ბექა ბურჯანაძის ბეტისი მადრიდის რეალთან დამარცხდა

ძიუდო: საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა
ნოემბერი 22, 2021 11:50
▶️VIDEO ლევან მჭედლიძის დუბლი 🆚 “ინტერი”
ნოემბერი 22, 2021 13:50

საქართველოს ნაკრებში გამომგზავრებამდე, ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ბექა ბურჯანაძემ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა. მისი “ბეტისი” მე-11 ტურში სამეფო გუნდს სტუმრად შეხვდა და 48:71 წააგო. აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელის კლუბმა სახელოვან მეტოქესთან 2 მეოთხედი თანაბრად ითამაშა, თუმცა, პირველ და მესამე მეოთხედებში, შესაბამისად, 6:18 და 13:25 წააგო და მატჩის ბედიც ამან გადაწყვიტა.

ბურჯანაძემ მოედანზე 20:48 წუთი გაატარა და 2 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი მოაგროვა. ბექამ 4-ვე ორქულიანი და 4-ვე სამქულიანი ააცილა, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

„ბეტისს“ 11 ტურში 2 მოგება შერჩა და ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 დეკემბერს, შინ, მალაგას „უნიკახასთან“ ჩაატარებს. ახლა, ბურჯანაძე უკვე საქართველოში გამოემგზავრება და ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 26 ნოემბერს თბილისში უკრაინის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 29 ნოემბერს ესპანეთთან გასვლით შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

GBF.GE

Share