[ექსკლუზივი] “მინიმუმ გამოძახებას ვიმსახურებდი… ახლა ესტონეთს ველი” – ბეგლარიშვილი

ანორთოსისს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება – კვიპროსელები სერბეთში ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოლებენ
დეკემბერი 9, 2021 18:45
შოთა მიშველიძის სამი ვერცხლი მსოფლიოზე
დეკემბერი 9, 2021 20:33

რამდენიმე დღის წინ ესტონეთის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშება დასრულდა.

5 დეკემბერს საჩემპიონო ჯგუფის ბოლო ტურში ტალინის “ფლორა” ზაქარია ბეგლარიშვილის ტალინის “ლევადიას” მასპინძლობდა. ამ შეხვედრას ფინალი ნამდვილად შეგვიძლია დავარქვათ: ლევადია 77 ქულით პირველ ადგილს იკავებდა, ფლორა კი მთავარ კონკურენტს ერთი ქულით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა და ლევადიამ ესტონეთის ჩემპიონობა მეათედ იზეიმა.

წინა წლებში ფლორას ლიდერმა ბეგლარიშვილმა მეორე ტალინური გუნდის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 32 შეხვედრაში 24 გატანილი გოლის გარდა, მან თანაგუნდელებს 18-ჯერ გაატანინა და ჩემპიონატის ბომბარდირ ჰენრი ანიერს ორი გოლით ჩამორჩა.

QOMAGEBI.GE ზაქარია ბეგლარიშვილს დაუკავშირდა და გულშემატკივრისთვის საინტერესო რამდენიმე თემაზე გაესაუბრა. ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქეა და ეროვნული ნაკრებიდან მოწვევასაც ელის. როგორც გვითხრა, ესტონეთის ნაკრებში დებიუტი მალე ექნება…

– ლევადიასთან ერთად წელს ჩემპიონობა იზეიმე. როგორ შეაფასებდი წლევანდელ გათამაშებაში კლუბის და შენს გამოსვლას?
– წლევანდელ სეზონს დადებითად შევაფასებდი. ეს ჩემთვის ახალ გუნდში პირველი სეზონი გახლდათ. როდესაც ლევადიას შევუერთდი, ჩემი მთავარი მიზანი ყველა ტიტულის მოგება იყო. ჩვენ მოვიგეთ თასის გათამაშება: ფინალში ფლორას 1:0 მოვუგეთ, ჩემპიონატშიც ერთი ქულით გავასწარით.

ინდივიდუალურადაც ცუდი სეზონი არ მქონია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონობა იყო.

– უკვე დიდი ხანია ესტონეთის ჩემპიონატში თამაშობ. წლევანდელ კონფერენსლიგის გათამაშებაში შენი ყოფილი გუნდი ფლორაც ასპარეზობს. რას იტყვი ჩემპიონატის დონეზე? ძალიან განსხვავდება საქართველოსგან?
– განსაკუთრებულად წელს მაღალი დონის ჩემპიონატი იყო. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ჩემპიონატს ისეთი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, ვინც სხვადასხვა ქვეყნის გუნდებში თამაშობდნენ. ამ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი სწორედ ფლორაში მივიდა, რამდენიმეც “პაიდეს” შეუერთდა. მაგალითად, “ლივერპულის” ყოფილი მცველი რაგნარ კლავანი, რომელიც წინა წელს სერია A-ში “კალიარიში” გამოდიოდა. ამით ჩემპიონატის დონე გაიზარდა, დაძაბულობამაც იმატა.

ფლორას ფეხბურთელთა ნახევარზე მეტი ესტონეთის ნაკრების ფეხბურთელები არიან, კონფერენსლიგის ჯგუფშიც გავიდნენ და სახლში ბელგრადის “პარტიზანი” 1:0 დაამარცხეს, ასევე ორჯერ “ანორთოსისთან” ფრედ ითამაშეს.

