“შეგვიძლია, საკალათბურთო სამყაროს სენსაციები შევთავაზოთ” – ინტერვიუ გიორგი ცინცაძესთან

ამჯერად რეკორდების გარეშე – ტალახაძე საქართველოს ჩემპიონია
ნოემბერი 22, 2021 17:04
საჩოგბურთო წელი დასრულებულია – ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული სეზონი
ნოემბერი 22, 2021 17:51

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის  პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი G ჯგუფში იასპარეზებს, სადაც “ჯვაროსნების” მეტოქეები უკრაინა, ესპანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია იქნებიან.

მეორე ეტაპზე ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი გადავა და მათ ამ ჯგუფში ნაჩვენები შედეგებიც გადაყვება.

საქართველოს ნაკრები შესარჩევის პირველ შეხვედრას 26 ნოემბერს თბილისის გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 29-ში კი, ესპანეთს ესტუმრება.

მომავალ მატჩებში ჩვენს გუნდს ტრავმის გამო გიორგი ცინცაძე ვერ დაეხმარება, დუდა სანაძეს კი, კოვიდის შემდეგ გულის არითმია დაუდგინდა და ექიმებმა დროებით დასვენება ურჩიეს.

მომავალ მატჩებზე სასაუბროდ Qomagebi.ge ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენ გიორგი ცინცაძეს დაუკავშირდა.

ტრავმა: “ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და 5-დან 8-თვემდე მომიწევს უქმობა, რაც ნიშნავს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ნაკრებს ვერ დავეხმარები”.

მოახლოებული მატჩები: “საქართველოს ნაკრებში 187 მატჩი მაქვს ჩატარებული. ბევრი დიდი გამარჯვება ყოფილა ამ დროის განმავლობაში,, ყოფილა ბევრი მარცხიც, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მთელი ეს პერიოდი ნაკრების ნაწილი ვარ. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ნაკრების დახმარებას რომ ვერ მოვახერხებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბიჭები, რომლებიც პარკეტზე გავლენ, ყველაფერს იზამენ წარმატებისთვის.”

მეტოქეების დახასიათება: “უკრაინის ნაკრებთან ევრობასკეტზე მტკივნეული მარცხი ვიწვნიეთ, რაც მეტოქის დაუფასებლობით იყო გამოწვეული. სათანადოდ ვერ გავაცნობიერეთ მათი ძალა და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც. ამჯერად, ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ და მჯერა, არც დავუშვებთ. უკრაინას საკმაოდ კარგი  მაღლები ჰყავს და ძირითადად აქცენტს სამწამიანზე აკეთებენ. მათი ლიდერები ისეთ გუნდებში გამოდიან, რომ ჩვენსავით კლუბებიდან მოთამაშეების ჩამოყვანის პრობელმა არ აქვთ და საკმაოდ კარგად არიან შეთამაშებული. მიუხედავად ამისა, მჯერა, ილიას ზუროსს კარგად ექნება შესწავლილი უკრაინელთა თამაში. ამ თამაშს დიდი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ, რადგან შესარჩევის გამარჯვებით დაწყება ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ესპანეთს, ესპანეთის ნაკრები მსოფლიო გრანდია და ყველამ იცის რასაც წარმოადგენს, მაგრამ ზუროსის ხელმძღვანელობით არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს ნაკრებს, რომ ნებისმიერ ნაკრებთან ბრძოლა და გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია და მჯერა, ამას მივაღწევთ.

მომავალი ევრობასკეტი: “ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფი საქართველოში ტარდება და ეს მთელი ნაკრებისთვის დიდი მოტივაციაა. ევრობასკეტს მთავარია ყველანი ჯანმრთელი შევხვდეთ და შეგვეძლება საკალათბურთო სამყაროს სენსაციები შევთავაზოთ”.

სუპერლიგა: “ბოლო წლებთან შედარებით სუპერლიგის დონე აშკარად გაზრდილია. ეს ახალგაზრდა მწვრთნელების დამსახურებაა. ჩვენს ჩემპიონატში ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი გამოჩნდა, რომლებმაც გუნდებში ახლებული ხედვა შემოიტანეს. თსუ-ს საკალათბურთო გუნდს წელს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, წელს ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს. ვწუხვარ, ამ ეტაპზე გუნდს, რომ ვერ ვეხმარები, მაგრამ, იმედია პლეი-ოფის მატჩებისთვის შევძლებ მათ დახმარებას”.

რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრები: “ქართველოს ნაკრებშ ყველაზე მეტი 187 მატჩი ჩავატარე. ამ დროის განმავლობაში ბევრი კარგი და ცუდი პერიოდი გვქონია, მაგრამ ნაკრებში საქართველოს მაისურით, ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის თამაში უდიდესი ბედნიერებაა და თითოეული წამით მეამაყება.”

Share