გაუგეთ, გვერდით დაუდექით! – განსაკუთრებული ბიჭი, რომელიც არ უნდა დავკარგოთ

სამწუხარო ამბავი – საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტი ილია კოკაია გარდაიცვალა
ნოემბერი 23, 2021 22:26
“წესით, ლა ლიგაში დებიუტი მალე მექნება” – ინტერვიუ გიორგი გაგუასთან
ნოემბერი 24, 2021 09:35

რამდენიმე დღის წინ, “ზულტე ვარეგემთან” მატჩამდე, ბელგიურმა მედიამ “გენტის” ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც მის კლუბიდან შესაძლო წასვლაზე წერდა.

“გელამკო არენაზე” ჯერ კიდევ ბევრს სჯერა ჩაკვეტაძის პოტენციალის, რომელიც ოთხი წლის წინ აბსოლუტური ტოპ-ტალანტის სახით მოვიდა და თავიდან ამ მოლოდინს ამართლებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მწვრთნელი მასზე იმედებს აღარ ამყარებს. ვინ იცის, იქნებ ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, წასვლასაც კი აპირებს, ვინაიდან მისი კონტრაქტი 2023 წელს სრულდება”, – წერდა ბელგიური გამოცემა.

ალბათ, თითოეულ ჩვენგანს არაერთგზის გვიფიქრია, თუ რა შეიძლება იყოს კონკრეტული ფეხბურთელის კარიერული გზის გაგრძელება. რა თქმა უნდა, შესაძლო ვარიანტები ყოველთვის ბევრია, მაგრამ ამ ყველაფერზე გავლენას ბევრი წინაპირობა იძლევა.

წინა ორ სეზონში მუდმივი ტრავმიანობის და ჩავარდნილი სეზონების შემდეგ, 2021/22 წლების სეზონში ჩაკვეტაძემ ჩემპიონატში 8-ჯერ, კონფერენსლიგაზე 5-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში ერთხელ ითამაშა. ისე ჩანს, რომ მიუხედავად რამდენიმე მიკრო ტრავმისა, 22 წლის ნახევარმცველი ნელ-ნელა საფუძვლიანად ბრუნდება. შესაძლოა ოპტიმალურ ფორმამდე შორია, თუმცა ცხადია, პრაქტიკულად ორწლიანი უქმობა ასე უკვალოდ არ ჩაივლიდა და ბევრი შემთხვევის გახსენაბაც შეგვიძლია, როდესაც ფეხბურთელებმა ამ კონდიციამდე მისვლაც ვერ მოახერხეს.

გიორგი უმატებს და მიმდინარე სეზონში რამდენიმე გამორჩეული პერფორმანსიც გვიჩვენა. 2,5-წლიანი პაუზის შემდეგ თასის გათამაშებაში გოლიც გაიტანა. ასე გაგრძელების და პროგრესის შემთხვევაში, მისი კარიერული განვითარების შესაძლებლობა გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება.

სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, “გელამკო არენას” მკვიდრი კლუბის პოლიტიკა, ფეხბურთელთა შეძენის შემთხვევაში მისი სარფიანად გაყიდვის სურვილი განსაკუთრებულად გამოსჭვივის. ამის რამდენიმე ნათელი მაგალითი არსებობს: 2017 წელს კიევის “დინამოდან” 2 მილიონ ევროდ ნაყიდი იარემჩუკი “გენტმა” სულ ცოტა ხნის წინ, პორტუგალიურ “ბენფიკაში” 17 მილიონად გაყიდა. ასევე, 2017 წელს სლოვაკური “ტრენჩინიდან” მილიონად ნაყიდი სამოელ კალუ, 2018 წელს “ბორდომ” 8.5 მილიონად შეისყიდა. მისი დღევანდელი ერთ-ერთი ლიდერი, ლორან დეპუატრი, სულაც უფასოდ მიყვანილი ჰყავდათ და საჩენპიონო სეზონის შემდეგ, 2016 წელს “პორტომ” 7 მილიონად შეიძინა. ფრანგულ “ლილისთან” ერთად გაჩემპიონებული ჯონათან დევიდი, კლუბისთვის სარეკორდო 27 მილიონ ევროდ გაასხვისეს. კანადელიც დეპუატრის მსგავსად უფასოდ მიყვანილი ჰყავდათ.

გენტზე კარგად არ მეტყველებს, მაგრამ საქართველოს ნაკრების და კვიპროსული “აპოელის” თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია 3 მილიონად შეისყიდეს, თუმცა მისი გასხვისება მხოლოდ 600 000 ევროდ შეძლეს.

წინა საკითხის გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩაკვეტაძის კონტრაქტიც. ქართველს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. იმ შემთხვევაში თუ ბელგიელები კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ შეძლებენ, მეტ-ნაკლებად ღირებულ თანხად გასხვისების ბოლო ვადა 2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდია, ან 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა..

ჩაკვეტაძე ბელგიაში მართლაც ტოპ ტალანტად მივიდა და მისი თამაში ამ სტატუსთან შესაბამისობაში მოდიოდა. იმ შემთხვევაში თუ კლუბს ნახევარმცველის უფასოდ გაშვება მოუწევს, საკუთარ ხელმძღვანელობას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ “გენტში” მის სარფიანად გასხვისებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

არ ვიცით, როგორი იქნება ჩაკვეტაძის საკლუბო კარიერა მომავალში, თუმცა არ მოგვწონს ის, რაც ხდება ნაკრებში.