– საკმაოდ ბევრი ტიტული გიმაგრებს ზურგს: ესტონეთის 5-გზის ჩემპიონი, თასის გათამაშება მეოთხედ მოიგე. ასევე ჩემპიონატის წლის ფეხბურთელი და ნახევარმცველის პრიზიც გაქვს მოგებული. როგორ ფიქრობ, რატომ ვერ მოახერხე უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში თავის დამკვიდრება?
– 2019 წელს, როდესაც უნგრეთის ჩემპიონატში გადავედი, საკმაოდ სახელოვან და ძლიერ ბუდაპეშტის “ჰონვედში” თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ძირითადის ფეხბურთელად ვითვლებოდი, შეკრებაზე ყველა თამაში სასტარტოდან ვითამაშე. ვხვდებოდი, რომ ყველაფერი კარგად იყო და უნგრეთის ჩემპიონატში თამაშსაც შევძლებდი, რომელიც ესტონეთის ჩემპიონატზე ბევრად ძლიერი ჩემპიონატია, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე, რის გამოც ნახევარი წელი გამიცდა.

– შენი სტატისტიკა მუდმივად საოცრად ჟღერდა, მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 32 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანე და თანაგუნდელებს 18-ჯერ გაატანინე. ამდენი ხნის განმავლობაში, რა იყო მთავარი მოტივაცია?
– ჩემი მთავარი მოტივაცია ფეხბურთის სიყვარულია, მინდა, ყოველ წელს რომელ ჩემპიონატშიც არ უნდა ვთამაშობდე, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. როდესაც კლუბის წარმატებაზე ფიქრობ და და ყველაფერს აკეთებ გუნდის წარმატებისთვის, ინდივიდუალურადაც ყველაფერი კარგად გამოგდის.

– სულ ცოტა ხნის წინ ესტონეთის მოქალაქეობა მიიღე. საქართველოს ნაკრებში შანსი არ მოგეცა, თუმცა დღემდე დებიუტი არც ესტონეთის ნაკრებში გქონია. ამის ფონზე საინტერესოა, ჯერ კიდევ ფიქრობ საქართველოს ნაკრებზე თუ მთლიანად ესტონეთზე ხარ კონცენტრირებული?
– უკვე ესტონეთის მოქალაქე ვარ, FIFA-ს რეგლამენტის მიხედვით აქამდე თამაში არ შემეძლო. სწორედ ეს იყო ესტონეთის ნაკრებში ჩემი ართამაშის მიზეზი. ველოდები, რომ მალე მომეცემა ესტონეთის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა.

გავიხსენოთ შენი საუკეთესო სეზონი, როდესაც ნაკრებში შანსს ელოდი, მაგრამ არ გამოგიძახეს…
– მახსოვს, როდესაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო, ზაფხულის სანაკრებო შეკრებაზე ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები გამოიძახა. იმ დროს ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, ფლორასთან ერთად ჩემპიონატს ვლიდერობდით, ევროპა ლიგაზეც გავიტანე და ვფიქრობ, მინიმუმ გამოძახებას მაინც ვიმსახურებდი, რათა ჩემი თამაში ენახა და თუ ჩემს შესაძლებლობებს წარმოვაჩენდი, შანსი მოეცა.

– როგორც ვიცი, კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გაკავშირებს. არის თუ არა სხვა გუნდებიდან ინტერესი და იმის შანსი, რომ სხვა ჩემპიონატში გიხილოთ?
– ლევადიასთან კონტრაქტი ნამდვილად 2022 წლამდე მაკავშირებს. შემოთავაზებებს რაც შეეხება, ოფიციალურად კონტაქტზე არავინ გამოსულა და კონკრეტულ პირობებზეც არცერთ გუნდთან მისაუბრია.

ფეხბურთის თამაშს კიდევ ბევრი წელი ვაპირებ, სიყვარული და სიამოვნება რასაც თამაშის დროს ვღებულობ ძალიან დიდია. იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, უფლის წყალობით დიდი ხნით გავაგრძელებ თამაშს.

Share