ნაკრებისთვის გულშემატკივრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ინტერვიუ ალექსანდრე ფევაძესთან

▶️VIDEO გოლი ისტორიიდან – ვაკო ყაზაიშვილის გოლი აიაქსის წინააღმდეგ ჰოლანდიის ჩემპიონატში
ნოემბერი 22, 2021 14:42
ლიგა 4 დასრულდა – ზესტაფონი ლიგა 3-ში დაწინაურდა
ნოემბერი 22, 2021 15:32

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს იწყებს.

ჩვენი კალათბურთელები 26 ნოემბერს უკრაინას, ხოლო 29 ნოემბერს ესპანეთს დაუპირისპირდებიან, უკრაინასთან მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და მაყურებელიც დაესწრება.

Qomagebi.Ge ნაკრების კალათბურთელ ალექსანდრე ფევაძეს დაუკავშირდა, რომელიც ახლახან ესპანურ ”გრან კანარიაში” გადავიდა და მასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

საკლუბო კარიერაში შეგვიძლია ვთქვათ რომ დიდი ნახტომი გამოგივიდა, როგორ მიგიღეს და როგორ გრძნობ ახალ გუნდში თავს?

  • ახალ გუნდში გადასვლას თავიდან ყოველთვის ახლავს სირთულეები. თან ეს ჩემი პირველი წელია საზღვარგარეთ, ლეგიონერის ამპლუაში. თუმცა ადაპტაციისთვის დიდი დრო არ დამჭირდა, რაც ალბათ ჩემი გუნდელების და მწვრთნელების დამსახურებაცაა.

სტატისტიკიდან და ციფრებიდან ჩანს რომ ადაპტაცია არ გაგჭირვებია, რამდენად კმაყოფილი ხარ ნაჩვენები შედეგით და თუ არი საუბარი პირველ გუნდში დაწინაურებაზე?

  • ამჟამად გუნდში კარგი სიტუაციაა. ცუდი სტარტის შემდეგ მოვახერხეთ მობილიზება და ამჟამად სატურნირო ცხრილის შუაში ვიმყოფებით. სამწუხაროდ ტრავმების გამო ჯერ სრული შემადგენლობით არ გვითამაშია. წესით სანაკრებო პაუზის შემდეგ უკვე შევძლებთ ოპტიმალური შემადგენლობით ვარჯიშების განახლებას და ჩვენს ნამდვილ სახეს ვაჩვენებთ.

ნაკრებში უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგას, გუნდმა უნდა დაიწყოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი, როგორი მოლოდინები გაქვთ , როგორი განწყობაა გუნდში?

  • მოუთმენლად ველოდები სანაკრებო მატჩებს. გუნდში დარწმუნებული ვარ როგორც ყოველთვის საბრძოლო განწყობა იქნება და ორივე თამაშის მოსაგებად გავალთ პარკეტზე. ესპანეთში მოგება რა თქმა უნდა ურთულესი მისიაა, თუმცა არა შეუძლებელი.

ეროვნულ ნაკრებში როდესაც გამოჩნდი ნებისმიერ გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლის და ქართული სულის გამოვლენით დაამახსოვრდი, საკმაოდ კარგად მოერგე ამ ფორმაციის ნაკრებს და ილიას ზუროსს, რას გვეტყვი მასზე როგორც მწვრთნელზე?

  • ილიას ზუროსი ძალიან ძლიერი სპეციალისტია, ის ყველა მოთამაშისგან მაქსიმუმს და პარკეტზე ბოლომდე დახარჯვას ითხოვს. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს, რომლებისგანაც შედგება კალათბურთი. მე პირადად მისგან ბევრი ახალი რამ ვისწავლედა ბევრი გამოსადეგი რჩევაც მივიღე.

რას გვეტყვი ქართველ გულშემატკივარზე რომელიც დიდი ალბათობით დარბაზსს დაუბრუნდება უკრაინასთან გასამართი მატჩისთვის , რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქომაგობას ნაკრებისთვის?

  • ჩემი აზრით კალათბურთი გულშემატკივრის გარეშე და მასთან ერთად ორი სრულიად განსხვავებული სპორტის სახეობაა, მითუმეტეს როცა საქმე სპორტის სასახლეს და ქართველ გულშემატკივარს ეხება. მე ჯერ არ მქონია პატივი ეროვნულ ნაკრებში გულშემატკივრის წინაშე მეთამაშა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ეხლა უკრაინის წინააღმდეგ მოხდება.

 

Share