების რიგებში, გიორგი მიქაუტაძის ტრავმის გამო, შეკრებაზე გამოჩნდა დავით ვოლკოვი, რომელმაც შვედეთთან მიღებულ 20 წუთშიც იაქტიურა, ხოლო უზბეკეთთან სასტარტოდან დაიწყო და გოლიც გაიტანა.

დავით ვოლკოვი ამჟამად აზერბაიჯანული “ზირას” ფეხბურთელია და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

Qomagebi.Ge დაუკავშირდა დავით ვოლკოვს და მასთან საინტერესო თემებზე ინტერვიუ ჩაწერა.

– ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანე გორში. მოგვიყევი ემოციებზე.
– ეს გოლი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული იქნება, საოცარი ემოცია მქონდა. ეროვნულ ნაკრებში თამაში და თანაც, ძირითად შემადგენლობაში, ყველა ფეხბურთელის მიზანია.

– ფაქტია, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში კარგი მატჩები ჩაატარე და ყურადღების გარეშე არ დარჩენილხარ…
– ძალიან გამიხარდა, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე უნდა ჩამოვსულიყავი. ემოციებში ვიყავი…

– ცუდი სეზონი აზერბაიჯანში არც მანამდე გქონდა, მოგცა შანსი სანიოლმა მოგცა. რას გვეტყვი მასზე, როგორც მწვრთნელზე?
– სანიოლის ძალიან მადლობელი ვარ და მადლობის გადახდას ყოველთვის მოედანზე ჩემი თამაშით ვეცდები. რაც შეეხება მას, როგორც მწვრთნელს, შემიძლია გითხრათ, რომ საინტერესო მწვრთნელია, საინტერესო იდეებით.

– საქართველოდან 2018 წელს წახვედი და ლეგიონერის სტატუსი მიიღე. იყო თუ არა ქვეყნიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა?
– ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ იმ მომენტში ჩემი კარიერისთვის უცხოეთში წასვლა სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

–  აზერბაიჯანში გოლები სტაბილურად გაგაქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი შესაძლოა შენდამი ინტერესი უფრო გაიზარდოს… წასვლაზე ხომ არ ფიქრობ? 
– მომავალზე საუბარი ჯერ ადრეა. კლუბში მშვენიერი სიტუაციაა, ყველაფერი დალაგებულია, კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს. აქ ყველანაირი პირობაა და კარგი გუნდია შეკრებილი იმისთვის, რომ ფეხბურთელმა განვითარება შეძლოს.

– საინტერესოა, როგორ მიგიღეს ნაკრებში ფეხბურთელებმა.
– გუნდში მშვენიერი განწყობოდა იგრძნობოდა. ფეხბურთელების დიდ ნაწილს ნაკრებში გამოძახებამდეც ვიცნობდი, ამიტომ მისაღები არაფერი იყო (იცინის).

– ორი მატჩი ითამაშეთ: ბათუმსა და გორში. რამდენად დიდი იყო გულშემატკივრის როლი ნაკრების წარმატებაში?
– რეალურად, გულშემატკივარმა შექმნა ის ემოცია და ხასიათი, რომელიც გუნდსაც გადაედო და ამან მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვებაში ხელი შეგვიწყო.

– ეროვნული ლიგის მატჩებს უყურებ? როგორ ფიქრობ, ჩემპიონატის დონე გაიზარდა თუ არა?
– როცა დრო მაქვს, ვუყურებ ეროვნული ლიგის მატჩებს და შემიძლია ვთქვა, რომ მისი დონე ნამდვილად გაიზარდა. ეს ბოლო ევროტურნირებმა და ქართული კლუბების შედეგებმაც კარგად დაგვანახა.

– სანიოლმა ეროვნულ ლიგაში მოთამაშე არაერთ ფეხბურთელს მისცა შანსი…
– რათქმაუნდა, მომწონს ეს ტენდეცია და სანიოლის მიდგომა. ეს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ყველა ფეხბურთელის დიდი სტიმულია.

Share