სანაკრებო კარიერა სხვა ყველაფერთან ერთად, საკლუბო კარიერის განვითარების მხრივაც უმნიშვნელოვანესია. ჩაკვეტაძემ სექტემბრის შეკრებაზე სულ რამდენიმე წუთი ითამაშა. მაშინ სანიოლმა თქვა, რომ ქართველ ფეხბურთელს სრული მხარდაჭერა აქვს და მის დაბრუნებას ყველა ელის; მომენტს, როცა გიორგი შეძლებს და 90 წუთს ჩაატარებს მაღალ დონეზე… ნოემბერში ყველაფერი შეიცვალა: ჩაკვეტაძე სანიოლმა ნაკრებში გამოიძახა, მაგრამ შვედეთთან არ ათამაშა. როცა ვილის ამის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ გიორგის თამაში არ დაუმსახურებია და რომ  უფრო მეტად უნდა იშრომოს. ამის შემდეგ იყო უზბეკეთთან ამხანაგური შეხვედრა, ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ ჩაკვეტაძე იქ მაინც გამოჩნდებოდა მოედანზე, თუმცა 3 დღეში მისი ტრავმის შესახებ შევიტყვეთ და გიორგიმაც შეკრება დატოვა.

ეს ფაქტი ბევრს ეუცნაურა და ზოგმა არც დაიჯერა: ამბობდნენ, გიორგი მწვრთნელს გაუნაწყენდა განცხადების გამოო, მაგრამ ფაქტია, მან რამდენიმე დღეში არც გენტში ითამაშა.

ცხადია, გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს და პასუხისმგებელიც შედეგზე ის არის, მაგრამ… ამ მიდგომამ, განცხადებებმა, წნეხმა, შესაძლოა, ქვეყანას კიდევ ერთი დიდი ტალანტი დააკარგვინოს, გვაქვს კი ამის ფუფუნება?!

გვესმის ჩაკვეტაძისაც… მძიმე 2 წლის შემდეგ დაბრუნება და ფეხბურთის თამაში ისე, როგორც ამას იქამდე აკეთებდი, წარმოუდგენელია. მის მონდომებაში არ გვინდა ეჭვი შეგვეპაროს,  თუმცა, ალბათ სანიოლიც მართალია, როცა ამბობს, რომ ისეთი ფეხბურთელისგან, როგორიც გიორგია, მეტია საჭირო.

ამბობენ, არანაკლები სირთულე “ჯვაროსნების” ახალი ტაქტიკაა, სადაც ჩაკვეტაძის ადგილის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს კიდევ ერთ სირთულეს ჰქმნის. გიორგიმ ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ დაუმტკიცა მისი მნიშვნელობა: გულშემატკივრის სიყვარული მისდამი განსაკუთრებულია და ის ასე მარტივად ვერ გაქრება. ვფიქრობთ, ჩაკვეტაძე ნებისმიერი ფორმაციის საქართველოს ნაკრებს სჭირდება თავისი თვისებებით, ამიტომ უნდა გამოინახოს გზა და ეს ბიჭი საქართველომ არ დაკარგოს. სხვადასხვა მიზეზის გამო წლების განმავლობაში ბევრი ტალანტი დავკარგეთ, დღეს კი ამის უფლება აღარ გვაქვს.

ეჭვგარეშეა, რომ ის პოტენციალი და მრავალმხრივობა, რაც ქართველ ფეხბურთელს გააჩნია, მას განსაკუთრებულს ხდის.

ისღა დაგვრჩენია, გიორგის ჯანმრთელობა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა ვუსურვოთ, ნაკრების შტაბს კი მოვუწოდოთ, რომ მისი მდგომარეობა სრულად გაითავისონ, გვერდით დაუდგნენ და თუ საჭირო გახდა, შეუძლებელიც შეძლონ.

ახლახან ზურაბ ხიზანიშვილმაც განაცხადა, ნაკრები სამედიცინო ცენტრი არ არის და აქ ფეხბურთელებს ვერ ვუმკურნალებთო… რა ვქნათ ჩვენ, ვისაც ბევრი ფეხბურთელი გვახსენდება, რომლისთვისაც ნაკრები სამედიცინო ცენტრიც იყო და – თავშესაფარიც. ისეთებიც გვახსოვს, კლუბში საერთოდ რომ არ თამაშობდნენ და ნაკრებში ეძლეოდათ დრო. გიორგი ჩაკვეტაძე გახდა ნაკრებისთვის პრობლემა?

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩაკვეტაძე ჯერ კიდევ 22 წლისაა, ხოლო 2 წელი ტრავმების გამო გაუცდა და ფსიქოლოგიურად შესაძლოა გაუჭირდეს, მაგრამ ყველას ვალია, მას გვერდით დავუდგეთ: ჩვენიც, თქვენიც! მან ეს დაიმსახურა – მან საქართველოს ნაკრებში თამაშიც დაიმსახურა!

Share