დღეს, ფოთში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ის უკანასკნელი საგზური გათამაშდა. ადგილობრივი “კოლხეთი” რუსთავის “რუსთავს” დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა რუსთავში ფრედ 0-0 დასრულდა და ფოთელები “ფაზისზე” გამარჯვებისთვის გამოვიდნენ.თუმცა, მატჩის ძირითად დროში გამარჯვებულის ვინაობა არ გამოვლენილა და დამატებითი 15 წუთიანი ტაიმები დაინიშნა. შეხვედრის მე-100 წუთზე რუსთაველები კურმაშვილის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც 4 წუთში წითელი ბარათიც მიიღო, ხოლო 110-ე წუთზე ზურაბ ჭავჭანიძემ საკუთარ კარში გაიტანა გოლი და შეხვედრაც 1-1 დასრულდა. შესაბამისად სტუმრად გატანილი გოლის წყალობით რუსთაველებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნეს.
მატჩის ბოლოს კი განაწყენებული ფოთელი გულშემატკივრების რისხვა, მთავარი არბიტრის, ირაკლი ხერხაძისა და მისი ასისტენტების მიმართ იყო მიმართული. ქომაგების აზრით, მსაჯი მიკერძოებულად მსაჯობდა და თავიანთი გუნდის წაგება სწორედ ამ გადაწყვეტილებებმა განაპირობა. იყო ბოთლების სროლა, გინება და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც, თუმცა პოლიცია საქმეში დროულად ჩაერთო და საბედნიეროდ ყველაფერი მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით დასრულდა.
წყარო :TV PORTAL – პორტალ არხი