“არის ინტერესი, მაგრამ გუნდის შეცვლაზე არ ვფიქრობ” – ინტერვიუ ვლადიმერ მამუჩაშვილთან

“მივმართავ მათ გაუფრთხილდნენ საკუთარ იმიჯს” – მურთაზ დაუშვილი
დეკემბერი 6, 2021 21:17
გიორგი მამარდაშვილი Top-10 მეკარეს შორისაა და 8 მილიონად შეაფასეს
დეკემბერი 7, 2021 11:32

საქართველოში საფეხბურთო სეზონი სრულდება. დარჩა თასის ფინალი, რომელშიც ქუთაისში წყალტუბოს “სამგურალი” “საბურთალოს” დაუპირისპირდება.  ასევე ჩასატარებელია პლეი-აუტის მატჩები.

ეროვნული ლიგის გამარჯვებული ბათუმის “დინამო” გახდა. ზედიზედ ორჯერ ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, შავი ზღვისპირელები ნანატრ საჩემპიონო ფარს ისტორიაში პირველად დაეუფლნენ. ბათუმის “დინამო” სეზონის სტარტზევე გათამაშების აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა და როგორც მათ ჰიმნშია, მართლაც “შავი ზღვიდან დანაბერი ქარივით” ყველას აჯობეს და დამსახურებულად დაიკავეს პირველი ადგილი.

გია გეგუჩაძეს კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს და სწორედ ამან განაპირობა წარმატება. თუმცა ბათუმელთა რიგებში იყო რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი, რომლებსაც მართლაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ და საჭირო მომენტში შეეძლოთ თამაშის საკუთარ თავზე აღება. ერთ-ერთი მათგანი 24 წლის ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილია. ლადომ 35 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. მამუჩაშვილი უნივერსალური ფეხბურთელია და ასეთი მოთამაშის გუნდში ყოლა მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა. იყო შემთხვევები, როდესაც ის მარჯვენა მცველის პოზიციაზეც ირჯებოდა და საკმაოდ კარგადაც. წლევანდელ სეზონში კარგი თამაშის გამო, იგი ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახა და ათამაშა კიდეც.

Qomagebi.ge ვლადიმერ მამუჩაშვილს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– ლადო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ჩემპიონობას. ბათუმის “დინამო” არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. მოგვიყევით თქვენი ემოციების შესახებ?– სიტყვებით ძალიან რთულია იმის გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობთ. ფაქტობრივად, ეს ერთი წელი მთელი ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობდა და ჩემპიონობაც ყველამ ერთად ვიზეიმეთ. ორი დღე ბათუმში დღესასწაული იყო და მარტო ამისთვის ღირდა ის შრომა, რაც ჩვენ ამ ჩემპიონობისთვის გავიღეთ. რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს დღეები არასდროს დამავიწყდება.

– ბათუმის “დინამოს” ღირსებას 2018 წლიდან იცავთ. ორჯერ გახდით ვიცე-ჩემპიონები და განვლილ სეზონებში ცოტა იმედგაცრუებებიც იყო. კლუბთან ერთად განვლილი გზა რომ გაიხსენოთ?
– არ ვიცი გარედან როგორ ჩანს, მაგრამ ეს წარმატება მარტივად არ მოსულა და ამას ძალიან ბევრი შრომა ახლდა თან. ყველა გადადებული ვიყავით, რომ მივსულიყავით იმ მიზნამდე, რომლისკენაც სამი წელი მოვდიოდით. წინა სეზონებში იყო იმედგაცრუებაც, ბოლო ტურებში ქულებს უაზროდ ვკარგავდით, მაგრამ გაზრდისთვის ესეც მნიშვნელოვანი იყო. იმედგაცრუებას ყოველთვის მოსდევს სიხარული და ასეც მოხდა. წინა სეზონებში დაშვებულ შეცდომებზე ბევრი ვისწავლეთ და წელს ბოლო ტურებში იგივე შეცდომები უკვე აღარ დავუშვით.

– სეზონის სტარტზევე “დინამო” ჩემპიონატის გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა და გულშემატკივარი თქვენგან მხოლოდ ჩემპიონობას ელოდა. ეს ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხი ხომ არ იყო, თუ პირიქით, უფრო დიდი მოტივაცია და მუხტი მოგცათ?
– რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ასეთი წნეხის ქვეშ თამაში, რადგან წლევანდელ სეზონში ერთადერთი დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ ჩემპიონობა იყო. მეორე ადგილზე რომ გავსულიყავით და სიტყვაზე თასი მოგვეგო, ან თუნდაც კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ გავსულიყავით და ჩემპიონატი ვერ მოგვეგო, ალბათ მაინც არადამაკმაყოფილებელ შედეგად ჩაითვლებოდა. მით უმეტეს, ყველამ კარგად იცის, თუ როგორი საოცარი გულშემატკივარი ჰყავს ბათუმის “დინამოს”, მათგან როგორი მუხტი მოდის და არ გვსურდა მათთვის იმედები გაგვეცრუებინა. უფლის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა და ბათუმელებს უდიდესი სიხარული მივანიჭეთ.

