[ექსკლუზივი] “უკვე კარიერის დასრულებაზე უნდა ვფიქრობდე, მაგრამ…” – ინტერვიუ გურამ კაშიასთან

გიორგი ჩაკვეტაძე ტალინის “ფლორას” სასტარტოდან შეუტევს
დეკემბერი 9, 2021 20:58
🔴 LIVE “გენტი” 🆚 “ფლორა” – ჩაკვეტაძე სასტარტოშია!
დეკემბერი 9, 2021 21:07

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ჯგუფში მე-4 ადგილზე დაასრულა. წლის ბოლოს სტუმრად კოსოვოსთან (2:1), ხოლო შინ შვედეთთან (2:0) და უზბეკეთთან (1:0) ზედიზედ სამი მატჩი მოვიგეთ.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ გურამ კაშიას გამორჩეული სეზონი ჰქონდა. ბრძოლა, ჟინი, თავდადება – ის, რასაც გულშემატკივარი ფეხბურთელისგან ითხოვს, გურამ კაშიას ყოველ მატჩში ეტყობოდა.

სეზონი თბილისის ლოკომოტივში დაიწყო, შემდეგ კი ვლადიმირ ვაისის “სლოვანში” გადავიდა, რომელთან ერთადაც კონფერენსლიგაზე თამაშობს, პაოკ-თან კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და ბოლო მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარა. მასთან Qomagebi.ge-მ ექსკლუზიურინ ინტერვიუ გუშინ ჩაწერა. გვითხრა, რომ თავს უკეთ გრძნობს, დღეიდან კი უკვე ვარჯიშსაც განაახლებდა.

გამორჩეული სეზონის ფონზე, კაშია ჩვენს საიტზე “წლის საუკეთესო ფეხბურთელის” ჯილდოსთვისაც იბრძვის. მისთვის ხმის მიცემა აქ შეგიძლიათ, მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ნაკრების ვიცე-კაპიტანთან.

– დაიწერა, რომ კორონავირუსი დაგიდასტურდა. დღეს როგორ გრძნობ თავს და როდისთვის უნდა ელოდოს გულშემატკივარი დაბრუნებას?
– დიახ, დამიდასტურდა კორონავირუსი. საკმაოდ მარტივ ფორმებში გადავიტანე, ალბათ იმიტომ, რომ ვაქცინირებული ვიყავი, რაც ძალიან დამეხმარა. სახლში ყოველდღე ვვარჯიშობ. თვითიზოლაციის ბოლო დღე მაქვს, ხვალიდან გუნდთან ერთად შევუდგები ვარჯიშს.

ვლადიმირ ვაისმა თქვა, გურამ კაშია ნამდვილი პროფესიონალია და უმისობა ძალიან გვეტყობაო… დაგასახელა ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად, ვისთანაც უმუშავია. საინტერესოა, თავად გურამ კაშია რას იტყვის ვლადიმირ ვაისზე და როგორ დაგვიხასიათებს მას, მასთან მუშაობას.
– ძალიან დიდი ხანია, რაც ვლადიმერ ვაისს ვიცნობ და მასთან ვმუშაობ. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. ძალიან გამოცდილია, იცის როგორ გამოიღოს ჩემგან მაქსიმუმი შედეგი, იცის როგორ მომამზადოს, რა უნდა მითხრას. როდესაც საჭიროა, მაკრიტიკებს კიდეც. ასეთ გარემოში მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

როდესაც კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა და 34 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონატში გადავედი, ვაისმა მომცა საშუალება ისევ ევროპაში დავბრუნებულიყავი. ამიტომ ვაისი ჩემთვის მამასავითაა და ძალიან მადლიერი ვარ მისი, რომ მომცა საშუალება მოედანზე ჩემი თავი ბოლომდე გამომევლინა.

აუცილებლად უნდა გკითხო ბოლო სანაკრებო პაუზაზე. ოქტომბერ-ნოემბერი სექტემბრისგან ძალიან განსხვავებული იყო. რა იყო ამის მთავარი მიზეზი? მხოლოდ ტრავმირებული ფეხბურთელები?
– თუ სექტემბრის თვეს არ ჩავთვლით, დადებითად შემიძლია შევაფასო წლევანდელი სანაკრებო წელი.

კი, სექტემბერში ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდა და ჩვენნაირი ნაკრებისთვის, სადაც თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, ეს ძალიან რთულია. იმედია, მომავალი ციკლისთვის ყველა ჯანმრთელად ვიქნებით.

ნაკრებმა ბათუმშიც და გორშიც გულშემატკივრის წინ ითამაშა. რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის როლი ნაკრებისთვის?
– ფაქტია, რომ გულშემატკივარს ძალიან დიდი ძალა აქვს ნაკრებისთვის, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის. იგი უდიდეს მოტივაციას აძლევს გუნდს. ისინი იმხელა როლს თამაშობენ ფეხბურთში, რომ გულშემატკივრებით “გოლიათის” დამარცხებაც შესაძლებელია, რასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით თუნდაც ესპანეთთან… შვედეთს მოვუგეთ.

ჰოლანდიაში ვიტესის გულშემატკივარი შენს სახელს და გვარს წლების განმავლობაში სკანდირებდა. ბოლო პერიოდში ეს საქართველოს ნაკრების მატჩებზეც ხდებოდა…
– კი, ვიტესში შეჩვეული ვიყავი ამ შეძახილს. საქართველოში კი პირველად ესპანეთის წინააღმდეგ მატჩის დროს გავიგონე. თუ რამე სასიამოვნო შეიძლება იგრძნო ფეხბურთში, სწორედ ეგ ემოციაა. იმ მომენტში ყველაზე ამაყი ვიყავი.

