“წესით, ლა ლიგაში დებიუტი მალე მექნება” – ინტერვიუ გიორგი გაგუასთან

გაუგეთ, გვერდით დაუდექით! – განსაკუთრებული ბიჭი, რომელიც არ უნდა დავკარგოთ
ნოემბერი 24, 2021 02:59
“მას ტოპ კლუბში გადასვლის კარგი შანსი აქვს” – მჟავანაძე ვოლკოვზე
ნოემბერი 24, 2021 09:36

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე შესანიშნავად იასპარეზა. უმცროსმა ჯვაროსნებმა ინგლისელ თანატოლებს არაფერი დაუთმეს – მეტიც, ყველა კომპონენტში აჯობეს და 3:2 დაამარცხეს.

2023 წელს საქართველო ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა არ მოუწევს.

ამ ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გიორგი გაგუაა. გაგუა უკვე რამდენიმე წელია ესპანეთში ასპარეზობს. წინასასეზონო მატჩებში მას ალავესის პირველ გუნდშიც მიეცა შანსი, 21-წლამდე ნაკრებში კი სასტარტოს ფორვარდი და ერთ-ერთი ლიდერია. მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.

– პირველ რიგში, ინგლისთან გამარჯვებას გილოცავთ: გუნდთან, რომლის შემადგენლობაშიც ინგლისისა და სხვა ტოპ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ირიცხებოდნენ…
– სტადიონზე მოსული გულშემატკივრისთვის მადლობის თქმით უნდა დავიწყო. მადლობა იმათაც, ვისაც მოსვლა უნდოდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ მოვიდა და სახლიდან გვიგულშემატკივრა.

თავიდანვე ვიცოდით, თუ რაოდენ რთული მატჩი გველოდა, შეკრების დასაწყისიდანვე ვსწავლობდით მოწინააღმდეგის ტაქტიკას და სისტემას. ამასთანავე, შედეგი ჩვენმა ერთობამ და გუნდურობამ მოიტანა.

– ზედიზედ 5 მატჩია ნაკრები არ აგებს, წელიც წაგების გარეშე დასრულდა. ეს ყველაფერი იმ ერთობისა და გუნდურობის დამსახურებაა, რომელიც ახსენე?
– 5 მატჩია წაუგებლად ვასპარეზობთ, რაც, რათქმაუნდა, ძალიან კარგია. ინგლისთან დავამტკიცეთ, რომ ძალიან ერთიანი და გუნდური ნაკრები ვართ.

ეს სამწვრთნელო შტაბის სწორი მუშაობის შედეგიცაა: სწორი სისტემით ვთამაშობთ და ვარჯიშებიც იდეალურად ერგება ყველაფერს.

– სამწვრთნელო შტაბი ახსენე და რამაზ სვანაძეზეც ვისაუბროთ. ფაქტია, მან თავისი სათამაშო სქემა ნაკრებს კარგად მოარგო და ეს შედეგს დებს. რას გვეტყვი მასზე?
– ფაქტი სახეზეა – შედეგები. ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ვიპოვეთ ჩვენი თამაშის სტილი, რომელსაც ვამუშავებთ და მოვყვებით დიდი ხანია, ვამუშავებთ კომბინაციურ თამაშს…

მაგალითად, ინგლისთან გატანილი გოლი მრავალჯერ დამუშავებული მონახაზია. გარდა გოჩოლეიშვილისა და გულიაშვილის ფანტასტიკური მოქმედებებისა, პრესინგი, შეტევის წამოწყება უამრავჯერ გვქონდა დამუშავებული, რამაც მეორე გოლის დროს სწორად იჩინა თავი.

მოედნის გარეთ ფეხბურთელებს მწვრთნელთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ნებისმიერ საკითხზე ვესაუბრებით და ისიც ცდილობს, თავი მაქსიმალურად კომფორტულად გვაგრძნობინოს.

– ინგლისთან მატჩს გულშემატკივარიც დაესწრო. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდისთვის ქომაგობას?
– სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს შორის ჩვენი ოჯახის წევრებიც არიან. ყოველთვის ძალიან დიდი მოტივაციაა საკუთარ ქვეყანაში თამაში –  სტადიონზე მოსული ამდენი გულშემატკივარი რომ გქომაგობს, განსაკუთრბული შეგრძნებაა.

მოედანზე გასვლის მომენტში იმაზე გვეფიქრება, რომ მშობლების თვალში საამაყოები ვართ… ეს ყველაფერი ერთად ძალიან დიდ მუხტს და ენერგიას გვმატებს.

– 2023 წელს საქართველომ ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს სწორედ ამ ასაკში. ფაქტია, ხელწამოსაკრავი გუნდი არ გვყავს. საშინაო კედლების გათვალისწინებით, რა იქნება ნაკრების მიზანი?
– ძალიან ველი 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს. საკუთარ კედლებში თამაში დიდი პლიუსია. ძალიან დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრის. დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყანა გვერდით დაგვიდგება, ჩვენ კი არაფერს დავთმობთ და მაქსიმუმს ჩავდებთ ამ ტურნირში.

მიზანს რაც შეეხება, მინიმუმ ჯგუფიდან გასვლა უნდა დავისახოთ მიზნად, შემდეგ უკვე ინგლისის დონის გუნდები შეგვხვდებიან. უკვე დავამტკიცეთ, რომ ინგლისთან და ამ დონის გუნდებთან ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

– ალავესში წინასასეზონო მატჩებში, პირველ გუნდთან ერთად იყავი. როგორი სიტუაციაა დღეს კლუბში? თუ გაქ კომუნიკაცია პირველი გუნდის მწვრთნელთან?
– ალავესში საკმაოდ კარგად მიმდის ყველაფერი. ზაფხულში წინასასეზონო შეკრება პირველ გუნდთან გავატარე: გავიტანე, საგოლე გადაცემაც მივითვალე…

მთავარ მწვრთნელს ჩემს მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს. ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც მეორე გუნდის გამორჩეულ ფეხბურთელებზე საუბრობდა, ჩემზე ძალიან დადებითად ისაუბრა. სწორედ აქედან გამომდინარე მაქვს მოლოდინი, რომ სულ მალე ლა ლიგაში დებიუტი მექნება და იმედი მაქვს, გავამართლებ გაცემულ ავანსებს.

Share