– გულშემატკივარი ახსენეთ და არ შეიძლება მათზე არ ვისაუბროთ. ამ ჩემპიონობაში მათი წვლილიც ძალიან დიდია…
– პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მივულოცავ მათ ამ ნანატრ ჩემპიონაობას. ჩვენს უმაგრეს ფანკლუბ “პირატებს” ვულოცავ ამ ჩემპიონობას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც მოვიდა ჩვენს საგულშემატკივროდ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირა. მათგან საოცარი მუხტი მოდიოდა და ყოფილა კიდეც თამაშები, რომელიც მართლა გულშემატკივრისგან წამოსულმა მუხტმა მოგვაგებინა. მაგალითად, “თელავთან” ბოლო წრის თამაშს გავიხსენებ, როცა ქომაგებმა ისეთი ატმოსფერო შექმნეს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ბოლო ენერგია მოვიკრიბეთ მოსაგებად. მართლა მეთორმეტე მოთამაშეა ჩვენი გულშემატკივარი და დიდი მადლობა მათ ამ ერთად განვლილი გზისთვის და ვპირდებით, რომ ბათუმის “დინამო” ამაზე არ გაჩერდება და წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გვაქვს.

– განვლილი სეზონიც რომ შევაფასოთ. სად ჰქონდა ბათუმის “დინამოს” შედარებით რთული პერიოდები?
– ჩვენი გუნდისთვის ყველაზე რთული პირველი წრე გამოდგა, რადგან საშინაო მატჩების ჩატარება გორში გვიწევდა. საკუთარ ქალაქში თამაში და ვარჯიში რომ არ გიხერხდება, ძალიან რთულია, მით უმეტეს, ჩემი აზრით, ეროვნულ ლიგაში თუ ვინმეს ჰყავს გულშემატკივარი, ეს ბათუმის “დინამოა” და მათ გარეშე თამაში რთული იყო და თავიდან ქულებიც დავკარგეთ, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდა, ბათუმშიც დავბრუნდით და სეზონიც ისე დავასრულეთ, როგორც ბათუმს და აქაურ ხალხს ეკადრება.

– გარდა ჩემპიონატისა, ბათუმის “დინამომ” წელს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზა და საკმაოდ ნორმალურად. სამწუხაროდ, გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხა. რა დააკლდა ბათუმის “დინამოს” თურქული “სივასპორის” ბარიერის დასაძლევად?
– ძალიან ბევრი მიზეზი იყო. ალბათ, ერთ-ერთი მთავარი გამოუცდელობა, რადგან ამ ფორმაციის ბათუმის “დინამომ” პირველად ითამაშა ევროსარბიელზე. შარშანაც ვითამაშეთ “ბერ შაავას” წინააღმდეგ, მაგრამ იმის შემდეგ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი წავიდა, ბევრი მოვიდა და გუნდისთვის ეს პირველი გასვლა იყო ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ,. “ტრე პენესთან” და “ბატესთან” კარგი თამაში ვაჩვენეთ და მოვიგეთ კიდეც, “სივასპორთან” გადაღლილებიც ვიყავით, რადგან იმ პერიოდში კვირაში სამი მატჩის გამართვა მოგვიწია და ეს ყოველთვის რთულია.

– წლებია ქართველი გულშემატკივარი ევროსარბიელზე წარმატებულ გამოსვლას ელის. თქვენი აზრით, რომელ რგოლში სჭირდება გაძლიერება ბათუმის “დინამოს” იმისთვის, რომ ევროტურნირებზე წარმატებულად გამოვიდეს?
– კონკრეტულად, რომელ სათამაშო რგოლში სჭირდება ჩვენს გუნდს გაძლიერება, ეს მწვრთნელების პრეროგატივაა და ამაზე მე გამიჭირდება პასუხის გაცემა. ვფიქრობ, თვითონ გუნდი უნდა გავიზარდოთ ყველა ერთობლივად. მეც მაქვს გარკვეულ სათამაშო კონდინციებში მოსამატებელი და ასე უნდა ფიქრობდეს თითოეული ფეხბურთელი. არასდროს უნდა დავკმაყოფილდეთ საკუთარი თავით, მუდამ განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ და ასე შედეგიც უკეთესი იქნება.

– ლადო, საკმაოდ წარმატებული სეზონი გქონდათ და ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგე. სეზონის დასრულების შემდეგ, სხვა კლუბებიდან, მათ შორის უცხოურიდან, თუ არის დაინტერესება?
– არის რამდენიმე კლუბიდან ინტერესი, მაგრამ მე ბათუმის “დინამოსთან” კიდევ ერთი წელი მაკავშირებს და ჯერჯერობით გუნდის შეცვლაზე არ ვფიქრობ. ცოტა ხანი დავისვენებ და მალევე შევუდგები მომდევნო სეზონისთვის მზადებას. კლუბის შეცვლას არ განვიხილავ, რადგან მსურს ბათუმის “დინამოსთან” ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიო.

– ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშეთ და რომ გვითხრათ რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისური გაცვიათ და მოედანზე გადიხართ. ასევე, ვილი სანიოლის შესახებ რას იტყვით?
– რთულია იმ ემოციის გადმოცემა, მართლა უნდა გამოცადო ეს გრძნობა, რომ გაიგო, თუ რას ნიშნავს და რა ბედნიერებაა, როდესაც შენი ქვეყნის ფორმა გაცვია და მოედანზე საქართველოსთვის გადიხარ სათამაშოდ. ყველა ასაკობრივი ნაკრები მაქვს ნათამაშები, მაგრამ ეროვნულ გუნდში თამაშს ვერაფერი შეედრება.

– ბოლოს, რას ეტყვით ბათუმელ გულშემატკივრებს?
– ბათუმელ გულშემატკივრებს მადლობას ვეტყვი კიდევ ერთხელ და მათ ვპირდები, რომ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, თავს არ დავზოგავ, რომ გუნდმა უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს.
მათ ვპირდებით, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო მეტ გამარჯვებებს მოიპოვებს, მათთან ერთად რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მათ გარეშე ეს ყველაფერი არ იქნებოდა.

Share