სპორტში ყველაზე დიდი მიღწევაა, როცა შენს შრომას გულშემატკივარი აფასებს. ეს ყველაფერი მაძლიერებს და მოტივაციას მმატებს. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ.

კარიერის განმავლობაში არაერთ მწვრთნელთან მოგიწია მუშაობა. ჩვენთვის საინტერესოა, რას გვეტყვი ვილი სანიოლზე.
– ყველა მწვრთნელი ერთმანეთისგან განსხვავდება, ყველა მწვრთნელს თავისი წესები, სისტემა და ხედვა აქვს. ვილიც თავისებური ადამიანია. მასთან დაძაბული არ ხარ.

სანიოლთან ურთიერთობის დამყარება არ გამჭირვებია. ვცდილობ, მაქსიმალურად გავუგო და მივხვდე რა უნდა. ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვართ, რადგან ჯერ საკმარისი თამაში ნაკრებში არ გვქონია. კიდევ უფრო მეტი დროა საჭირო, რომ ერთმანეთს უკეთ გავუგოთ, გაიგოს ყველა ფეხბურთელის მონაცემები და ა.შ.

სლოვანი – ადაპტაცია ახალ კლუბში საკმაოდ მალე გაიარე და მალევე იქეცი ერთ-ერთ ლიდერად. რის ხარჯზე მოახერხე ადაპტაციის ასე სწრაფად გავლა შენთვის ახალ ქვეყანაში?
– ჩემს ასაკში უკვე ადაპტაცია ძალიან მიადვილდება. ისედაც ძალინ კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ახალ გუნდთან ურთიერთობის დამყარება არ მიჭირს.  რა თქმა უნდა, ახალ გუნდს, მწვრთნელს და ფეხბურთელებს უნდა დაუმტკიცო შენი სიძლიერე, რასაც ყოველთვის ვცდილობ.

თავად ქვეყანა და ქალაქი როგორ მოგწონს?
– ძალიან კარგი ქალაქია, შუაგული ევროპაა. საცხოვრებლად იდეალური ადგილია. საცობები არ არის, გადაადგილება მარტივია, ამინდები კარგია.

სიმართლე გითხრათ, დიდად “ტურისტი” არ ვარ, სახლში ყოფნა მირჩევნია. ვარჯიშის შემდეგ უმეტესად დროს სახლში ვატარებ და ამ მხრივ, ძალიან კომფორტული ქალაქია.

აუცილებლად უნდა გკითხო ლოკომოტივზე. ბევრი იწერებოდა, რომ მაშინ მოლაპარაკებებში თბილისის დინამოც იყო. რატომ გადაწყვიტე კარიერის გაგრძელება ლოკომოტივში და რა მოგცა ამ კლუბში გატარებულმა პერიოდმა?
– ლოკომოტივში უბრალოდ ვვარჯიშობდი და ვარჯიშის პროცესში ჩამომიყალიბდა კარგი ურთიერთობა გუნდთან, ხელმძღვანელობასთან, ფეხბურთელებთან და ისე მოხდა, რომ იქ დავრჩი. ეს გუნდი ძალიან დამეხმარა ფორმის აღდგენაში, რისთვისაც მადლობელი ვარ.

დინამოს რაც შეეხება, იყო მოლაპარაკებები, მაგრამ ალბათ, კომუნიკაციის პრობლემის გამო, იქ გადასვლა არ გამოვიდა. თუმცა დინამო ჩემთვის ნომერ პირველია, იქ გავიზარდე, იქ ჩამოვყვალიბდი ფეხბურთელად.

კარიერის დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა საინტერესოა, თუ გაქვს გადაწყვეტილი, სად გსურს კარიერის დასრულება?
– ასაკიდან გამომდინარე კარიერის დასრულებაზე უკვე უნდა ვიფიქრო, მაგრამ ფიზიკურად და მენტალურად თავს ისე ვგრძნობ, ასე 26-27 წლის ასაკშიც არ ვიყავი. ვცხოვრობ ფეხბურთით, ვცდილობ ვიყო პროფესიონალი, ჯანსაღი საკვებით ვიკვებო, მაქსიმალურად ვივარჯიშო, ბევრი წყალი დავლიო…

ჯერ არ მიფიქრია, რომელი იქნება ჩემი ბოლო გუნდი. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო ფეხბურთი და იმედია, ჯანმრთელობა ამაში ხელს შემიწყობს.

რას აპირებ კარიერის დასრულების შემდეგ? თუ გიფიქრია ამაზეც…
– კარიერის შემდეგ ვაპირებ რამდენიმე წელი ვისწავლო საფეხბურთო მენეჯმენტი. რამდენიმე კურსი ჰოლანდიაშიც გავიარე. რა თქმა უნდა, თავს ვხედავ სპორტში, ფეხბურთში, მაგრამ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი მწვრთნელობა თუ სპორტულ მენეჯმენტში ყოფნა. ფეხბურთით ვცხოვრობ და საკუთარ თავს მხოლოდ ფეხბურთში ვხედავ.

და ბოლოს, რას ეტყვის გურამ კაშია „ქართული სპორტის ქომაგებს“, რომლისთვისაც ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია?
– ვეტყოდი, რომ გჯეროდეთ ჩვენი, გუნდის, ქვეყნის. თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, რომ გუნდი წარმატებული იყოს. როგორც ბოლო თამაშებში გვედექით მხარში და როგორი მუხტი მოგვეცით, ასე გააგრძელეთ. ეს მუხტი ყოველთვის გვჭირდება და გვაძლიერებს.

ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვეცდებით თითოეულ თამაშში 100%-ით დავიხარჯოთ და ჩვენს ქვეყანას წარმატება მოვუტანოთ. ყველა თქვენგანი თითოუელ ფეხბურთელს მართლა ძალიან გვეამაყებით.

Share